Baby Bag

ზრდის თუ არა საკეისრო კვეთა აუტიზმის განვითარების რისკებს?

ზრდის თუ არა საკეისრო კვეთა აუტიზმის განვითარების რისკებს?
უახლესი კვლევებით დგინდება, რომ საკეისრო კვეთა ბავშვებში აუტიზმის, ასევე ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის განვითარების ​რისკებს ზრდის. 19 ქვეყანაში ჩატარებულმა 61-მა კვლევამ და 20,6 მილიონი ქალის მშობიარობაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საკეისრო კვეთით გაჩენილ ბავშვებში აუტიზმის სპექტრის აშლილობების განვითარების რისკი 33 %-ით მაღალი, ხოლო ჰიპერაქტივობის სინდრომის ჩამოყალიბების ალბათობა 17 %-ით მეტი იყო, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობით გაჩენილ ჩვილებში.

კვლევის შედეგები ერთნაირი იყო სამედიცინო ჩვენებით ჩატარებული და თავისუფალი ნებით გაკეთებული საკეისრო კვეთების შემთხვევაში. ყველასთვის ცნობილია, რომ საკეისრო კვეთა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, როდესაც ორსული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბუნებრივად მშობიარობის საშუალებას არ იძლევა. ქალბატონებს, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ, ექიმები ბავშვის გაჩენას ბუნებრივი გზით ურჩევენ.

საკეისრო კვეთის ნაკლოვანებები

საკეისრო კვეთას ხშირად აკავშირებდნენ ბავშვებში საკმაოდ გახშირებულ ისეთ დაავადებებთან, როგორებიცაა: სიმსუქნე, ასთმა, ალერგია და პირველი ტიპის დიაბეტი. თუმცა ხელოვნური მშობიარობის გავლენა ნეიროგანვითარების შეფერხებებსა და ფსიქიატრულ აშლილობებზე დღემდე სრულყოფილად შესწავლილი არ ყოფილა. აღნიშნული საკითხების უკეთ შესწავლის მიზნით მეცნიერებმა ჩატარებული კვლევების სისტემური შეფასებისა და მეტაანალიზის მეთოდს მიმართეს. მათ საკეისრო კვეთისა და ბუნებრივი მშობიარობის გზით დაბადებული ბავშვების ნეიროგანვითარების მონაცემები ერთმანეთს შეადარეს. მეცნიერებმა ერთმანეთისგან განაცალკევეს ნებაყოფლობითი და სამედიცინო მდგომარეობით გამოწვეული ქირურგიული ჩარევები. მათი ცალკე შესწავლის საგანი იყო მაშებისა და ვაკუუმის გამოყენებით ჩატარებული ბუნებრივი მშობიარობის გავლენა ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაზე. ჯამში საკეისრო კვეთისა და ბუნებრივი მშობიარობის გავლენას ჩვილის ჯანმრთელობაზე 6953 კვლევა სწავლობდა. აქედან 61 კვლევა (20 607 935 მშობიარობაზე დაკვირვება) სრულყოფილად აკმაყოფილებდა მეცნიერულ სტანდარტებს.

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევები ღია დაკვირვების შედეგად გამოტანილ დასკვნებს ემყარებოდა. ისინი ქირურგიული ჩარევის გზით დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობას შეისწავლიდნენ. კვლევები შემდეგი სახით იყო კლასიფიცირებული:

