საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში უმცროსი შვილის - ელის მარიას შესახებ პოსტს აქვეყნებს:
,,მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე!
სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი ხალხის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! თუმცა, დღეს მინდა მიმავალი წლის მთელი სიმძიმე გვერდით გადავდო.
31 დეკემბერი განსხვავებული დღეა. დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ერთნაირად გვიყვარს დიდსა თუ პატარას. ის მხოლოდ საუკეთესო მოგონებებსა და კეთილ სურვილებს აცოცხლებს. ამიტომაც, მინდა მოგილოცოთ განურჩევლად ყველას, რადგან ეს დღე ყველასია - იწყება ახალი წელი და ჩნდება ახალი შანსი შეცვალო, გააუმჯობესო, გააკეთილშობილო! მიდის ძველი წელი და გეძლევა შანსი, რომ განვლილ წელში დატოვო ყველაფერი ის, რაც აქამდე არ ან ცუდად გამოგდიოდა! წარსულში დატოვო მტრობა, შუღლი, დაპირისპირება - ის, რაც განგრევს შიგნიდან და ანგრევს გარეთ შენს ქვეყანას.
ყველას გისურვებთ, ახალი 2022 წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს პირადად თქვენთვის და თქვენი სამშობლოსთვის!
ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება "მთავარი არხის" საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით.
და კვლავ, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. 2022 წელს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველაფერი ისე, რომ ჩვენი შვილები უფრო ლაღები და ბედნიერები გახდნენ!
გილოცავთ! მრავალს დაესწარით!'' - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
როდემდე გაგრძელდება დისტანციური სწავლება? - იხილეთ დოკუმენტი, რომელიც სკოლებს გადაეგზავნათ
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ახალი ბრძანებით, რომელსაც მან ხელი 30 სექტემბერს მოაწერა, ოთხ დიდ ქალაქში VII-XII კლასელებისთვის 29 დეკემბრამდე სწავლა სრულად დისტანციურად გაგრძელდება.
აღნიშნულის შესაბამისი ბრძანება სკოლების დირექტორებს გაეგზავნათ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 1-ლი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ჰიბრიდული მოდელი უნდა გამოიყენონ — I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით.
ბრძანების ზემოთ მოყვანილი ვადები არ ეხება თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის ზოგიერთ სკოლას. მათ დისტანციური სწავლება მხოლოდ გარკვეულ ვადებში უნდა განახორციელონ. კერძოდ:
ქალაქ თბილისის N69, N143, N154, N174, N2, N76, N145, N157, N168, N172, N179, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N163 და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლები — დისტანციურ სწავლება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე იქნება, ხოლო ქალაქ თბილისის N26 საჯარო სკოლაში — 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 7 ოქტომბრამდე.
ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე; ქალაქ ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 ოქტომბრამდე; ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლაში 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 20 ოქტომბრამდე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურად იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 12 ოქტომბრამდე, ხოლო ზუგდიდის N3 საჯარო სკოლაში, სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლაში, სოფელ რუხის საჯარო სკოლაში, სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლაში — 2020 წლის 4 ოქტომბრამდე.
რაც შეეხება აჭარას, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოსწორებამდე დისტანციურად უნდა წარიმართოს.
ბრძანებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ბრძანებაში, როგორც სამართლებრივ დოკუმენტში, ვადა პირობითადაა მითითებული და როგორც კი ახალ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცვლილება დოკუმენტშიც შევა.
,,ეს არ ნიშნავს, რომ სწავლა გადადებულია. სამართლებრივად რაღაც ვადა უნდა ყოფილიყო მითითებული. როგორც კი იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შეიცვლება ვადაც", — აღნიშნეს სამინისტროს პრესსამსახურში.