Baby Bag

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

205-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის. 

ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.

მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:

,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა. 

წყარო: ,,სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს სჭირდება ჩარჩოები, იმიტომ, რომ მას სჭირდება სიმყარე,“ - ფსიქოლოგი ნინო ელბაქიძე

​​ფსიქოლოგი ნინო ელბაქიძე გადაცემაში „ რა დროს ძილია“ ბავშვის სწორად აღზრდისა და განათლების შესახებ საუბრობს. ნინო ელბაქიძე ერთმანეთისგან განასხვავებს სწავლებასა და განათლებას:

​განათლება არის ის, რაც გადარჩება დასწავლილის დავიწყების შემდგომ. სწავლება არის განათლების შემადგენელი ნაწილი. ის სამი მიმართულებით ახდენს ზეგავლენას. პირველი ეს არის ცოდნა და განვითარება ადამიანის, მეორეა საკითხისადმი დამოკიდებულება, რაც არაცნობიერის საკითხია უფრო მეტად. მესამე არის ქცევა, რითაც ვლინდება ადამიანის ცოდნა და დამოკიდებულება. ამ სამი მიმართულებით გვაქვს ფოკუსი აღებული სწავლების პროცესში. სწავლება უნდა იყოს განათლების მიღებაზე ორიენტირებული. უახლოეს წარსულში აზროვნებაზე ორიენტირება ნაკლებად იყო სწავლების პროცესში. ჩვენ უნდა გვესწავლა სწორი ან არასწორი აზრი. პიროვნებებს ერთმანეთისგან განგვასხვავებს უნიკალური აზროვნების სტილი. დღეს საბედნიეროდ აქცენტი კეთდება პიროვნების ინდივიდუალური აზროვნების სტილის მიღებასა და აზროვნების პროცესის წახალისებაზე, შესაბამისად უნიკალურობის მიღებაზე.“

ნინო ელბაქიძის თქმით, სასკოლო ასაკის ბავშვის თვითშემასებაზე ყველაზე დიდ გავლენას მისი ცოდნის მასშტაბები და ხარისხი ახდენს:

​სასკოლო ასაკის ბავშვისთვის თვითშეფასების საფუძველი ხდება, თუ რა იცის მან. თუ მანამდე არის „რა გამომდის“ ახლა მთავარი ხდება „რა ვიცი.“ კულტურული ღირებულებების ათვისებასაც ამ პერიოდში სწავლობს ბავშვი. ამ დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან უფროსებს გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რადგან ჩვენ ამ პროცესში შეგვაქვს წვლილი."

ნინო ელბაქიძე განმარტავს, რომ მასწავლებელი და მშობელი განმავითარებელ ობიექტებს წარმოადგენენ, რომლებიც ბავშვის ცხოვრებაში უმთავრეს როლს ასრულებენ:

​მასწავლებელიც და მშობელიც არიან განმავითარებელი ობიექტები. მათ უბრალოდ სხვადასხვა როლი აქვთ ბავშვის ცხოვრებაში. პოზიტიური აღზრდის საფუძველი არის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა და ბავშვის პიროვნების მიღება. პოზიტიური აღზრდა არ გულისხმობს, რომ ბავშვს არ მივცე შენიშვნა, ბავშვს სჭირდება ჩარჩოები, იმიტომ, რომ მას სჭირდება სიმყარე. როდესაც ბავშვს ვაძლევთ შენიშვნას, ამის ფონი უნდა იყოს მისი პიროვნებისადმი კეთილგანწყობა და ფოკუსი მის ქცევაზე. პოზიტიური აღზრდის დროს დასჯის მაგალითი შემდეგია: „იმიტომ, რომ დღეს შენ ეს ასე გააკეთე, მაგრამ იცოდი, რომ არ უნდა გაგეკეთებინა, ჩვენ ვერ გავისეირნებთ.“ დასჯა არის ბავშვისთვის სასურველის მოკლება.“

„ჰიპერმზრუნველობა არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც შენ არ უშვებ შენი მარწუხებიდან შვილს. ამ შემთხვევაში უფრო მშობლები არიან ხოლმე ამის განმახორციელებლები. მიზეზი თითქოს პოზიტიურია: ​„მე მასზე ვზრუნავ.“ აქ ზღვარის დაწესება ცალკე საკითხია. მაგ. არ აძლევ ბავშვს შესაძლებლობას, რომ თავად გადაჭრას რაღაც ამოცანები. ბავშვი პატარაა, არ იცის თასმის შეკვრა, წვალობს, ახლა სწავლობს ამას. დედა მიდის და ეუბნება: „მოიცადე, მე გავაკეთებ.“ ზოგჯერ ბავშვი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად მიირთვას საჭმელი, არ უსწავლია ჯერ და ამას დედა აკეთებს მის ნაცვლად. ამ დროს მშობელი ასუსტებს ბავშვის შესაძლებლობებს. ამ ქცევით მე გეუბნები: „იმას, რაც შენ არ შეგიძლია, მე ვაკეთებ შენ მაგივრად.“ აუცილებელია ბავშვს ვაჩვენოთ კონკრეტული საქმე როგორ კეთდება, შემდეგ მასთან ერთად ვცადოთ გაკეთება. მესამეა, რომ მე მას სრულად მივენდო, ვაღიარო მისი შესაძლებლობა და დავანახო ავტორიტეტმა, რომ მჯერა მისი. ამავდროულად მნიშვნელოვანია ვუთხრათ ბავშვს, რომ თუ დავჭირდებით, მასთან ვართ,“ - აცხადებს ნინო ელბაქიძე.

წყარო: ​რა დროს ძილია

წაიკითხეთ სრულად