Baby Bag

რატომ უნდა გავასინჯოთ ჩვილებს ოსპი?

რატომ უნდა გავასინჯოთ ჩვილებს ოსპი?

რატომ უნდა გავასინჯოთ ჩვილებს ოსპი, - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავზაობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ჩვენს წელთაღიცხვამდე დიდი ხნით ადრე ოსპი სამხრეთ-დასავლეთ აზიაში გავრცელებული საკვები პროდუქტი იყო. ევროპაში მას ხშირად ღარიბთა ხორცს უწოდებდნენ მარტივი მიზეზის გამო - თავისი შემადგენლობის წყალობით ძალიან სასარგებლოა და თან ხანგრძლივად ანაყრებს.

  • ოსპი ცილით მდიდარი პარკოსანია. მის შემადგენლობაში არსებული ცილა ადვილად აითვისება ორგანიზმის მიერ
  • ​შეიცავს ვიტამინების და მინერალების სასარგებლო მიქსს - მის შემადგენლობაშია A, C, D, K, B ჯგუფის ვიტამინები
  • მდიდარია თუთიით, სპილენძით, მაგნიუმით, სელენით, კალიუმით, მანგანუმით - რაც აუცილებელია ბავშვის სწრაფადმზარდი ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის.
  • რკინისა და ფოლატების მაღალი შცველობის გამო სასარგებლოა ანემიის პროფილაქტიკისათვის
  • ​შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორსა და კალციუმს, რაც ძვლოვანი ქსოვილის სიმყარეს უზრუნველყოფს

  • ​ოსპი არ ითვისებს ნიტრატებს, მძიმე მეტალებს და ტოქსინებს, ამიტომ ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია
  • ​დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რამაც შესაძლოა გაზების წარმოქმნა და პატარა მუცლის პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ოსპის დიდი რაოდენობით მიღება, მით უფრო 1 წლამდე ასაკში სასურველი არ არის. ამავდროულად უჯრედისი მის შემადგენლობაში დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ლობიოში და ამ მხრივ უფრო დამზოგველი მოქმედება აქვს.

როდიდან მივცეთ?

ოსპი ლობიოსთან შეადრებით ადვილად მოსანელებელი პარკოსანია, ამიტომ მისი ჩართვა საბავშო მენიუში 8-9 თვიდანაა შესაძლებელი.

რასთან ერთად შეიძლება მოვამზადოთ ოსპი?

ის კარგად ეხამება სხვა ბოსტნეულს, მაგალითად, სტაფილოს, პომიდორს, კარტოფილს, ყვავილოვან კომბოსტოს.
არ უნდა მისცეთ სხვა პარკოსნებთან კომბინაციაში. მაგალითად, ბარდასთან და ლობიოსთან ერთად.
იმ დღეს, როცა პატარას ოსპს მიართმევთ, ხორციანი სადილი შეგიძლიათ სულაც არ მოუმზადოთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ოსპი უჯრედისის გაზრდილ რაოდენობას შეიცავს, ამიტომ მისი მიცემა არ ღირს სხვა მსგავსი თვისების პროდუქტთან, მაგალითად, ჭარხალთან ერთად.

რომელი ფერის?

ოსპი ფერადი პარკოსანია. ბავშვებისათვის უმჯობესია წითელი ფერის შეარჩიოთ, რადგან ის უფრო ადვილადმოსანელებელია და გამოიყენება სუპებსა და პიურეებში შეგიძლიათ და თანაც იხარშება 20 წუთში.
ყველაზე დიდხანს ყავისფერ ოსპს სჭირდება ხარშვა, სრული მზადყოფნისათვის 35-40 წუთია საჭირო.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულის პიურე ოსპით ჩვილისათვის 8 თვიდან?

1 ცალ საშუალო ზომის დაჭრილ სტაფილოსა და კარტოფილს ხარშვისას ჩაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ოსპი. მოხარშეთ სრულ მზადყოფნამდე. ათქვიფეთ. გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით. დაუმატეთთ 1 ჩ.ზეითუნის ზეთი,“ - წერს თამარ

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არსებობს უკეთესი იმუნოსტიმულატორი, ვიდრე არის ბავშვის მოფერება,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

„არ არსებობს უკეთესი იმუნოსტიმულატორი, ვიდრე არის ბავშვის მოფერება,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვებში სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„კვება არ არის მარტო საკვების მიღება. კვება არის პროცესი, ​კვებასთან ერთად აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. ის არ უნდა იყოს წახალისების მექანიზმი. როდესაც კვება ხდება წახალისების მექანიზმი, სტაფილოს ხომ არ აჩუქებთ ბავშვს?! აძლევთ შოკოლადს. პედიატრიაში არის გამოთქმა: „ონლაინ ძალადობა.“ ონლაინ ძალადობაა, როდესაც თქვენ იმისთვის, რომ ბავშვმა ჭამოს, ჩაურთავთ ტელევიზორს ან მისცემთ ტელეფონს. თქვენ ძალადობთ თქვენს საკუთარ შვილზე.“

ქეთი ნემსაძემ განმარტა, თუ რა არის ნატურალური და ბუნებრივი გზა სწორი კვების დასაწყებად:

„რა არის ნატურალური, ბუნებრივი გზა სწორი კვების დაწყების? ეს არ არის მარტო ძუძუთი კვება. ეს არის კ​ანის კანთან კონტაქტი, მოფერება და ძუძუს სიყვარულით მიწოდება. ბავშვებს უვითარდებათ კორტიზოლური ტოქსიური შოკი, როდესაც დედას აცილებენ. დედა არის მთავარი ადამიანი. არ შეიძლება, ბავშვს ასწავლო, რა არის ჯანსაღი კვება და შენ არ იკვებებოდე ჯანსაღად. ჯანსაღი კვება გულისხმობს ფიზიკურ აქტივობასაც. დედის ნებისმიერი შეხების დროს ქვეითდება კორტიზოლი, რომელიც ტოქსიურ შოკს იწვევს ბავშვებში.“

„ვისაც არ აქვს რძე, მოეფეროს ბავშვს და ისე აჭამოს. თქვენი ერთი შეხება ბავშვში იწვევს იმუნიტეტის სტიმულაციას. ეს არის ყველაფერი მისთვის. ხშირად მეუბნებიან: „იმუნიტეტის სტიმულატორი დაგვინიშნეთ, ექიმო.“ ​არ არსებობს უკეთესი იმუნოსტიმულატორი, ვიდრე არის ბავშვის მოფერება. ჩვენ უნდა ვერიდოთ ნახშირწყლებს. თუ ბავშვის წონა ჭარბი არ არის, პირველი კვების დაწყება შეიძლება დაცეხვილი ფაფებით და ხილით. თუ ბავშვი ჭარბწონიანია, კვება დავიწყოთ ბოსტნეულის წვნიანით. პირველი საკვები მარტო ხილი არ შეიძლება იყოს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ჯანსაღ კვებას მივაჩვიოთ ბავშვი, არაფერი გამზადებული სახლში არ უნდა მოვიტანოთ. ყველაფერი უნდა გამზადდეს სახლში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ნემსაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის შოუ“

წაიკითხეთ სრულად