Baby Bag

„ვაგინალური ექოსკოპია არანაირად არ იწვევს ორსულობის შეწყვეტას და გვაძლევს უფრო ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ორსულობის ადრეულ ვადაზე“

„ვაგინალური ექოსკოპია არანაირად არ იწვევს ორსულობის შეწყვეტას და გვაძლევს უფრო ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ორსულობის ადრეულ ვადაზე“

რამდენი ვიზიტია საჭირო რადიოლოგთან ორსულობის დროს და რა პერიოდებში? - ამ და სხვა საკითხებზე ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი რადიოლოგი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო დათოშვილი.

- რამდენი ვიზიტია საჭირო ორსულობის დროს რადიოლოგთან და რა პერიოდებში?

ორსულმა პირველად, ექოსკოპიური კვლევის ჩასატარებლად, რადიოლოგს უნდა მიმართოს მენსტრუაციული ციკლის გადაცდენიდან 3-5 დღეში, როგორც კი ორსულობის ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს. თუ ამ დროს საშვილოსნოს ღრუში სანაყოფე პარკი არ გამოჩნდა, 7-დან 10 დღეში ორსული უნდა დავიბაროთ განმეორებითი კვლევისთვის, რომ დავრწმუნდეთ ორსულობა ნამდვილად საშვილოსნოს ღრუშია და არა ფალოპის მილში, რასაც საშვილოსნოს გარე ორსულობა ეწოდება. ეს დედის სიცოცხლისათვის საშიშროებას წარმოადგენს, შესაბამისად, დროულად უნდა იყოს დასმული დიაგნოზი. ასეთი პაციენტები ხშირ შემთხვევაში სასწრაფოდ საოპერაციო არიან.

როდესაც საშვილოსნოს ღრუში სანაყოფე პარკს (ერთს, ორს ან სამს - ტყუპის შემთხვევაში) დავინახავთ, რაც 4-5 კვირის ვადაზე ჩანს, უკვე ორსულობის დადასტურება შეგვიძლია. ორსულობის მე-5/6 კვირიდან ემბრიონის გულისცემის მოსმენა უკვე შესაძლებელია. შემდეგი აუცილებელი გეგმიური ვიზიტი მე-11/13 კვირას ინიშნება, რადგან „კისრის ნაოჭი“ და „ცხვირის ძვალი“ შეფასდეს, რაც თანმხლები, მეტად მნიშვნელოვანი მარკერებია ნაყოფის ქრომოსომული ანომალიების დასადგენად ან გამოსარიცხად. ამის შემდეგი ვიზიტი მე-20-22 კვირაზე ინიშნება ნაყოფის ორგანოების დასათვალიერებლად, ასევე პლაცენტისა და ნაყოფის სისხლით მომარაგების შესაფასებლად. მომდევნო რუტინული ვიზიტი 30-32 კვირაზე ტარდება, რათა დადგინდეს ნაყოფის წონა - ხომ არ არის ჩამორჩენა, ასევე, ფასდება ორგანოების განვითარება და სისხლის მიწოდების ხარისხი. და ბოლოს, 36 კვირის ვადაზე მოახლოებული მშობიარობის ან საკეისრო კვეთის სავარუდო ვადის დადგენა ხდება. დავამატებ, რომ თუ ორსულობა მიმდინარეობს რაიმე გართულებით, ულტრაბგერითი კვლევა ტარდება სხვა ვადებზეც.

- არსებობს მოსაზრება, რომ ხშირი ვიზიტი ნაყოფის განვითარებისთვის საშიშია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

- ორსულობის დროს ხშირი ულტრაბგერითი გამოკვლევა არ არის საშიში ნაყოფის განვითარებისთვის. ორსულმა იმდენჯერ უნდა მიმართოს რადიოლოგს, რამდენჯერაც საჭიროება იქნება.

- ასევე ამბობენ, რომ ექოსკოპია ვაგინალურ მუცლის მოშლას იწვევს, ამაზეც რომ ვისაუბროთ.

