Baby Bag

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფუმფულა და ნაკეცებიანი ბავშვები ყველას უყვარს, თუმცა ეს არ არის კარგი მომავალში მათი ჯანმრთელობისთვის,“ - ნინო ხელაძე

„ფუმფულა და ნაკეცებიანი ბავშვები ყველას უყვარს, თუმცა  ეს არ არის კარგი მომავალში მათი ჯანმრთელობისთვის,“ - ნინო ხელაძე

ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ბავშვებში ჭარბწონიანობის გამომწვევ მიზეზებსა და ბავშვის ჯანმრთელობაზე მისი ნეგატიური გავლენის შესახებ ისაუბრა:

„ყველა მშობელს ჰგონია, რომ თუ ბავშვი არის ფუმფულა მცირე ასაკიდან, ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელია. ეს ასე არ არის. ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი არის, თუ რამდენად მოიმატებს ბავშვი წლამდე ასაკში წონას. ფუმფულა და ნაკეცებიანი ბავშვები ყველას უყვარს, თუმცა მათი ჯანმრთელობისთვის მომავალში ეს კარგი არ არის.“

​ნინო ხელაძის თქმით, ბავშვისთვის ტკბილეულის მიღება აუცილებელი არ არის და მის ჯანმრთელობას ზიანი არ ადგება, თუ ბავშვი ტკბილეულს არ იღებს:

„ზოგიერთ ბებია-ბაბუას და მშობელს ჰგონია, რომ შეუძლებელია ბავშვი ტკბილეულის გარეშე იყოს. ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვს რაღაც დაუშავდება, რომ მისი ჯანმრთელობისთვის ეს აუცილებელია. ეს ასე არ არის. ტკბილი ყველასთვის სასიამოვნო მისაღებია, თუმცა სწორი არჩევანის გაკეთება უნდა იცოდეს მშობელმა და ბავშვმაც. რა თქმა უნდა, ჯანსაღი არჩევანი არ არის ტკბილეული კარამელის ან შოკოლადის სახით. ​ჯანსაღი არჩევანია, რომ ბავშვმა ტკბილეული მიიღოს ხილის, ჩირის, თხილეულის სახით.“

„რომ წარმოვიდგინოთ 8-9 წლის ასაკის ბავშვი, ფიზიკურად საშუალოდ დატვირთული. ამ ასაკის ბავშვს დღიურად ეკუთვნის 1400 კალორიამდე დღეში. შოკოლადის ბატონში 550 კალორიამდე შედის. ეს ბავშვის დღიური კალორაჟის 40 %-მდეა. აქ მარტო კალორაჟშიც არ არის საქმე. ეს არის ცარიელი კალორიები. მასში გემოვნებითი თვისებების გარდა სასარგებლო ძალიან ცოტა რამ არის,“ - აღნიშნულ საკითხზე ​ნინო ხელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად