Baby Bag

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

205-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის. 

ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.

მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:

,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა. 

წყარო: ,,სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი ამბობს: „იმას არ ვჭამ, ამას არ ვჭამ,“ მას გასდის ეს მშობლებთან და იმიტომ არ ჭამს,“ ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

​ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა უჭმელი ბავშვების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მშობლები უჭმელს უწოდებენ ისეთ ბავშვს, რომელიც ჯანსაღ საკვებს არ მიირთმევს:

„რას ნიშნავს უჭმელი ბავშვი, ჩემთვის ეს გაუგებარია. ეს არის ბავშვი, რომელსაც წონა აკლია? ​ეს არის ბავშვი რომელიც არ ჭამს ან არ ჭამს კონკრეტულ პროდუქტს? ბავშვზე ხშირად ამბობენ, რომ უჭმელია, აწონი, გაზომავ და ყველა პარამეტრში ჯდება ბავშვი, არის ჯანმრთელი. ზოგჯერ ამბობენ, რომ ბავშვი უჭმელია და მოჰყავთ ჭარბი წონის ბავშვი. გულისხმობენ, რომ ბავშვი არ ჭამს წვნიანს, მაგრამ მიირთმევს შოკოლადს. როდესაც ამბობენ, რომ ბავშვი 3-4 ლუკმაზე მეტს არ ჭამს, გააჩნია რის ლუკმებზეა საუბარი და მერე 3-4 ლუკმა განა ცოტაა?! შეიძლება ეს ბევრიც კი იყოს. თვალით შეგიძლიათ ბავშვის წონის შემოწმება. თუ ნეკნები უჩანს, ეს არ არის კარგი, ღიპიც არ უნდა ჰქონდეს ბავშვს. მნიშვნელოვანია, ბავშვი აქტიურია თუ არა, როგორ გრძნობს თავს.“

ირაკლი ფაღავა ბავშვის კვებითი ჩვევების დარღვევაში მშობლის წვლილზე საუბრობს:

„ხშირად ამბობენ, რომ ​ბავშვი უჭმელია, რადგან ჯანსაღ საჭმელს არ ჭამს. მშობლებიც ეუბნებიან: „კარგი, შვილო, თუ არ გინდა, აი, ხაჭაპური აიღე და ჭამე!“ ესეც არასწორია. ბავშვს უნდა გავაგებინოთ, რომ ის ან შეჭამს ჯანსაღ სადილს, ან დარჩება უჭმელი. თუ ბავშვი ერთი თვის განმავლობაში წონას არ იკლებს და არაფერს ჭამს, ეს ადამიანის ახალი სახეობაა. მე პირადად ასეთი რამის არ მჯერა. როდესაც ამბობენ, რომ ბავშვი უჭმელია, ირკვევა, რომ არ ჭამს ჯანსაღ საკვებს, სამაგიეროდ მშვენივრად ჭამს შოკოლადებს და კანფეტებს“

ირაკლი ფაღავას თქმით, ბავშვი ჯანსაღ კვებას ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ:

„ბავშვი ბოსტნეულს და ჯანსაღ კვებას უნდა დავაჩვიოთ ძალიან ადრეული ასაკიდან. 7-8 თვის ასაკში ბავშვს უნდა გავასინჯოთ ბოსტნეული. თუ ის ამ ასაკში არ გასინჯავს ბოსტნეულს, მერე უჭირს შეგუება. ოჯახების უმრავლესობისთვის ეს ეტაპი უკვე ჩავლილია. ბავშვი არის გაზრდილი და არ ჭამს. ამ შემთხვევაში ძალიან დიქტატორული მიდგომა არაა საჭირო, ​ძალიან ნუ დავსტრესავთ ბავშვს, ყველაფერი უნდა მოხდეს შეთანხმების საფუძველზე. უთხარით ბავშვს: „რაღაც ხათრს ჩვენც გიწევთ, შენც უნდა გაგვიწიო. ყოველდღიურად თუ არა, ხილი და ბოსტნეული დრო და დრო მაინც უნდა შეჭამო. არსებობს მწარე წამლები, ნემსები, ოყნები. ბავშვი რომ არ ჭამს ხილს და ბოსტნეულს შეკრულობა ემართება, სჭირდება ოყნები. ამის მაგივრად დღეში ერთხელ ხილი და ბოსტნეული მივირთვათ, როგორც წამალი.“ საავადმყოფოში დიდი გამოცდილება მაქვს, რომ დიაბეტის მქონე ბავშვებს, საწყის ეტაპზე საკმაოდ მკაცრი დიეტა სჭირდებათ. საწყენად არ მიიღოს მშობელმა, მაგრამ ზოგი ბავშვი მოდის ძალიან გაფუჭებული. ამბობს: „იმას არ ვჭამ, ამას არ ვჭამ.“ ბავშვი ხვდება, რომ აქ მისი ოინბაზობის დრო არ არის, მშვენივრად იწყებს ის ბოსტნეულის ჭამასაც.“

„თუ არ ჩავთვლით უიშვიათეს შემთხვევებს, როდესაც აუტანლობაა პროდუქტის, უმეტესად ბავშვს გასდის ეს და არ ჭამს. მ​ას ურჩ​ევნია ჭამოს შოკოლადი, ვიდრე ბოსტნეული. ოჯახების უმრავლესობაში სადილის დროს არის სამი-ოთხი კომპონენტი საკვებში. ეს სავსებით მისაღებია. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ დღეში რამდენჯერმე უნდა ჭამოს. ბავშვს უნდა ვუჩვენოთ პირადი მაგალითი. თუ ის ხედავს, რომ მშობელი გარკვეული პროდუქტების მეტს არაფერს ჭამს, ნაკლები ალბათობაა, რომ მან გასინჯოს სხვა საკვები. ჩემი დაკვირვებით ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ. ცოტას რომ მოძრაობენ, არ შივდებათ. აბა რეალურად ფიზიკურად დაღლილი, დაქანცული ბავშვი რომ მოვიდეს, ის ყველაფერს გადასანსლავს. თუ ყველაფერს არა, ბევრ რამეს მიირთმევს,“ - აღნიშნავს ირაკლი ფაღავა.

წყარო: ​სხვა შუადღე

წაიკითხეთ სრულად