ვაგინალური ექოსკოპია არანაირად არ იწვევს ორსულობის შეწყვეტას და გვაძლევს უფრო ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ორსულობის ადრეულ ვადაზე.

- როდიდან ისმის გულისცემა?

ემბრიონის გულისცემა ისმის მე-5 კვირიდან.

- სქესის გაგება რომელი კვირიდან არის შესაძლებელი?

ზუსტად ნაყოფის სქესის დადგენა 16 კვირის ვადაზე ხდება, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში 12 კვირიდან უკვე შესაძლებელია სქესის დიფერენცირება, რაშიც ექოსკოპისტს ეხმარება 4D გამოსახულების ბოლო თაობის ექოსკოპიის აპარატურა.

- პრაქტიკიდან რაიმე უჩვეულო შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებდით?

მოგვმართა პაციენტმა რომელსაც აღენიშნებოდა 16 წლის უნაყოფობა, ჩავუტარეთ საშვილოსნოს მილების გამოკვლევა - ჰისტეროსაპინგოგრაფია და იმავე თვეში დაორსულდა. ამ კვლევის დროს ხდება არამარტო მილების დათვალიერება, არამედ მას სამკურნალო ეფექტიც გააჩნია, რაზეც მიგვითითებს სპონტანური ორსულობის მრავალი შემთხვევა გამოკვლევის ჩატარებისთანავე უმოკლეს დროში.

- მშობიარობის შემდგომ რამდენ ხანშია რეკომენდებული ვიზიტი?

მშობიარობის შემდგომ ექოსკოპიაზე ვიზიტი რეკომენდებულია ერთ თვეში, საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, სისხლდენის დროს კი მშობიარობის დღესვეა რეკომენდებული.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ გვაქვს ფორმულა, რომ თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვის დედა დეპრესიულია, აუცილებლად ბავშვი ასეთი იქნება,“ - თამარ გაგოშიძე

„ჩვენ გვაქვს ფორმულა, რომ თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვის დედა დეპრესიულია, აუცილებლად ბავშვი ასეთი იქნება,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ემოციური რეგულაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის ემოციური რეგულაცია მშობლის ემოციურ რეგულაციაზეა დამოკიდებული:

„ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური რეგულაცია. ბავშვების ემოციური რეგულაცია დამოკიდებულია ჩვენს ემოციურ რეგულაციაზე. ჩვენ თუ გვაქვს შფოთვა, ამ ბავშვებს ექნებათ შფოთვა. განსაკუთრებით, როდესაც დედა შფოთავს და არ არის კარგად ფსიქოლოგიურად, ბავშვიც არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. ჩვენ გვაქვს ფორმულა, რომ თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვის დედა დეპრესიულია, აუცილებლად ბავშვი ასეთი იქნება და დედას უნდა ვუშველოთ.“

„ბავშვის ემოციური რეგულაცია ჩვილობიდან იწყება. საწყალი ქალს, რომელიც აჩენს ბავშვს, თავისი გასჭირვებია. პირველი ორი-სამი თვე, ვისაც დამხმარე არ ჰყავს, მისთვის ძალიან რთულია. შენ უნდა გაუგო ბავშვს, რატომ ტირის. იგნორირებას ხომ ვერ გაუკეთებ. არ უნდა გეშინოდეს ამის, ვიღაც უნდა გყავდეს დამრიგებელი, ვიღაცამ უნდა გითხრას: „არაუშავს, შვილო, ბავშვი მაგიტომ არის, რომ უნდა ტიროდეს.“ მერე უკვე არჩევ, რომ ტირის იმიტომ, რომ შია, წყურია, ეძინება. დედა იწყებს ამის გარჩევას და უკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებებს. ამ პერიოდიდან იწყება ბავშვის მიჯაჭვულობა მშობელზე. ეს მიჯაჭვულობა უნდა იყოს ნორმალური, არც ნაკლები და არც ზედმეტი,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

წაიკითხეთ სრულად