Baby Bag

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

205-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის. 

ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.

მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:

,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა. 

წყარო: ,,სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

ყოველთვის ენდეთ საკუთარ შვილებს და მათ მიმართ კრიტიკულები ნუ იქნებით

ყოველთვის ენდეთ საკუთარ შვილებს და მათ მიმართ კრიტიკულები ნუ იქნებით

მშობლებს შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ყველაზე მეტად ბავშვის შესაძლებლობებისადმი რწმენა ეხმარებათ. მშობლებს შვილების ნდობა ძალიან უჭირთ. ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვებმა მათ კვალზე უნდა იარონ და მათი მითითებები შეასრულონ. თუმცა, ვინ ვართ უფროსები, რომ შვილებს ყველაფერი მივუთითოთ და ვასწავლოთ? რა ვიცით ჩვენ შვილების არჩევანის ავკარგიანობის შესახებ, რამდენად შეგვიძლია მათი არჩევანის სწორად შეფასება? მშობლის მოვალეობა შვილის გასავლელი გზის წინაღობებისგან გათავისუფლებაა და არა ამ გზის გაკვალვა.

ერთ-ერთი კომპოზიტორის დედა იხსენებს: „ჩემი შვილი ადრეული ასაკიდანვე უკრავდა ვიოლინოზე, მაგრამ მეცადინეობები არ მოსწონდა, ძალიან განიცდიდა. ვგრძნობდი, რომ ამის გამო ჩვენ შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. შევთავაზე, რომ ვიოლონის შესწავლისთვის თავი დაენებებინა. ისიც დამთანხმდა. გარკვეული დროის შემდეგ სწავლის გაგრძელება თავად მოისურვა. ახლა ის ცნობილი კომპოზიტორია, რაც უზომოდ მახარებს.“

მშობლების ნდობა ბავშვს თავდაჯერების ამაღლებაში ეხმარება. ჩვენი ვალი არ არის შვილების ფარული ნიჭის აღმოჩენა, არამედ მათი სურვილების მხარდაჭერა. ბავშვები მშობლების კრიტიკას, უნდობლობას და ჭკუის სწავლებას ყოველთვის პროტესტით პასუხობენ. ისინი ვერ ეგუებიან, როდესაც მშობლებს მათი არ სჯერათ.

მშობლებს ეშინიათ, რომ მათი შვილები შეცდომებს დაუშვებენ. ისინი ცდილობენ ბავშვებს ცხოვრება ასწავლონ. როდესაც მშობელი გრძნობს, რომ შვილი არასწორად (მშობლის აზრით) იქცევა, ის მის გაკრიტიკებას იწყებს და ცდილობს მისი გადაწყვეტილება შეცვალოს. მშობელს სურს, რომ მისი შვილი საზოგადოებისთვის მისაღებ ქცევას ავლენდეს და საერთო წესებს ემორჩილებოდეს, მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ თქვენი შვილი ქვეყანას ახალი წესების შექმნისთვის მოევლინა? რატომ უნდა აიძულოთ ის, რომ არსებულ წესებს დაემორჩილოს?

მშობლებს ეშინიათ, რომ მათი შვილები სერიოზულ შეცდომებს დაუშვებენ. მათ ავიწყდებათ, რომ ერთ დროს თავადაც დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ და არ მოსწონდათ, როდესაც მშობლები მათ მიმართ უნდობლობას ავლენდნენ.

შვილებს ჩვენგან თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ისინი ელიან, რომ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დავიცავთ მათ ყოველგვარი საფრთხისგან და არასდროს დავტოვებთ მარტო. მშობელს უნდა სჯეროდეს, რომ შვილს წარმატების მიღწევა და მშობლის გაბედნიერება სურს, რადგან მას მშობელზე ძვირფასი არავინ ჰყავს. ბავშვებს საკუთარი გზის პოვნა სურთ, ისინი მზად არიან ისწავლონ და განვითარდნენ. მშობლების კრიტიკა და უნდობლობა ბავშვებს არწმუნებს, რომ მათ წარმატების მიღწევა არ შეუძლიათ, ისინი ვერავის ენდობიან და არავის იმედი არ აქვთ.

მასწავლებლობა და ლიდერობა არ გუსლიხმობს, რომ მშობელმა შვილს საკუთარი აზრები თავს მოახვიოს. ბავშვის დასჯა, იზოლორება, მისთვის შეზღუდვების დაწესება და მისი საყვარელი ნივთების ჩამორთმევა ის გზა არ არის, რომელიც მას მოტივაციას შესძენს. გამუდმებული კრიტიკით და ჭკუის სწავლებით მშობელი შვილს საშიში გზისკენ მიუძღვება. ბავშვები სამყაროსადმი ნდობას კარგავენ, ისინი არც საკუთარ თავს და არც მშობლებს აღარ ენდობიან. მშობლებო, საკუთარი შვილებისთვის სიკეთე თუ გსურთ, პირველ რიგში, ნდობა ისწავლეთ. მოუსმინეთ ბავშვებს და გაიგეთ, რა სურთ მათ, მაშინაც კი, როდესაც მათი იდეები არ მოგწონთ.

მომზადებულია​ bonnieharris.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად