როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული? - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„შევთანხმდეთ თავიდანვე, ეს ბლოგი არ ეხება 1 წლამდე ასაკის ჩვილს.
წუნიებს ამქვეყნად რა გამოლევს?! ზოგს ხორცი არ უყვარს, ზოგი ბურღულზე ამბობს უარს, თუმცა ყველაზე ხშირად ბოსტნეულისმოძულე პატარების მშობლები მომმართავენ ამ კითხვით, როცა საქმე ჯანმრთელ კვებას ეხება.
კითხვას აუცილებლად მოჰყვება შემოთავაზება - „და იქნებ, ვიტამინები მიგვეცა, რაკი ბოსტნეულს არ ჭამს?“
უპირატესობა სწორედ ბუნებრივ აქტიურ ნივთიერებებს ენიჭება. და თანაც, ბოსტნეულში ვიტამინების გარდა მინერალები, ანტიოქსიდანტები, საკვები ბოჭკოებია და სხვა საჭირო ნივთიერებებია. ეს ნივთიერებები აძლიერებს ბავშვის ორგანიზმს და მრავალი დაავადებისაგან იცავს.
სინთეზური ვიტამინები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება და აუცილებლად ექიმის რეკომენდაციით, მას შემდეგ, რაც დადგინდება, კონკრეტულად რა ჯგუფის ვიტამინი სჭირდება ბავშვს. უმჯობესია, თუ ვიტამინური პრეპარატი ნატურალური ნედლეულისაგან იქნება მომზადებული.
ვნახოთ, რა ადგილი უჭირავს ჯანსაღი კვების პრინციპის მიხედვით ბოსტნეულს დღიურ რაციონში.
„ჩემი თეფშის“ პრინციპი
ეს არის ჯანსაღი კვების უახლესი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს, თუ რა რაოდენობით უნდა იყოს დღის რაციონში სხვადასხვა პროდუქტი
იმისთვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ. გაიდლაინი შემუშავებულია აშშ-ის აგრიკულტურის დეპარტამენტის მიერ 2011 წელს, გასულ წლებში ამავე დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ იქნა კვების პირამიდა, რომელიც საჭირო საკვები პროდუქტების რაოდენობებს თაროების მიხედვით გვიჩვენებდა.
„ჩემი თეფშის“ კონცეფციის მიხედვით, საკვების დღიური მოცულობის 30% პროცენტი ეთმობა ბოსტნეულს, 20% - ხილს, 30% - ბურღულეულს და კიდევ 20% ცილების სხვადასხვა წყაროს - ხორცს, პარკოსნებს, თევზს, თხილეულს.
სანამ სუფრას მიუსხდებით
ბოსტნეულისაგან მომზადებული კერძის მომზადებაში ბავშვიც დაიხმარე, რა თქმა უნდა, ასაკის გათვალისწინებით. ნუ დაავალებ ადრეული ასაკის ბავშვს ბოსტნეულის დაჭრას ტრავმატიზმის თავიდან ასაცილებლად. კერძის მომზადებში შეტანილი უმცირესი წვლილიც ხშირად საკმარისია კერძის მოსაწონებლად.
რით დავიწყოთ?
საყოველთაოდ ცნობილია, მშობლების მაგალითს პატარასთავის დიდი ძალა აქვს. ამიტომ აუცილებლად აჩვენე ადრეული ასაკიდანვე, როგორი სიამოვნებით მიირთმევ ბოსტნეულისაგან მომზადებულ კერძებს. აღნიშნე, რომ გიყვარს ბოსტნეული.
იმისათვის, რომ ბავშვი დარწმუნდეს ოჯახის წევრების არჩევანში, ყოველთვის ეცადე, რომ ერთდროულად ისადილო. სუფრის ყველა წევრის სწორი არჩევანი შენი ჯიუტი პატარასთვის უხშირესად გადამდებია.
სადილის დროს აუცილებლად ისაუბრე ბოსტნეულის სარგებლიანობაზე ბავშვისათვის გასაგებ ენაზე.
აუცილებლად წაახალისე პატარა წუნია ბოსტნეულის კერძის მიღების შემდეგ.
ყურადღება მიაქციე კერძის გარეგნულ მხარეს და სერვირებას. პატარებსაც უყვართ ლამაზად გაფორმებული საკვები.
შეთავაზე ბოსტნეულისაგან მომზადებული კერძი წასახემსებლად, კვებათა შორის. ის შეიძლება იყოს უმი სახით ან გემრიელი, ჯანმრთელი სოუსით შეზავებულიც. მაგალითად, იოგურტზე ან მაწონზე მომზადებული ბერძნული ძაძიკი კარგი მაგალითია. გამოიყენე შენი ფანტაზია და უნარები!
არ არის აუცილებელი, ბოსტნეული მხოლოდ ცალკე იყოს წარმოდგენილი, მისი შერევა ხორციან კერძთან, პასტასთან და სხვა ინგრედიენტებთან შეიძლება.
ყველაზე დიდი შეცდომები
რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, პატარა უარს ამბობს ბოსტნეულზე და შენ მორჩილად ჩამოსვამ მას სკამიდან, ხელებს საბოლოოდ დაიბან და იტყვი - „ვერ შევაყვარე და რა ვქნა?!“ ეს შეცდომაა.
ადრეულ ასაკში პატარას გემოვნების ჩამოყალიბებას 10 და მეტი მცდელობა სჭირება. ამიტომ ნუ დაიზარებ და წუნიას წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ჯიუტად შესთავაზე ბოსტნეულისაგან მომზადებული კერძები.
არავითარ შემთხვევაში შეიძლება ბავშვის დასჯა იმის გამო, რომ ბოსტნეულის კერძი არ მიირთვა - „შენ არ მიიღებ დესერტს, რადგან ბროკოლის სუპი არ მიირთვი“, არ ამართლებს. შესთავაზე ხელახლა სხვა დროს, კიდევ და კიდევ.
დედისა და ექიმის მრავალწლიანი პირადი გამოცდლებით შემიძლია გითხრა - შენი მონდომება ამაოდ არ ჩაივლის.
მთავარია, მოთმინებით შეუდგე საქმეს და რაც ადრე, მით უკეთესი. და მთავარი - რაც ადრე შეაყვარებ პატარას ბოსტნეულს, მით უკეთესი. თუ ამ რჩევებს უკვე მოზრდილი ბავშვების „გამოსასწორებლად“ მიჰყვები, ვეჭვობ, დიდ წარმატებას მიაღწიო,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.
წაიკითხეთ სრულად