ყველის შემადგენლობაში სხვა მინერალებიცაა - ნატრიუმი, მაგნიუმი, კალიუმი, სელენიუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის.
ამ პროდუქტის ვიტამინური შემადგენლობაც აუცილებლად მოგეწონებათ - A, E ვიტამინები ხელს უწყობს მხედველობის განვითარებას, იცავს უჯრედებს დაზიანებისაგან და სასიცოცხლოდ აუცილებელია პატარას ზრდა-განვითარებისათვის, ისევე როგორც დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.
ცალკე გამოვყოთ D ვიტამინი - არამარტო ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის საჭირო ნუტრიენტი, არამედ პრაქტიკულად ფართო ზემოქმედების უნარის მქონე ჰორმონი, ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებს რომ წარმართავს.
ყველის შემადგენლობაში არსებული სფინგოლიპიდები უჯრედული მემბრანების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, რაც უჯრედებს დაზიანებისაგან იცავს.
ყველის შემადგენლობაში შემავალი ცილები ადვილად ასათვისებელია და შეიცავს შეუცველელ ამინომჟავებს, რომელბიც ჩვენს ორგანიზმში არ სინთეზირდება და საკვებთან ერთად უნდა მივიღოთ.
ყველის მიღება დასაშვებია ლაქტოზის აუტანლობისას, რადგან რძის გადამუშავების პროცესში ლაქტოზას შემცველობა მინიმალურია. რძის ცილაზე ალერგიის შემთხვევაში კი ყველის მიღებისას ალერგია შესაძლოა, გამწვავდეს. ამიტომ ექიმთან შეთანხმების გარეშე მის მიღებას არ გირჩევთ.
ყველის შემადგენლობაში არსებული სასარგებლო ბაქტერიები ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ჩამოყალიბებას, ხოლო თავად მიკრობიოტას როლი განუზომელია ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში.
ყველი არ არის ძირითადი საკვები. ის შეგიძლიათ წასახემსებლად ან სულაც ძირითად საკვებთან ერთად კომბინციაში მისცეთ პატარას. ამ გზით არამარტო სასარგებლო ნუტრიენტებს მიაწვდით ბავშვის ორგანიზმს, არამედ ხელს შეუწყობთ ახალი გემოს გაცნობა-გამრავალფეროვნებას
ვირჩევთ ყველს - როდიდან, როგორი, რამდენი?
ამ საკითხისადმი მიდგომა გნსხვავებულია. ზოგი წყარო თვლის, რომ 1 წლამდე არ ღირს ყველის გასინჯვა, ზოგი 10 თვიდან უწევს რეკომენდაციას, მე კი აშშ პედიტრიის აკადემიის რეკომენდაციას ვითვალისწინებ - ყველი პატარას შეგიძლიათ, 7-8 თვის ასაკიდან გაასინჯოთ. თავიდან სულ ცოტა, შემდეგ კი დაახლოებით 20-30 გრამი შესთავაზეთ.
ბაზარზე არსებობს ორი ტიპის ყველი - ნატურალური და მდნარი. ეს უკანასკნელი პატარას არ უნდა მისცეთ, რადგან ის ყველის გარდა ემულგატორებს, კონსერვანტებს, გემოს დანამატებს, მარილს შეიცავს, თუმცა ძალიან გემრიელია.
საბავშვო ყველი არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ცხიმს.
ნატურალური ყველი მიიღება რძის ფერმენტული დუღილის ზეგავლენით და შესაბამისად, მასში ნარჩუნდება ყველა ის სასარგებლო ნივთიერება, რომელიც ბავშისათვისაა აუცილებელი.
არ დაგავიწყდეთ, რომ ყველი უმარილო უნდა იყოს ან მინიმალური რაოდენობით შეიცავდეს მას. მოგეხსენებათ, ყველს მარილს კონსერვაციის მიზნით უმატებენ.
არ შეიძლება იმ ყველის მიცემა, რომელიც სოკოს გამოყენებით მზადდება (ობიანი ყველი), თუმცა ძალიან გვეგემრიელება უფროსებს. მოკლედ, ბრი, როკფორი, გორგონძოლა პატარებისათვის აკრძალულია.
არ შეიძლება შებოლილი ყველი.
რეკომენდებულია ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ყველის გამოყენება, რომელიც გემრიელიცაა, იდელური ტექსტურა აქვს და არც მავნე მინარევებს შეიცავს.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ყველი პასტერიზებული რძისაგან უნდა იყოს მომზადებული.
არაპასტერიზებული რძისაგან მომზადებული ყველი შესაძლოა, დაავადების გამომწვევ საშიშ ბაქტერიებს შეიცავდეს, მაგალითად, ლისეტრიებს, ეშერიხია კოლის, ბრუცელებს, სალმონელებს.
მოამზადეთ ბოსტნეულის გემრიელი პიურე ყველით
1 საშუალო ზომის ბატატი ან კარტოფილი და 1 სტაფილო მოათავსეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და მოხარშეთ. თუ ხარშვისას წყლის დამატება დაგჭირდათ, ისევ მდუღარე წყალი ჩაუმატეთ. მოხარშვის შემდეგ დააბლენდერეთ 20-30 გრამ პასტერიზებული რძისაგან დამზადებულ ან რომელიმე საბავშვო ყველთან ერთად, გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით“.