Baby Bag

„რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ კლინიკური პრაქტიკიდან...“ - ექიმი ნანა გეგეჭკორი ომიკრონის შტამის შესახებ საუბრობს

„რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ კლინიკური პრაქტიკიდან...“ - ექიმი ნანა გეგეჭკორი ომიკრონის შტამის შესახებ საუბრობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ომიკრონის შტამის შესახებ კლინიკური პრაქტიკიდან დაგროვილ გამოცდილებას გვიზიარებს:

„რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ კლინიკური პრაქტიკიდან და სულ ცოტახნით შემოვიხედავ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი თანხვედრაშია ომიკრონზე ამ წუთისთვის დაგროვილ ოფიციალურ ინფორმაციასთან.

ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს სრულად აცრილებში.

ომიკრონი შედარებით ადვილად გადასატან დაავადებას იწვევს ასევე დაბალი რისკის ჯგუფის პაციენტებში.

იგივეს ვერ ვიტყვით არავაქცინირებულ პაციენტებზე მაღალი რისკის ჯგუფიდან. ყოველდღიურად რასაც ჰოსპიტლებში ვუყურებთ, ჩვენთან სწორედ ამ კატეგორიის პაციენტები სხვდებიან, უმეტესად აუცრელები, ქრონიკული დაავადებების გრძელით სიით.

ხშირად მესმის უსაფუძვლო არგუმენტი, რატომ ვითვლით ჰოსპიტალში სხვა პრობლემებით მოხვედრილ კოვიდ დადებით პაციენტებს ზოგად სტატისტიკაში. ეს მოსაზრება მცდარია, რადგან, ხშირად სწორედ კოვიდ-19 ხდება პაციენტებისთვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტრიგერი და ზოგიერთ შემთხვევაში მათთვის ეს ფატალურად მთავრდება.

მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ წუხანდელ მორიგეობაზე მიღებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტების შემთხვევები (ცხადია, ამას მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის ვაკეთებ და არანაირად არ შეიძლება ერთ წერტილში მირებული გამოცდილების ზოგად დასკვნად გამოყენება) მათ უმრავლესობას პარალელურად კოვიდ-19 დაუდასტურდა. ნიუ იორკში დღეის მონაცემებით ომიკრონმა პრაქტიკულად ჩაანაცვლა სხვა შტამები. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, აქაც ომიკრონთან გვქონდა საქმე. არც ერთ მათგანს არ აღენიშნებოდა ფილტვების მძიმე დაზიანება, სავარაუდოდ ანთებითი პროცესი რომელიც ნებისმიერ ვირუსულ დაავადებას ახლავს თან, მითუმეტეს კოვიდ-19, გახდა იმის საფუძველი რომ მათი ქრონიკული კორონარული პრობლემები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გართულებულიყო. ამ შემთვევაში ვირუსული დაავადება შეიძლება სხვა ქრონიკული დაავადების გამწვავების შესაძლო ტრიგერად განვიხილოთ. იკითხავთ ალბათ, ხომ შეიძლება იგივე მიზეზით სეზონურ რესპირატორულ დაავადებას მოჰყვეს გართულებები. დიახ, შეიძლება, თუმცა მე პირადად არ ვიცი არც ერთი სეზონური ვირუსული დაავადება რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში ამდენ ადამიანს აინფიცირებს. შესაბამისაც, დროის მოკლე მონაკვეთში მოცული მაშტაბები ქმნის პრობლემას.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ რომ რისკის ჯგუფები კვლავაც ძველებურად უნდა დავიცვათ კორონავირუსით ინფიცირებისგან. მიუხედავად იმისა რომ ზოგადად, ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 ნამდვილად არის ბევრად უფრო მსუბუქი და ნაკლები სასიკვდილო რისკის შემცველი დაავადება.

ასევე, პრობლემას ქმნის ომიკრინის უსწრაფესად გავრცელება. ერთდროულად ბევრი ადამიანის ავადობა, თუნდაც გართულებული შემთხვევების უმცირესი პროპორციული წილით, ჯამში, მოკლე დროში ჰოსპიტალიზაციას დრამატულად ზრდის და ჰოსპიტალური სექტორის სერიოზულ გადატვირთვას იწვევს. ამავე დროს, ჯანდაცვის სერვისების მომწოდებლები, ექიმები, ექთნები, ტექნიკური პერსონალი ავადდება უსწრაფესად და პაციენტები ადექვატური დახმარების გარეშე რჩებიან. ამას ვამბობ არა მხოლოდ ლიტერატურაზე დაყრდნობით, არამედ იმის გათვალისწინებით რაშიც ყოველ დღე მიწევს ყოფნა. უკვე შეიქმნა ექიმების და ექთნების სერიოზული დეფიციტი, რაც ჯერ კიდევ არაინფიცირებული პერსონალის სერიოზულ გადაღლას იწვევს. დაღლილი სამედიცინო პერსონალი მეტ ადამიანურ შეცდომასთან პირდაპირ პროპორციულია და არავის ვურჩევ ისეთ პირობებში გახდეს მძიმე პაციენტი როცა მას არასაკმარისად დაკომპლექტებულმა სამედიცინო ჯგუფმა უნდა მოუაროს. სადაც ომიკრონით ინფიცირება პიკს უახლოვდება სწორედ ასეთ მდგომარეობასთან არის ახლოს ჰოსპიტალური სექტორი. ერთ-ერთი მიზეზი პანდემიის პირველი თვეების დრამატულობის იყო არაადამიანური დატვირთვის ზღვარზე მომუშავე სამედიცინო სექტორით წარმოქმნილი პრობლემები. ტექნიკური რესურსის მობილიზება შესაძლებელია დიდი თანხის ინვესტირებით, ადამიანური რესურსის შეუძლებელი. სრულფასოვან ექიმად ჩამოყალიბებას მინიმუმ ერთი ათეული წელი სჭირდება.

რაც შეეხება ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 კლინიკურ მიმდინარეობას, ის ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსულ ინფექციას. ხშირ შემთხვევაში კი მისი ერთადერთი გამოვლინება შეიძლება იყოს ადამიანისთვის უკვე ჩვეული ქრონიკული დაავადების გამწვავება.

ზედმიწევნით ზუსტად აკონტროლეთ თქვენი ქრონიკული პრობლემები. ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და დროულად მიიქიეთ ექიმის ყურადღება ქრონიკული დაავადებების გამწვავების პირველივე ნიშნებისთანავე.

გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაიცავით პრევენციის წესები. თქვენ მარტო არ ხართ ამ სამყაროში. თქვენს ირგვლიც ცხოვრობენ, მგზავრობენ, მუშაობენ ადამიანები ვისთვისაც არათუ კოვიდ-19, უბრალო დაცემინებაც კი შეიძლება სასიცოცხლო საფრთხე აღმოჩნდეს. სწორედ ამ კატეგორიისთვის პანდემია ჯერ-ჯერობით ისევ გამოწვევაა და ჩვენი გონიერებით ახლა ისინი გადავარჩინოთ.

უკვე ვახსენე და გავიმეორებ, ეფექტური ვაქცინებით, სრულად აცრილებისთვის ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 თვისობრივად სხვა დაავადებაა. ის პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

სრულად აცრის გრაფიკი ვარირებს სხვა და სხვა ვაქცინებს შორის.

ვაქცინაციას მკაცრად განსაზღვრული გრაფიკი აქვს და მისი თვითნებურად გადაჭარბება საფრთხეს შეიცავს იმუნიტეტისთვის.

კოვიდ-19-ის ვაქცინაციის იდეალური ვადები, დაავადების დიაგნოსტიკის მეთოდები, მკურნალობის იდეალური მიდგომები თუ პროგნოსტული კრიტერიუმები ჯერაც ბოლომდე გარკვეული არაა, რადგან უამრავი კვლევა მიმდინარეობს ერთდროულად და შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად პროტოკოლები იხვეწება. სწორედ ამითაა განპირობებული ინფორმაციის ხშირი განახლება და არა იმით, რომ მეცნიერება და სამედიცინო სექტორი დაბნეული, არაორგანიზებული ან კონსპირაციებში გახლართულია. პირიქით, მეცნიერების და მედიცინის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი რომ პანდემიის მართვის პროტოკოლები უსწრაფესად იხვეწება და დაავადება უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება ადამიანებისთვის.

გავუფრთხილდდეთ ერთმანეთის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებას,“ - წერს ნანა გეგეჭკორი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად