რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
სადილზე ოჯახის წევრებმა ერთმანეთის ნახვა უნდა მოახერხონ. საუზმეზე ყველას ეჩქარება. სადილობისას ადამიანები თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ და განტვირთვას ახერხებდნენ. ერთობლივი სადილები კომუნიკაციისა და ერთიანობის შესაძლებლობას იძლევა. ეცადეთ საოჯახო სადილები ტელევიზორის, ტელეფონისა და სხვა გასართობების გარეშე მიირთვათ.
2. ოჯახური საუბრების გამართვა
ბავშვები ზრდასთან ერთად სოციალურად მეტად აქტიურები ხდებიან. ისინი ოჯახის მიღმაც ბევრ დროს ატარებენ და თავგადასავლებიც აქვთ. ყოველდღიურად ესაუბრეთ ბავშვებს. ჰკითხეთ, როგორ გაატარეს დრო და რა ხდება მათ ცხოვრებაში. შესაძლოა, მათ ყოველთვის არ მოისურვონ თქვენთან საუბარი, მაგრამ გააცნობიერებენ, რომ თქვენთვის მათი ცხოვრება მნიშვნელოვანია. თქვენც აუცილებლად გაუზიარეთ შვილებს თქვენი ყოველდღიური ამბები, რათა ბავშვებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ თქვენთან საუბრისას დაკითხვაზე იმყოფებიან.
3. ოჯახური ტრადიციების დამკვიდრება
ბავშვობა ხანმოკლეა. აუცილებელია, რომ ის ბედნიერი და მოგონებებით აღსავსე იყოს. ოჯახური ტრადიციები მნიშვნელოვანია, რათა დაბადების დღეები და დღესასწაულები ერთად იზეიმოთ. რუტინა ყოველდღიურობის ნაწილია. ტრადიციები კი ყველასთვის განსაკუთრებულია. ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი სადღესასწაულო ტრადიციებია.
4. ძილის რუტინის მოწესრიგება
ბავშვის ძილის რუტინის მოწესრიგება არამხოლოდ მცირეწლოვან ასაკში, არამედ მოზარდობაშიც მნიშვნელოვანია. თინეიჯერებსაც კი მეტი ძილი სჭირდებათ, ვიდრე ზრდასრულებს. ბავშვები ყოველ ღამეს ერთსა და იმავე დროს დააძინეთ. ძილის წინ ბავშვს კითხვის ან თქვენთან საუბრის შესაძლებლობა მიეცით.
5. ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა
ეკრანი ნებისმიერ ოჯახშია, რის გამოც ის ყველას ძალიან დიდ დროს გვართმევს. გირჩევთ, კვირაში ერთხელ მაინც ტელეფონები გვერდით გადადოთ, ტელევიზორი გამორთოთ და ოჯახთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ოჯახურ გარემოში ყოფნისას დარწმუნდებით, თუ რამდენ დროს და ბედნიერ წუთს გართმევთ ეკრანი ყოველდღიურად.
6. ბავშვის ხშირად შექება
ბავშვი ყოველდღიურად უნდა წაახალისოთ და მისი ნებისმიერი მიღწევა აღნიშნოთ. მცირეწლოვან ბავშვებს მცირე მიღწევების დროსაც შექება და აღიარება ესაჭიროებათ. შეაქეთ ბავშვი, როდესაც სათამაშოებს ალაგებს ან დამოუკიდებლად ჩაცმას ცდილობს. მოზარდები საშინაო დავალების შესრულებისთვის შეაქეთ.
7. ერთობლივი ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა
ვარჯიში ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებისთვის საუკეთესო აქტივობაა. ზაფხულში კარგია ბავშვებთან ერთად ცურვა, მათთან ერთად სუფთა ჰაერზე სეირნობა. ძალიან კარგია სადილის შემდეგ ოჯახთან ერთად ფეხით სიარული. ბავშვების განწყობაზე დადებითად მოქმედებს სახლის ეზოში ან პარკში მათთვის საყვარელი სპორტული აქტივობებით დაკავება.