Baby Bag

„ბავშვის 27-ლარიანი საკვები რამოდენიმე დღეა 32 ლარი გახდა, თითქმის ყოველ კვირაში ემატება ფასები,“- მშობლები ბავშვთა კვების სიძვირეზე საუბრობენ

„ბავშვის 27-ლარიანი საკვები რამოდენიმე დღეა 32 ლარი გახდა, თითქმის ყოველ კვირაში ემატება ფასები,“- მშობლები ბავშვთა კვების სიძვირეზე საუბრობენ

პედიატრმა, ნუტრიციოლოგმა ნინო თოთაძემ ბავშვის სრულფასოვანი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარებისთვის სწორ კვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება:

„სრულფასოვანი კვება ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბავშვთა საკითხს, როგორც მშობლები, ასევე ექიმები განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთ. 0-დან 2 წლამდე სრულფასოვანი კვების მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია ბავშვის ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარებისთვის. ბუნებრივია, რეკომენდაციას ვუწევთ სწორედ იმ პროდუქტს, რომელიც არის ასაკობრივად შესაბამისობაში, არის ქარხნულად დამუშავებული წესით. იქ თითოეული მარცვალი დამუშავებულია ისე, რომ ასაკისთვის იყოს მისაღები. ის გამდიდრებული უნდა იყოს აუცილებლად ისეთი ვიტამინებით, რომელიც იმავე ასაკობრივი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია. სახლის პირობებში ზუსტად ასეთი ფორმატით მომზადება შეუძლებელია.“

ქართველი მშობლების ნაწილს ბავშვების სრულფასოვნად გამოკვების პრობლემა აქვს, რაც საბავშვო საკვების მაღალი ღირებულებითა და მშობლების დაბალი შემოსავლებით არის განპირობებული. ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ მშობლებმა ბავშვის კვების სიძვირის პრობლემაზე ისაუბრეს.

ნათია ჩხიროძე, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვის მშობელია, აცხადებს, რომ ბავშვის საკვების ფასი ყოველკვირეულად იმატებს:

„ბავშვს ალერგია აქვს და ჯერ კიდევ სჭირდება ხელოვნური კვება. ეს 27-ლარიანი საკვები რამოდენიმე დღეა 32 ლარი გახდა. თითქმის ყოველ კვირაში ემატება ფასები. უკვე ბავშვის გაჩენა და მოვლა არის ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული.“

„ბავშვი მოიხმარს რძის შემცველ პროდუქტს, იმის გამო, რომ ჩემი რძე არ მიიღო. სამი დღის განმავლობაში არ ჰყოფნის და ყოველ მესამე დღეს გვინდა 40 ლარი თანხა, რომ ბავშვი გამოვკვებოთ. არის საშუალო ხარისხის და არ არის მარგებელი ბავშვისთვის. მშობელს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყოველ მესამე დღეს ბავშვი რძის პროდუქტით გამოკვებოს,“ - აღნიშნა კიდევ ერთმა მშობელმა თეონა მჟავიამ.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ღეროვანი უჯრედების გადანერგვა მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა“ - ინტერვიუ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელთან

„ღეროვანი უჯრედების გადანერგვა მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა“ - ინტერვიუ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელთან
როდესაც დიაგნოზი იცი ან მის გარკვევას ელოდები, როდესაც მკურნალობას იწყებ ან ოპერაციისთვის ემზადები, კლინიკაში მისული პროფესიონალიზმთან და თანამედროვე სტანდარტებთან ერთად, ექიმის კაბინეტში გულისხმიერებას ეძებ, ადამიანს, რომელიც შენს ჯანმრთელობაზე იზრუნებს და ემოციურ - ინფორმაციულად ზუსტად გაჩვენებს გასავლელ გზას. სწორედ ასეთი გარემო დახვდა ​MOMSEDU.GE-ს „ნიუ ჰოპიტალსში“ სტუმრობისას, სადაც ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელ თამარ კვაჭაძესთან ერთად საინტერესო ინტერვიუ მოგიმზადეთ. საუბრის თემა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაა, გამოგვყევით, ვიწყებთ:

- თამარ, რომ გვითხრათ, რას გულისხმობს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და რას წარმოადგენს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები?

თამარ კვაჭაძე: „ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებასა და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედებით ჩანაცვლებას გულისხმობს. ძვლის ტვინი ერთადერთი ქსოვილია, რომელიც ღეროვანი უჯრედების, ანუ CD34 + -ის ყველაზე მეტ რაოდენობას შეიცავს. ღეროვანი უჯრედი კი მთელი ცხოვრების მანძილზე მონაწილეობს ქსოვილებისა და ორგანოების განვითარებასა და რეგენერაციაში. მათი გამრავლების, დაყოფის და დიფერენცირების შედეგად პერიფერიულ სისხლში ვიღებთ თეთრ უჯრედებს – ლეიკოციტებს, წითელ უჯრედებს – ერითროციტებს და შემადედებელი ფუნქციის მქონე უჯრედებს – თრომბოციტებს.”

- რომელი დაავადებების მქონე პაციენტებს სჭირდებათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია?