  • საკეისრო კვეთის გავლენა ბავშვებში აუტიზმის სპექტრის აშლილობების განვითარებაზე - 27 კვლევა (55 795 მშობიარობაზე დაკვირვება).
  • საკეისრო კვეთის გავლენა ბავშვებში ჰიპერაქტივობის სინდრომის ჩამოყალიბებაზე - 13 კვლევა (92 718 მშობიარობაზე დაკვირვება).
  • საკეისრო კვეთის გავლენა ბავშვებში ინტელექტუალური უუნარობის სიმპტომების გამოვლენაზე - 3 კვლევა (16181 მშობიარობაზე დაკვირვება).
  • საკეისრო კვეთის გავლენა ბავშვებში გამოვლენილი კვებითი აშლილობების მზარდ რიცხვზე - 4 კვლევა (4550 მშობიარობაზე დაკვირვება).
  • საკეისრო კვეთის გავლენა ბავშვებში ობსესიურ-კომპულსიური აშლილობების განვითარების მზარდ რიცხვზე - 3 კვლევა (7295 მშობიარობაზე დაკვირვება).
  • საკეისრო კვეთის გავლენა ბავშვებში დეპრესიისა და აფექტური ფსიქოზის სიმპტომების გამოვლენაზე - 5 კვლევა ( 8561 მშობიარობაზე დაკვირვება).
  • საკეისრო კვეთის გავლენა ბავშვებში არააფექტური ფსიქოზის სიმპტომების გამოვლენაზე - 7 კვლევა (7195 შემთხვევა).
  • უახლესი კვლევები სანდოობის მხრივ დადებითად შეფასდა. ჩატარებული კოჰორტული ანალიზი 82 %-ით სანდოდ გამოცხადდა.

გაზრდილი რისკი

ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ საკეისრო კვეთა ახალ თაობაში აუტიზმის სპექტრის აშლილობის სიმპტომის გამოვლენის რისკებს ზრდის, ამასთან ის ჰიპერაქტივობის სინდრომის განვითარებასაც უწყობს ხელს. გარდა ამისა, უახლესმა კვლევებმა ქირურგიული და ბუნებრივი მშობიარობის გზით დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობის სხვა ფსიქიკური და მენტალური ასპექტებიც შეისწავლა. დადგინდა, რომ საკეისრო კვეთას ბავშვის ნეიროგანვითარების მხრივ გამოვლენილ შეფერხებებშიც მიუძღვის ნეგატიური წვლილი. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები მაღალი სანდოობით გამოირჩეოდა, მიღებული შედეგი სტატისტიკური სიცხადით ვერ დაიკვეხნის, რაც კვლევების მწირი რაოდენობით აიხსნება.

საკეისრო კვლევის დემონიზება საჭირო არ არის

მეცნიერები გვირჩევენ, რომ ნაადრევი შეფასებებისგან და დასკვნებისგან თავი შევიკავოთ, რადგან ბავშვის ქვეყნად მოვლინება საკმაოდ რთული მოვლენაა. შესაბამისად ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მშობიარობის მეთოდის გარდა უამრავი სხვა ფაქტორი ზემოქმედებს. არ არის გამორიცხული, რომ მძიმედ მიმდინარე ბუნებრივმა მშობიარობამ ბავშვებში ფსიქიკური და მენტალური განვითარების ისეთივე დარღვევები გამოიწვიოს, როგორიც სამედიცინო ჩვენებით ჩატარებულმა საკეისრო კვეთამ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეან-გინეკოლოგები საკეისრო კვეთას უმეტესად იმ ქალბატონებს ურჩევენ, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებთ: მაგ. დიაბეტი ან ჰიპერტენზიაა აქვთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული დაავადებები ბავშვის ჯანმრთელობაზე უკვე მუცელშივე ახდენენ გარკვეულ გავლენას და ყველა პრობლემა, რომელიც პატარას ჯანმრთელობის მხრივ ექმნება მხოლოდ საკეისრო კვეთას არ უნდა მივაწეროთ.

საკეისრო კვეთის დემონიზება საჭირო არ არის, რადგან რიგ შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა ბავშვისა და დედის სიცოცხლის ხსნისთვის აუცილებელია. საკეისრო კვეთა ბავშვს ისეთი მავნე ბაქტერიების ზემოქმედებისგან იცავს, რომლებიც ბუნებრივი მშობიარობის შედეგად ქალის ორგანიზმში მარტივად აღწევენ და ბავშვის ჯანმრთელობისთვის, შესაძლოა, საფრთხესაც შეიცავდნენ.

ჩატარებული კვლევების ორგანიზატორების თქმით, მათ მიერ მიღებული შედეგები უტყუარ ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს. საკითხის შესწავლა კვლავ გრძელდება. საკეისრო კვეთასა და ბავშვებში აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამოვლენას შორის უარყოფითი მიზეზობრივი კავშირის დადგენა გაცილებით ფართომასშტაბიან და მრავალფეროვან პოპულაციაზე ჩატარებულ კვლევით ანგარიშებს უნდა დაემყაროს. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