Baby Bag

შობის ღამის სასწაული - 36 წლის რუსუდან მესხს მეშვიდე საკეისრო კვეთით მეთერთმეტე შვილი შეეძინა

შობის ღამის სასწაული - 36 წლის რუსუდან მესხს მეშვიდე საკეისრო კვეთით მეთერთმეტე შვილი შეეძინა

საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც შობის ღამის სასწაულის შესახებ გვიამბობს. „იმედის კლინიკაში“ უნიკალური საკეისრო კვეთის შედეგად 36 წლის ქალს მეშვიდე საკეისრო კვეთით მეთერთმეტე შვილი შეეძინა:

„შობის ღამის სასწაული! სამშობიარო „იმედის კლინიკაში" უნიკალური საკეისრო კვეთის ოპერაცია ჩატარდა!

7 იანვარს შუაღამისას, დამიანე მესხის დაბადებას სამშობიარო „იმედის კლინიკაში“ ტრადიცულად მრავალჟამიერის გუგუნით შეეგებნენ!

პატარა დამიანე მესხების ოჯახის მეთერთმეტე შვილია, თუმცა მისი დაბადება უნიკალურია, რადგან ის მეშვიდე საკეისრო კვეთის გზით მოევლინა ქვეყანას. 36 წლის რუსუდან მესხს 4 შვილი ფიზიოლოგიური მშობიარობის, ხოლო 7 - საკეისრო კვეთის ოპერაციით გზის ჰყავს გაჩენილი.

რუსუდან მესხის მეან-გინეკოლოგის მაია მჭედლიძის განცხადებით, დედა მშობიარობიდან მეოთხე დღეს ბინაზე გაეწერა, ხოლო ახალშობილი სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო „იმედის კლინიკის“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მიუხედავად, იმისა, რომ ახალშობილი ორსულობის 36-ე კვირაზე, ნაადრევად დაიბადა, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მეშვიდე საკეისრო კვეთის ოპერცია არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც უნიკალური მოვლენას წარმოადგენს!“ - აღნიშნულია პოსტში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირდაპირ ეცე და გლანდები ამოჭრა, ეს არ არის გამოსავალი, იმიტომ, რომ გლანდებს თავისი ფუნქცია აქვს,“ - ოტორინოლარინგოლოგი მიშა ხუჯაძე

ოტორინოლარინგოლოგმა მიშა ხუჯაძემ მწვავე და ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობის მეთოდების შესახებ ისაუბრა. მან ის შემთხვევები აღწერა, რომლის დროსაც ოპერაციის საჭიროება დგება:

„საქართველოში კი არის გავრცელებული, რომ შემოხვალ თუ არა, ყველა ოპერაციას გიკეთებს, თუმცა ეს ასე არ არის. საზღვარგარეთ ძალიან შემცირდა ტონზილიტის ოპერაცია. საქართველოს მოსახლეობისთვის მენტალურად ​რვაჯერ ბავშვი რომ ავად არის, ეს არ არის გამოსავალი. ამერიკაში რვაჯერ თუ არ გაქვს ანგინა, ოპერაციას არ გიკეთებენ. მე უფრო ევროპულ გაიდლაინებს ვენდობი და როდესაც ოპერაცია კეთდება, ეს ეყრდნობა იმას, ევროპული გაიდლაინით რა არის მოწოდებული. ეს არის სამი ანგინა წელიწადში ორი წლის მანძილზე ან 5-6 ანგინა წელიწადში, ჩემთვის ეს საკმარისია.“

მიშა ხუჯაძის თქმით, გარკვეულ შემთხვევებში ქირურგიულ ჩარევაზე უარის თქმა საფრთხის შემცველია:

„როდესაც არის რაღაც გართულებები კარდიოლოგიური, სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებით, რევმატიული პრობლემები, რასაკვირველია, აქ საკითხი არ დგას მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. აქ უკვე საკითხი მიდის ქირურგიაზე. შეიძლება ისეთი ზიანი მივაყენოთ ორგანიზმს, რომ პაციენტი სერიოზულ დაავადებებს შეეჯახოს იმის გამო, რომ ჩვენ არ გავბედეთ ქირურგიული ჩარევა. ​მწვავე ტონზილიტი გამოიხატება სიცხეში, ყელის ტკივილში, ზოგად სისუსტეში და ა.შ. ქრონიკული ანთება, შესაძლოა, ძალიან ნელა, შეუმჩნევლად მიდიოდეს და აზიანებდეს ისეთ სისტემებს, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თირკმლები, შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ანთებები. წლების მანძილზე ის ნელ-ნელა  ღრღნის ორგანიზმს.“

მიშა ხუჯაძემ აღნიშნა, რომ ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილება ექიმმა მხოლოდ საფუძვლიანი მიზეზის ქონის შემთხვევაში უნდა მიიღოს:

„უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, პირდაპირ ეცე და გლანდები ამოჭრა, ეს არ არის გამოსავალი, იმიტომ, რომ ​გლანდებს თავისი ფუნქცია აქვს. თან ოპერაცია მაინც ოპერაციაა, არავის არ სიამოვნებს, არც ქირურგს და არც პაციენტს. კარგი ექიმი არის ის, ვინც იცის, როგორ გააკეთოს ოპერაცია და ძალიან კარგი ექიმი არის ის, ვინც იცის, როდის არ გააკეთოს ოპერაცია. გავრცელებულია აზრი, რომ მოზრდილ ასაკში გლანდის ოპერაცია არ კეთდება. ეს არის აბსურდი. მე გამიკეთებია 70 წლის ქალბატონისთვის ოპერაცია. როდესაც საჭიროა, ოპერაცია უნდა გაკეთდეს. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.“

„გლანდები საჭიროა, თუმცა გლანდების ფუნქციას ასრულებს ასევე ელენთა და კიდევ სხვა პატარ-პატარა ლიმფოიდური ქსოვილები, რომლებიც მთელს ხახაშია მიმოფანტული. არ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანო გლანდი, თუმცა, რასაკვირველია, თავის ფუნქციას ასრულებს. როდესაც გლანდი არის ცუდი, ის უკვე არაფერს არ ასრულებს, ის აფუჭებს. ეს საზღვარი უნდა გავიგოთ, როდის არის გლანდი საოპერაციო. ის მოსაზრება, რომ პირში შევა ჰაერი, გლანდი დაიჭერს, ეს აბსურდია. თუმცა, ლიმფოციტებისა და იმ პატარა უჯრედების შექმნაში, რომლებიც ​იჭერენ და ებრძვიან ჩვენს მტერ პატარა მიკრონაწილაკებს, ძალიან დიდი როლი მიუძღვის გლანდებს,“ - აღნიშნულ საკითხზე მიშა ხუჯაძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად