Baby Bag

​რატომ ასლოკინებთ ახალშობილებს და როდისაა სლოკინი საშიში?

​რატომ ასლოკინებთ ახალშობილებს და როდისაა სლოკინი საშიში?

რატომ ასლოკინებთ ახალშობილებს, როგორ შევაჩეროთ სლოკინი და რა შემთხვევაშია საშიში? ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.

- რას გამოხატავს ადამიანის ორგანიზმი სლოკინის მეშვეობით?

- სლოკინი არის უნებლიე მოკლე შესუნთქვა დიაფრაგმის (გულმკერდისა და მუცლის გამყოფი კუნთოვანი საფარი) უეცარი შეკუმშვის გამო. სასულის ზედა ნაწილში დახურული სახმო ნაპრალის დროს სლოკინი რეფლექსურია და ის შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს. მისი საიდუმლო მეცნიერებს ბოლომდე ამოხსნილი არ აქვთ, ერთადერთი, რაც ცხადია, ეს არის შემაწუხებელი რეფლექსური აქტი, მაგრამ რისთვის სჭირდება და რას გამოხატავს ადამიანის ორგანიზმი ამით, ჯერაც ბოლომდე ამოუხსნელია.
- რატომ ასლოკინებთ ჩვილებს?
- შევჩერდეთ რამდენიმე უკვე დადასტურებულ მიზეზზე და მისი შეჩერების გზებზე. ჩვილებში ითვლება, რომ სლოკინი ძირითადად ფიზიოლოგიურია, ის ხშირად აწუხებთ ახალშობილებს. ამ პერიოდში სლოკინის მიზეზი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯერ კიდევ არასრულყოფილი მუშაობაა. კერძოდ, პატარა ჭამის დროს საკვებთან ერთად ჰაერსაც ყლაპავს, ან შეიძლება საკვების ზედმეტი რაოდენობა მიიღოს. ჰაერით და საკვებით გადავსებული მუცელი აწვება დიაფრაგმას, იწვევს მის უნებლიე შეკუმშვას და ვითარდება სლოკინი, ასეთი სლოკინი საშიში არ არის და მალე გაივლის ჩაურევლად. კვების შემდეგ ბოყინი და წამოქაფება ფიზიოლოგიურად ითვლება, მაგრამ თუ ბავშვი უფრო მეტს წამოაღებინებს, ვიდრე წამოქაფებისას, შეიძლება პატარამ წონის მატება შეაჩეროს. ასეთ დროს საჭიროა კვების სქემის კორეგირება. უნდა ვკვებოთ ხშირად და მცირე ულუფებით, თუმცა აუცილებელია კვებათა შორის ინტერვალის შენარჩუნება (2 საათი ძუძუთი კვების და 3 საათი ხელოვნური კვების დროს). თუმცა ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მიმართოთ პედიატრს, რათა მან უკეთ დააზუსტოს წამოღებინების მიზეზი და შესაბამისი დახმარება გაუწიოს პატარას. ახალშობილის საწოლი ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ბავშვის თავი კუჭზე მაღლა იყოს. მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაციით მისცეთ ასაკის შესაბამისი სპეციალური ანტირეფლუქსური (წამოქაფების საწინააღმდეგო) საკვები. ეცადეთ, პატარას კვების შემდეგ შეუზღუდოთ აქტიური მოძრაობა, საკვებზე არ დააყოლებინოთ სითხე. ბავშვების უმრავლესობა წამოქაფებას წყვეტს 6 თვის ასაკში, როდესაც ჯდომას იწყებს. უფრო მოზრდილ ბავშვებს, რომლებიც უკვე მიირთმევენ მაგარ საკვებს, სლოკინი მშრალი საკვების მიღებისას ეწყებათ. ამ დროს, რამდენიმე ყლუპი სითხის მიღება კუჭში მოხვედრილ საკვებს დაარბილებს და სლოკინიც შეწყდება. მოზრდილ ბავშვებში მიზეზი შეიძლება სწრაფი ჭამა იყოს - როდესაც ბავშვი მოსწრებაზეა, ჭამოს და ითამაშოს. ასევე, საკვებთან ერთად მიღებული გაზიანი სასმელებიც. აუცილებელია კვების პროცესის დარეგულირება. სლოკინის მიზეზი შეიძლება სიცივეც იყოს, თუ პატარას ფეხები გაუცივდა, სლოკინიც გარდაუვალია. უნდა აკონტროლოთ ბავშვის ჩაცმულობა ამინდის შესაბამისად. თბილად ჩააცვით და სლოკინიც შეუწყდება, თუმცა აქაც საჭიროა ზომიერების დაცვა, რათა ძალიან თბილად ჩაცმით არ გადაგვიხურდეს ბავშვი. ხშირად ზედმეტად ემოციური, აგზნებული ბავშვი სლოკინით რეაგირებს გარემოს ცვლილებაზე, სტრესსზე, ძლიერ ხმაურზე. ასეთ დროს, ნევროლოგი დაგეხმარებათ სლოკინის შესაჩერებლად. ბევრს გაგვიგია, რომ ასლოკინებული ადამიანი უნდა შეაშინო. შეიძლება დავრწუნებულვართ, რომ ზოგჯერ ეს შველის, მაგრამ ბავშვის შეშინება არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც ამ პროცესმა შესაძლებელია სხვა, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს. შეშინების ნაცვლად ეცადეთ პატარას ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ, ან გაახაროთ რაიმეთი. დადებითი ემოცია შეშინებას, დამერწმუნეთ, ნამდვილად სჯობს.
- როდის არის სლოკინი საშიში?
- სლოკინი საშიშია, თუ:

  • არ წყდება საათზე მეტი დროის განმავლობაში;
  • ვითარდება არამხოლოდ კვების შემდეგ;
  • ხელს უშლის ჭამას, თან ახლავს ტკივილი, ბავშვი წუხს და ჭირვეულობს.
და ბოლოს, შეჯამების სახით: ბავშვებში სლოკინი და წამოქაფება უმეტესად ფიზიოლოგიური პროცესია და მკურნალობას არ მოითხოვს. იყავით ყურადღებით და საეჭვო ნიშნების (რომლებზედაც უკვე ვისაუბრეთ ზემოთ) შემჩნევისას მიმართეთ ექიმს.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედე​ბის ჯგუფი“)

შინაური ცხოველის როლი ბავშვის განვითარებაში და რჩევები საფრთხის თავიდან ასაცილებლად
შინაური ცხოველის როლი ბავშვის განვითარებაში და რჩევები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე. ​- რა როლი შეიძლება შეასრულ...
​როგორი უნდა იყოს მოსწავლის საუზმე?
​როგორი უნდა იყოს მოსწავლის საუზმე და რა დადებით ზეგავლენას ახდენს სრულყოფილი საუზმე ბავშვის განვითარებაზე? ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.​​- ბევრი მშობე...
უნდა მივცეთ თუ არა პატარას დამამშვიდებელი უძილობის მიზეზით?
რა იწვევს უძილობას ბავშვებში, როგორ გადავჭრათ პრობლემა და უნდა მივცეთ თუ არა დამამშვიდებელი მედიკამენტი ამ მიზეზით? - აღნიშნულ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპა...

შეიძლება დაინტერესდეთ