„ხაჭოს პასკა ძალიან სწრაფად მზადდება. გააკეთებ, დადებ და მზად არის. პასკას ზოგადად 48 საათი და ან მინიმუმ ერთი დღე სჭირდება. ხაჭოს პასკას კი ერთ საათში გააკეთებთ. ინგრედიენტები, რომლებიც დაგვჭირდება, შემდეგია: „800 გრამი ხაჭო, 30%-იანი არაჟანი 200 გრამი, კლასიკური კრემ-ყველი 200 გრამი, 100 გრამი შედედებული რძე, 120 გრამი შაქრის პუდრა, ნაღები 35%-იანი, ცუკატები, კვერცხის გული და მოსართავები.
ხაჭო არის 0 %-იანი, მშრალი. როდესაც გვეჩქარება, სჯობს, ხაჭო მშრალი ავიღოთ. ხაჭო კარგად დავჭყლიტოთ, დავამატოთ არაჟანი.
გამოვიყენებთ მხოლოდ 2 ცალ კვერცხის გულს. კვერცხის გულს ვამატებთ შაქრის პუდრას. ეს ორი ინგრედიენტი კარგად გავხსნათ ერთმანეთში. შემდეგ ვამატებთ შედედებულ რძეს. მიღებულ მასას ვუმატებთ კრემ-ყველს, ვურევთ და ვამატებთ ხაჭოსა და არაჟნის ნაზავს. მიღებული მასა ჩავდოთ მარლაში, რათა ზედმეტი სითხე გამოუვიდეს. შემდეგ მასა გადაგვაქვს ფორმაში, ვაყრით ცუკატებს და ვდებთ საყინულეში, რათა გამაგრდეს. საყინულეში ფორმა უნდა დავტოვოთ 30 წუთის განმავლობაში.
მინანქრის მოსამზადებლად დაგვჭირდება კაკაო, 35%-იანი ნაღები. 15 გრამ კაკაოს ვხსნით 2 კოვზ ნაღებში,ვამატებთ 1 კოვზ შაქრის პუდრას და ნელ ცეცხლზე შევათბობთ, რომ ერთიანი კონსისტენცია მივიღოთ.
საყინულიდან გამოვიტანთ გაყინულ მასას. მოვასხამთ მიღებულ მინანქარს და ხაჭოს პასკა მზად არის,“- ხაჭოს პასკის რეცეპტი ნუცა სურგულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ გაგვაცნო.
წყარო: „უიქენდი“