რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს,“ - ნინო ხელაძე
ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყველა ბავშვი ყოველდღიურად ერთი საათით მაინც უნდა იყოს დაკავებული სპორტით:
„ყოველდღე, ყველა ბავშვი მინიმუმ ერთი საათით უნდა იყოს სპორტით დაკავებული. ეს არის აბსოლუტური მინიმუმი ყველა ბავშვისთვის. თუკი მას წონაში მოკლება უნდა და ჭარბი წონა აქვს, ეს დრო, რა თქმა უნდა, იზრდება. ეკრანული დრო ითვლება, რომ მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა არის ორი საათი. ეს მოიცავს როგორც ტელეფონს, ასევე პლანშეტს, კომპიუტერს და ტელევიზორს. მეტი არ შეიძლება, არამარტო სიმსუქნის რისკის, არამედ სხვა ბევრი ჯანმრთელობის პრობლემის გამო.“
ნინო ხელაძის თქმით, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იტვირთება თუ არა ბავშვი ფიზიკურად დღის განმავლობაში:
„ფიზიკური დატვირთვის ყველა წუთი არის მნიშვნელოვანი. თუ ზოგიერთი ოჯახი ვერ ახერხებს ფინანსური თუ ლოჯისტიკის საკითხის გამო, რომ ატაროს ბავშვი ერთ, ორ ან რამდენიმე წრეზე ან სპორტზე, თუნდაც 15-15 წუთით რომ სახლში იცეკვოს ბავშვმა, ან ფეხით იაროს, ერთი საათი მაინც რომ გამოუვიდეს ფიზიკური დატვირთვა, ველოსიპედი იქნება თუ როლიკები, კარგია. უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება ბავშვი დღის განმავლობაში მინიმალური ერთი საათით ფიზიკურად დაიტვირთა თუ არა.“
„აუცილებლად მთელმა ოჯახმა უნდა შეცვალოს კვებითი ქცევა. ხშირად, როდესაც ვეკითხებით მშობელს: „როგორ იკვებეთ გუშინ?“ იქ უამრავი არასწორი კომპონენტი იქნება გამოვლენილი, რომლის მოდიფიცირება, შეცვლა დიდ შედეგს მოგვცემს. მაგალითად, ტკბილეულის მოხმარება, ცომეულის მოხმარება, საკვების გადანაწილება. 8 წლის ასაკში ბავშვი მინიმუმ 3-ჯერ უნდა იკვებებოდეს დღის განმავლობაში. კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს, რომ მერე ჭარბად არ მიიღოს საკვები. ხემსიც შესაძლებელია ჰქონდეს რვა წლის ბავშვს. ხანდახან ბავშვი მოჰყავთ მხოლოდ და გეუბნებიან, რომ წონაში დააკლებინო. ეს ოჯახისა და ბავშვის კოლექტიური შრომის შედეგი უნდა იყოს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.