Baby Bag

„ადგილზე რომ მივედით, საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა - ახალშობილი, რომელიც არ სუნთქავდა...“

„ადგილზე რომ მივედით, საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა - ახალშობილი, რომელიც არ სუნთქავდა...“

6 მაისის მორიგეობა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და ემოციური აღმოჩნდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1017 ბრიგადის წევრებისათვის (უფროსი ექიმი გურანდა მეტრეველი, უმცროსი ექიმი მარიამ ნიკოლაძე და მძღოლი იოსებ მურალაშვილი). რომ არა მათი პროფესიონალიზმი, მშობიარობა, შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულებულიყო.

ყველაფერი კი 112-ის ოპერატორის მიერ გადმოცემული მორიგი მისამართით დაიწყო. გამოძახების მოტივი - მშობიარობა ბინაზე. როგორც გაირკვა, ნაადრევად დაბადებული ჩვილი არ სუნთქავდა. ოჯახის წევრების თქმით, ნაყოფი 36 კვირის იყო და მშობიარობის დაწყებას დედა არ ელოდა.

„ადგილზე რომ მივედით, საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა. ცალკე ახალშობილი, რომელიც არ სუნთქავდა და პანიკაში მყოფი ოჯახის წევრები. პირველ რიგში, ახალშობილ გოგონას ჩავუტარეთ ყველა საჭირო მანიპულაცია, რათა მას სუნთქვა დაეწყო. ვიდრე ტირილს დაიწყებდა, მეგონა, საათები გავიდა. გადავჭერით ჭიპლარი, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ასეთ დროს არის საჭირო და, პარალელურად, ჰოსპიტალიზაციისთვის დავიწყეთ მზადება. ჩვილი სულ რაღაც 1 კილოსა და 700 გრამს იწონიდა - ისეთი პატარა და უმწეო იყო. სასწრაფოდ გადავიყვანეთ დედა-შვილი უახლოეს პროფილურ კლინიკაში. ვერ წარმოიდგენთ, როგორი განცდა მქონდა. პატარასთან ერთად, მეც ხელმეორედ დავიბადე. ეს საოცარი გრძნობაა. ამ დღეს ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დაივიწყებს“, - ამბობს უფროსი ექიმი გურანდა მეტრეველი.

პატარა გოგონა, რომელსაც მარიამი დაარქვეს, ჯერჯერობით ისევ კლინიკაში რჩება, თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ძალიან მალე სახლში გაწერენ.

„ყოველდღე ვკითხულობ მათ ამბავს. ეს პატარა გოგონა ძალიან შემიყვარდა. როგორც კი გამოიყვანენ საავადმყოფოდან, აუცილებლად უნდა მოვინახულო დედაც და შვილიც. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვარ, რომ მისი სიცოცხლის შენარჩუნება შევძელით“,- აღნიშნავს გურანდა მეტრეველი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მითხრა, ღვთისმშობელი ვნახე, შენ მარიამი შვილს გჩუქნისო, ამ დროს სამი თვის ორსული ვიყავი,“ - ნატო გელაშვილი დაუჯერებელ ამბავს ჰყვება

მომღერალი ნატო გელაშვილი „სხვა რაკურსში“ მეორე შვილის დაბადების საოცარ ისტორიას იხსენებს:

„ლუკას დაბადების უცნაური ისტორია აქვს. გიო რვა თვის იყო, როდესაც ფეხმძიმედ დავრჩი. ხომ გახსოვს, რა დრო იყო, „კერასინკები“ გვქონდა, ნავთი აეროპორტიდან უნდა გეტარებინა, მე სტუნდენტი ვიყავი, თავს მოსწავლეებით ვირჩენდი. მიუხედავად ყველაფრისა, მინდოდა შვილები. ჩემი დედამთილი უცნაური ქალი იყო, არ უნდოდა ბავშვი. ჯერ ერთი გაზარდეთ, მეორე მერე გააჩინეო. მაშინ მეგობარმა დამირეკა, რომელიც გარდაცვლილი მეგონა. ვიცოდი, რომ საშინელ ავარიაში მოჰყვა, ამის შემდეგ არავის უნახავს. ვიცოდით, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო და უცებ დამირეკა, მითხრა, ღვთისმშობელი ვნახე, შენ მარიამი შვილს გჩუქნისო, ამ დროს სამი თვის ორსული ვიყავი. მკითხა კიდეც ჩემმა მეგობარმა, ორსულად ხომ არ ხარო? ვუპასუხე, რომ ვიყავი. გაიცინა და ყურმილი დამიკიდა.“

„ჩემმა მეგობარმა ისიც მითხრა, რომ გოგოზე ვიყავი ორსულად. მთელი 9 თვე ბავშვს მარიამს ვეძახდი. რომ ვიმშობიარე, აღმოვაჩინე, რომ ბიჭი იყო. ექიმებმა მკითხეს, შვილს რას არქმევო, მე ვუპასუხე, ლუკას-მეთქი. თურმე იმ დღეს ლუკაობა იყო, მე ეს არ ვიცოდი. მაშინ ლუკას ბავშვს იშვიათად არქმევდნენ. ჩემი შვილის სახელს ვერც იმახსოვრებდნენ. ასე გაჩნდა მარიამ-ლუკა ჭოხონელიძე,“ - აღნიშნავას ნატო გელაშვილი. 

წაიკითხეთ სრულად