Baby Bag

„ბავშვის 27-ლარიანი საკვები რამოდენიმე დღეა 32 ლარი გახდა, თითქმის ყოველ კვირაში ემატება ფასები,“- მშობლები ბავშვთა კვების სიძვირეზე საუბრობენ

„ბავშვის 27-ლარიანი საკვები რამოდენიმე დღეა 32 ლარი გახდა, თითქმის ყოველ კვირაში ემატება ფასები,“- მშობლები ბავშვთა კვების სიძვირეზე საუბრობენ

პედიატრმა, ნუტრიციოლოგმა ნინო თოთაძემ ბავშვის სრულფასოვანი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარებისთვის სწორ კვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება:

„სრულფასოვანი კვება ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბავშვთა საკითხს, როგორც მშობლები, ასევე ექიმები განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთ. 0-დან 2 წლამდე სრულფასოვანი კვების მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია ბავშვის ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარებისთვის. ბუნებრივია, რეკომენდაციას ვუწევთ სწორედ იმ პროდუქტს, რომელიც არის ასაკობრივად შესაბამისობაში, არის ქარხნულად დამუშავებული წესით. იქ თითოეული მარცვალი დამუშავებულია ისე, რომ ასაკისთვის იყოს მისაღები. ის გამდიდრებული უნდა იყოს აუცილებლად ისეთი ვიტამინებით, რომელიც იმავე ასაკობრივი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია. სახლის პირობებში ზუსტად ასეთი ფორმატით მომზადება შეუძლებელია.“

ქართველი მშობლების ნაწილს ბავშვების სრულფასოვნად გამოკვების პრობლემა აქვს, რაც საბავშვო საკვების მაღალი ღირებულებითა და მშობლების დაბალი შემოსავლებით არის განპირობებული. ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ მშობლებმა ბავშვის კვების სიძვირის პრობლემაზე ისაუბრეს.

ნათია ჩხიროძე, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვის მშობელია, აცხადებს, რომ ბავშვის საკვების ფასი ყოველკვირეულად იმატებს:

„ბავშვს ალერგია აქვს და ჯერ კიდევ სჭირდება ხელოვნური კვება. ეს 27-ლარიანი საკვები რამოდენიმე დღეა 32 ლარი გახდა. თითქმის ყოველ კვირაში ემატება ფასები. უკვე ბავშვის გაჩენა და მოვლა არის ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული.“

„ბავშვი მოიხმარს რძის შემცველ პროდუქტს, იმის გამო, რომ ჩემი რძე არ მიიღო. სამი დღის განმავლობაში არ ჰყოფნის და ყოველ მესამე დღეს გვინდა 40 ლარი თანხა, რომ ბავშვი გამოვკვებოთ. არის საშუალო ხარისხის და არ არის მარგებელი ბავშვისთვის. მშობელს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყოველ მესამე დღეს ბავშვი რძის პროდუქტით გამოკვებოს,“ - აღნიშნა კიდევ ერთმა მშობელმა თეონა მჟავიამ.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლამდე ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 90 680 ბავშვი იყო, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%-ია.

2020 წელს ათი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაინფიცირდა 23 470 ბავშვი, 2021 წელს 9 თვის მანძილზე კი 67 210 ბავშვი.

ინფიცირებული ბავშვების 51,3% მდედრობითი სქესის იყო, ხოლო 48,7% - მამრობითი.

18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს, რაც ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობის 8,5%-ია, მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა - 0,1%-ია.

წყარო: ​ncdc.ge

წაიკითხეთ სრულად