Baby Bag

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მთავარია აზროვნება და არა ის, რასაც შემდეგ მიაღწევ. ამ აზროვნებაშია თვითონ შედეგი,“ - ზურაბ კიკნაძე

პროფესორი ზურაბ კიკნაძე შედეგზე ორიენტირებული სწავლების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სწავლას საბოლოო შედეგი საერთოდ არ აქვს და პროცესს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება:

„რა არის მთავარი თამაშში: შედეგი თუ პროცესი? თუ მარტო შედეგია მთავარი, მაშინ ჩვენ თამაშის ყურება საერთოდ არ გვინდა. თამაშის შედეგი ყოველთვის შეიძლება მომწვდეს და გავიგო, მაგრამ მთავარია, რომ თამაში ვნახო. ახლა ძალიან გავრცელებულია პედაგოგიკაში შედეგზე ორიენტირებული სწავლება, ეს არის დამღუპველი, ეს არის ძირის გამომთხრელი სწავლის პროცესისა საერთოდ. შედეგი სწავლის პროცესს არასდროს არ აქვს. მამა გიორგიმ წარმოთქვა ქრისტეს სიტყვა: „მე ვარ გზა.“ ქრისტე არ ამბობს, რომ მე ვარ თვითონ და ჩემთან მოდით. გზაა მთავარი. ქრისტესთან ჩვენ შეიძლება ვერ მივიდეთ ვერასდროს. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ადამიანი არის მგზავრი, მარადიული მგზავრი, რომელიც აქაც მოგზაურობს და იქაც იმოგზაურებს, ის ვერასდროს მისწვდება ღმერთს, იმიტომ, რომ ის შეუცნობელია. ნიკოლოზ კუზელმა თქვა: „ღმერთის შეცნობა მხოლოდ მისი შეუცნობლობით შეიძლება.“ ღმერთი შეცნობილია იმიტომ, რომ ის არის შეუცნობელი. ეს გასაგებად ცოტა რთულია, მაგრამ მთავარი რა არის? მთავარი გზაა.“

ზურაბ კიკნაძის თქმით, შემეცნების გზა ადამიანმა ყურადღებით უნდა გაიაროს, არ უნდა ეცადოს მის სწრაფად გარბენას:

„როდესაც ჩვენ მივდივართ რომელიმე პუნქტში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ იქ მივიდეთ. ეს არის ჩვენი მიზანი, იქ გველოდებიან, იქ დავისვენებთ, მაგრამ ეს გზა არ არის გამოსარიცხი, იმიტომ, რომ ამ გზაზე ჩვენი გამოცდილებაა, ამ გზას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს გზა არის ჩვენი, ჩვენთვის არის მოცემული. ეს გზა არ უნდა გავირბინოთ, არ უნდა ვიძინოთ ამ გზაზე. ეს გზა არის შემეცნების გზა.“

„აქ არის მერაბ მამარდაშვილის წიგნი „საუბრები ფილოსოფიაზე.“ მამარდაშვილის არცერთი ლექცია არ მთავრდება დასკვნით. მას არ აქვს რაღაც შედეგი, რომ აი, ჩვენ ეს აღმოვაჩინეთ. მისი ფილოსოფია არის აზროვნების პროცესი. მთავარია აზროვნება და არა ის, რასაც შემდეგ მიაღწევ. ამ აზროვნებაშია თვითონ შედეგი. სწავლის პროცესშიც, როდესაც რაღაცას ვსწავლობთ, მაგ. მათემატიკას, საბოლოო პუნქტამდე ვერასდროს მივალთ. მთავარია, რომ ეს პროცესი გავიაროთ. შეიძლება ბევრი რამ დაგვავიწყდეს. მე დამავიწყდა, აღარ მახსოვს ნიუტონის ბინომი, მაგრამ ის პროცესი, რაც გავიარე, დალექილია ჩემს ცნობიერებაში და ამან მე რაღაც შემძინა,“ - აღნიშნავს ზურაბ კიკნაძე.

წყარო: ​აზროვნების აკადემია

წაიკითხეთ სრულად