თამარ კვაჭაძე: „მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები, ონკოლოგიური პათოლოგიები, მიელომური დაავადება, აპლასტიური ანემია თუ სხვა. განსხვავებული დაავადებების დროს, ჩვენების მიხედვით სხვადასხვა სახის ტრანსპლანტაციის ჩატარებაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: 1. აუტოლოგიური, რომლის დროსაც საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ხდება; 2. ალლოგენური, ანუ სხვისი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და 3. ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. აუტოლოგიურ გადანერგვას ვატარებთ, თუ პაციენტს ძვლის ტვინი არ აქვს დაზიანებული და საშუალება გვაქვს, ისე დავასტიმულიროთ ის, რომ საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადასხმა მოხდეს.“

- როგორ ხდება პაციენტის მომზადება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის?

თამარ კვაჭაძე: „ვიწყებთ წინა სატრანსპლანტაციო კვლევებით, რომელიც სრული სპექტრის ლაბორატორიულ და ვირუსულოგიურ გამოკვლევებს, ინსტრუმენტულ კვლევებს - მათ შორის : კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული (MRT) და სხვა მაღალტექნოლოგიური კვლევები.“

გეტყვით, რომ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი „ნიუ ჰოსპიტალსში“ 2019 წელს გაიხსნა და მას შემდეგ 20-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა ტრანსპლანტაცია; კლინიკისთვის ეს საკმაოდ საამაყო მაჩვენებელია, რაშიც დიდი წვლილი სწორედ თამარ კვაჭაძის გუნდს მიუძღვის.

უმნიშვნელოვანესია ექიმების, ექთნებისა და ექთნის დამხმარეების კვალიფიკაცია. გუნდი იტალიის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადამზადებული, ცენტრი დაკომპლექტებულია საუკეთესო ჰემატოლოგებით და აქვს მხარდაჭერა ევროპის წამყვანი სპეციალისტებისგან.

- პროცედურულად რამდენად რთულია ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და რა ტექნოლოგიურ მხარდაჭერას საჭიროებს?

თამარ კვაჭაძე: „ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არ არის ოპერაცია, რაც ხშირად ეშლებათ. ესაა უჯრედების შემცველი მასის გადასხმა ცენტრალურ ვენაში. ჩვენ არ გვჭირდება საოპერაციო და ანესთეზია, თუმცა გვჭირდება სტანდარტების უმკაცრესი დაცვით მოწყობილი დეპარტამენტი, რომელიც იზოლირებულ პალატებს, წნევის, ჟანგბადისა და ტენიანობის გაჯერების ხარისხის მექანიზებულ კონტროლს მოიცავს. თითოეული დეტალს, მათ შორის სარემონტო მასალების ხარისხსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“

საგულისხმოა, რომ ტრანსპლანტაციის შემდეგ, პაციენტს სისხლის ანალიზი ეცვლება. არის პერიოდი, როდესაც ლეიკოციტების რაოდენობა ნულს უტოლდება, მის გარეშე კი ორგანიზმს არ აქვს დამცველობითი უნარი და ნებისმიერი ბაქტერიისა თუ ვირუსის მიმღებია. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა გარემოში თითოეული დეტალის ხარისხს. აღნიშნული ნულოვანი ფაზა, ვიდრე ძვლის ტვინი დაიწყებს ფუნქციონირებას, არის ყველაზე კრიტიკული მომენტი და ამ პერიოდში პალატების სტანდარტების დაცვის პარალელურად უმნიშვნელოვანესია მოვლის ხარისხიც.

- როგორ ხდება ძვლის ტვინის მოგროვება-დამუშავება და შენახვა „ნიუ ჰოსპიტალსში“?

თამარ კვაჭაძე: „მაგალითად, აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის დროს შემდეგი ეტაპები გამოიყოფა: მობილიზაცია, როდესაც პაციენტს სპეციალური მედიკამენტის ინექცია უტარდება, რაც ღეროვანი უჯრედების მობილიზებას, ძვლის ტვინიდან პერიფერიულ სისხლში გადმოსვლას იწვევს.

კოლექცია, როდესაც ცენტრალური ვენის კათეტერიდან ვენური სისხლის ცირკულირება სპეციალურ აპარატში ხდება, შედეგად კი ღეროვანი უჯრედები გამოიყოფა.

მიღებული უჯრედების შესანახად დამუშავება სისხლის ბანკში ხდება.

კრიოპრეზერვაცია - ღეროვანი უჯრედების გაყინვა (-180C) და შესაბამის პირობებში შენახვა.

- ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, სრულად ხდება პაციენტის გამოჯანმრთელება?

თამარ კვაჭაძე: „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წარმატება დამოკიდებულია პაციენტის დიაგნოზსა და დაავადების სიმძიმეზე, ასევე ჩატარებული ტრანსპლანტაციის სახეობასა და ბევრ სხვა პარამეტრზე: დონორის შეთავსების მაჩვენებელზე, ტრანსპლანტაციის შემდგომ ადრეულ და გვიან გართულებებზე, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დანერგვამდე, ჩატარებული თერაპიის მიუხედევად, პაციენტთა ნაწილი იღუპებოდა. ამ ეტაპზე, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა.“

R.

წაიკითხეთ სრულად