Baby Bag

დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს - განათლების მინისტრი

დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს - განათლების მინისტრი

​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმაზე. მისი განცხადებით, სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდების ერთდროულად არსებობა არაეფექტური და არამიზნობრივია:

„არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის დაწესებული ცენტრალიზებული სკოლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები ერთად - ამგვარი დუბლირება არ გვხვდება არც ერთი ქვეყნის განათლების სისტემაში.

2018 წელს OECD ექსპერტებმა ჩაატარეს საქართველოში განათლების შეფასების სისტემების კვლევა. მის შუალედურ ანგარიშში მოცემულია, რომ სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდების ერთდროულად არსებობა არაეფექტური და არამიზნობრივია,“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრმა საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ტესტის ჩაბარების შედეგები არ ასახავდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების ფლობის მიმართულებით მოსწავლეთა რეალურ შესაძლებლობებს:

ცენტრალიზებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დაწესებით მოსწავლეების დასწრება არათუ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით, გაუარესდა. მოსწავლეები მოწყდნენ საგაკვეთილო პროცესებს და ცენტრალიზებული გამოცდებისთვის მოსამზადებლად დაიწყეს სკოლის გარეთ მომზადება. რეალურად, მთავარი აქცენტი ბოლო კლასებში გადავიდა გამოცდის ჩაბარებისთვის მზადებაზე და არა სასწავლო პროცესზე, რამაც დაასუსტა სკოლა, როგორც ინსტიტუცია და რეალურად, სკოლამ ვეღარ შეძლო მისი მთავარი ფუნქციის - გამართული სასწავლო პროცესის წარმართვა ისე, როგორც ეს ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული.

ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო შეფასებებში ისევ დაბალია და ეროვნული შეფასებების შედეგების მიხედვით მოსწავლეების უმეტესობას დაბალი კომპეტენციები აქვს ადასტურებს, რომ სასკოლო გამოსაშვები გამოცდების შემოღებით განათლების სისტემაში არაფერი შეცვლილა სწავლა-სწავლების გაუმჯობესების კუთხით,“ - დასძინა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს სასკოლო შეფასებების რეფორმირება იმისათვის, რომ შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული:

„კერძოდ, სადიაგნოსტიკო ხასიათის ცენტრალიზებული შეფასებები განხორციელდება მე-6 და მე-10 კლასის - ორი მნიშვნელოვანი სასწავლო საფეხურის ბოლოს სხვადასხვა საგანში. მისი მიზანი იქნება მეტი ინფორმაციის მიწოდება სკოლებისთვის მოსწავლეების ცოდნის, მოსწრების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და უკეთესად დაიგეგმოს სწავლა-სწავლების პროცესი. სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას კი უზრუნველყოფს თავად სკოლა,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

​„განათლების რეფორმა გაუაზრებელი და მოუფიქრებელია“ - სერგი კაპანაძე

​„ჩვენი პრიორიტეტია შეიქმნას ქართული სკოლის მოდელი...“ - რას გულისხმობს განათლების რეფორმა

​„წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ“

​ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება


შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 22 ივლისიდან დაიწყება

მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 22 ივლისიდან დაიწყება
მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსი მასწავლებლების ტესტირება გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება.
უწყების ცნობით, გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილი იქნება სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილი იქნება პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

წაიკითხეთ სრულად