რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„გაციება არ არსებობს მძიმე მიმდინარეობის, არ არის მაღალი ტემპერატურა, არ არის ძლიერი თავის ტკივილი,“ - ივანე ჩხაიძე
პედიატრმა ივანე ჩხაიძემ რინოვირუსის შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ სეზონზე აქტიურად ცირკულირებს. მისი თქმით, აღნიშნული ვირუსი გაციების ყველაზე ხშირი გამომწვევია:
„კორონავირუსი ზუსტად ორჯერ უფრო მეტად არის გადამდები, ვიდრე სეზონური გრიპის ვირუსი. რინოვირუსი ჩვენთვის ცნობილია, როგორც გაციების ყველაზე ხშირი გამომწვევი ვირუსი. გაციება გახლავთ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია, რომლის ძირითადი სეზონი ნოემბრიდან მარტის ბოლომდე გრძელდება. რინოვირუსით გამოწვეული გაციების შემთხვევები ბოლო პერიოდის განმავლობაში წამყვანია. ბოლო პერიოდის განმავლობაში რინოვირუსი და კორონავირუსის ძველი, უწყინარი შტამები ფიქსირდება.“
ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მძიმე მიმდინარეობის გაციება არ არსებობს და ამ დროს ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ:
„ზოგადი მდგომარეობა ასეთ ბავშვებთან არის მსუბუქი. გაციება არ არსებობს მძიმე მიმდინარეობის. არ არის მაღალი ტემპერატურა, არ არის ძლიერი თავის ტკივილი. ეს არის ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, იშვიათი ხველა, ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა 37,5- 38 -ის ფარგლებში. სწორედ ეს ახასიათებს გაციებას. როგორც წესი, ამ ბავშვებს საავადმყოფოში მოთავსება არ სჭირდებათ.“
ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსსა და რინოვირუსს ერთმანეთის მსგავსი კლინიკური ნიშნები აქვთ:
„კორონავირუსსა და რინოვირუსით გამოწვეულ გაციებას შორის კლინიკურ ნიშნებში განსხვავება არ არსებობს. კორონავირუსის აბსოლუტური უმრავლესობა მიმდინარეობს მსუბუქად. როდესაც ჩვენ გვინდა ავხსნათ, რას ნიშნავს მსუბუქი მიმდინარეობა, სულ ვამბობთ, რომ მიმდინარეობს ისე, როგორც ჩვეულებრივი გაციება. ყველაზე მნიშვნელოვანია დინამიკაში დაავადების მიმდინარეობა. გაციებას არ ახასიათებს გართულება. ის, როგორც წესი, ერთ კვირაში მთავრდება. მოზრდილი ასაკის ბავშვებში მაქსიმუმ შეიძლება იყოს სინუსიტი და მცირე ასაკის ბავშვებში ოტიტი.“
„კორონავირუსი შეიძლება დაიწყოს გაციებით, მაგრამ დინამიკაში მეშვიდე-მერვე დღეს მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად დამძიმდეს და საჭირო გახდეს ბავშვის გადაყვანა საავადმყოფოში. თუ ბავშვს აქვს სიმპტომები, ისინი დროებით იზოლაციაში უნდა გადავიყვანოთ. თავისთავად რინოვირუსიც გადამდებია. არც ის არის სასიამოვნო, როდესაც თქვენი შვილისგან სხვას გადაედება რინოვირუსი. რეკომენდაცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ბავშვები გაციების კლინიკური ნიშნებით: ხველით, დაბალი ტემპერატურით, ცხვირიდან გამონადენით და ცემინებით, აუცილებლად უნდა დარჩნენ სახლში და არ წავიდნენ ბაღში. ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, ვინაიდან ამით ჩვენ ვამცირებთ ორივე სახის ვირუსის გადაცემის რისკს,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.