Baby Bag

ორსულობის დროს მხედველობის პრობლემები ხშირია და ძირითადად მშობიარობის შემდგომ პერიოდში აღდგება, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება მიუთითებდეს სხვა ორგანოს დაავადებასაც

ორსულობის დროს მხედველობის პრობლემები ხშირია და ძირითადად მშობიარობის შემდგომ პერიოდში აღდგება, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება მიუთითებდეს სხვა ორგანოს დაავადებასაც

ექიმი-ოფთალმოლოგი ზურა ღლონტი ორსულობის დროს მხედველობის პრობლემების შესახებ საუბრობს. 

ქალის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის ორსულობა და მშობიარობა. ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ცვლილებები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს თვალსა და მხედველობაზე. ორსულობის დროს მხედველობის პრობლემები ხშირია და ძირითადად მშობიარობის შემდგომ პერიოდში აღდგება, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება მიუთითებდეს სხვა ორგანოს დაავადებასაც. აქედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში ოფთალმოლოგიური გამოკვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გუგის გასაფართოებლად (ატროპინი ან ტროპიკამიდი) არ წარმოადგენს საფრთხეს ორსულისთვისა და ნაყოფისთვის.

სავარაუდო ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის დროს:

1. რქოვანა - თვალის გარეთა გამჭვირვალე ნაწილი. ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანა გარსის გარდამტეხი ძალის ცვლილება ან მისი შეშუპება. ასევე ხშირია მშრალი თვალის სინდრომი. ამ დროს ორსული პაციენტები უჩივიან მხედველობის დაქვეითებას და დისკომფორტის შეგრძნებას თვალის არეში. ამ დროს არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზის ხმარება. დამატენიანებელი წვეთები უნდა შეირჩეს ოფთალმოლოგის მიერ.

2. მხედველობის დაქვეითება - შეიძლება უფრო სერიოზულ დაავადებას მიუთითებდეს, როგორიცაა მაგ: ცენტრალური სეროზული რეტინოპათია, პრე-ეკლამფსიით ან ეკლამფსიით გამოწვეული რეტინოპათია, მაკულის შეშუპება და მწვავე იშემიური ოპტიკური ნევრიტი. ამიტომ ყველა ორსული აუცილებლად უნდა იყოს გამოკლვეული ოფთალმოლოგის მიერ.

3. საშუალო და მაღალი ხარისხის მიოპია / ახლომხედველობა - ხშირად მიოპი ორსულების სურვილია მშობიარობა ჩატარდეს საკეისრო კვეთით იმის შიშით, რომ არ მოხდეს ბადურა გარსის ჩამოცლა და მხედველობის დაქვეითება. ბადურის პერიფერია უნდა დათვალიერდეს ოფთალმოლოგის მიერ. ნახეთქის, გათხელების ან დეგენერაციული უბნის არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია ლაზერით გამაგრება მშობიარობამდე. ეს პროცედურაც აბსოლიტურად უსაფრთხოა პაციენტისა და ნაყოფისთვის. წარმატებულად ჩატარებული პროცედურის შემდეგ ორსულს შეუძლია ბუნებრივად იმშობიაროს. განსაკუთრებულ ყურადღებას და ოფთალმოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას საჭიროებენ ორსული პაციენტები, ვისაც აქვს დიაბეტი, ჰიპერტენზია, გლაუკომა ან ჰიპოფიზის ადენომა.

რჩევები თვალის წვეთებთან დაკავშირებით:

ანტი გლაუკომური წვეთები, განსაკუთრებით ბეტა ბლოკატორები მაქსიმალურად მცირე დოზით უნდა დაინიშნოს პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, ხოლო მშობიარობამდე 2-3 დღით ადრე სრულად უნდა მოიხსნას. 

ადგილობრივი და სისტემური კარბონული ანჰიდრაზას ინჰიბიტორები კი ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული. პრეპარატები, რომელიც გამოიყენება ოფთალმოლოგიური გამოკვლევის დროს (მაგ: ატროპინი, ტროპიკამიდი, ტეტრაკაინი) ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოა და არ არის უკუნაჩვენები.

არ არის რეკომენდებული სტეროიდისა და ანტიბიოტიკის შემცვლელი თვალის წვეთების გამოყენება ოფთალმოლოგის კონსულტაციის გარეშე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ორსულებს შეუძლიათ ჩვეულებრივი სექსუალური ცხოვრება გააგრძელონ,“- გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე

„ორსულებს შეუძლიათ ჩვეულებრივი სექსუალური ცხოვრება გააგრძელონ,“- გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე

გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა არსენ გვენეტაძემ ორსულობის დროს სექსუალური ცხოვრების გაგრძელების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორსულობა ქალის სრულფასოვან სექსუალურ ცხოვრებას ხელს არ უშლის. მისი თქმით, არსებობს კვლევები და საერთაშორისო გაიდლაინები, რომელთა თანახმად ორსულობის დროს სექსი ორსულობის შეწყვეტას არ იწვევს:

„ხშირად ექიმები ორსულებს და მათ მეუღლეებს ეუბნებიან, ახლა უნდა იყოთ და-ძმა. მთელი რიგი კვლევები, მსოფლიოს წამყვანი გაიდლაინები ამბობს, რომ სექსი ორსულობას ვერანაირად ვერ შეწყვეტს, რა ფორმით, რა ინტენსივობითაც არ უნდა ჰქონდეს, თუ არ არის იქ სისხლდენა ან ტკივილი.“

„ჩვეულებრივად შეუძლია ორსულს, რომ ჰქონდეს სექსი. თუ არც მანამდე უნდოდა, ახლა თავს ამაზე ვერ მოიკლავს. ვისაც სურვილი აქვს, ამის გამო, რომ აქვს ფიქრი: „ამან შეიძლება ორსულობა შეწყვიტოს,“ ეს დადასტურებულად არის, რომ ჩვეულებრივი სექსუალური ცხოვრება შეუძლიათ გააგრძელონ,“- აღნიშნულ საკითხზე არსენ გვენეტაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად