Baby Bag

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

205-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის. 

ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.

მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:

,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა. 

წყარო: ,,სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

10 მნიშვნელოვანი რამ, რაც ბავშვს ათ წლამდე უნდა ასწავლოთ

10 მნიშვნელოვანი რამ, რაც ბავშვს ათ წლამდე უნდა ასწავლოთ

მშობლებს შვილის მომავალზე უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ბავშვის ზრდილობიან, წარმატებულ და სამართლიან ადამიანად აღზრდა თუ გსურთ, მისთვის ბევრი მნიშვნელოვანი რამის სწავლება მოგიწევთ. ვიდრე ბავშვი ათი წლის გახდება, მან აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ ვითარებაში და ​რა შეცდომების დაშვებას უნდა აარიდოს თავი. ჩვენს სტატიაში 10 უმნიშვნელოვანეს საკითხს გაგაცნობთ, რომელთა შესახებ ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდეს.

1. „ერთნაირად დააფასე გოგონები და ბიჭები“

პირველ რიგში, ბავშვს ადამიანების პატივისცემა უნდა ასწავლოთ. მას თანატოლებთან ურთიერთობისას დადებითი დამოკიდებულება და განწყობა უნდა ჰქონდეს, როგორც გოგონების, ასევე ბიჭების მიმართ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი სქესის წარმომადგენელს პატივი უნდა სცეს.

2. „შეცდომის დაშვების არ შეგეშინდეს“

სხვების შეცდომებზე სწავლა ადამიანებს ძალიან უჭირთ. ბავშვმა ​გამოცდილება საკუთარ შეცდომებზე სწავლით უნდა მიიღოს. მას წარუმატებლობა არ უნდა აშინებდეს და მარცხში შესაძლებლობის დანახვა უნდა შეეძლოს.

3. „ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიშნები“

მშობლები ხშირად ბრაზდებიან, როდესაც მათი შვილები კარგ ნიშნებს არ იღებენ. კარგი ნიშანი საგნის კარგად ცოდნის ინდიკატორი არ არის. თქვენს შვილს აუხსენით, რომ ცოდნა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სკოლაში მიღებული ნიშანი.

4. „მშობელი შენი მტერი არ არის, მას დახმარებისთვის უნდა მიმართო“

ბავშვთან დამეგობრება მშობლისთვის საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. ​არ მოახდინოთ შვილებზე ზედმეტი ზეწოლა, არ უყვიროთ მათ და არ წაუკითხოთ ხანგრძლივი ლექციები, რათა ბავშვმა სირთულეების შემთხვევაში თქვენთან მოსვლა შეძლოს.

5. „საკუთარი თავის დაცვა უნდა შეგეძლოს“

მშობლების ნაწილი მასწავლებლების ან სხვა ადამიანების მიმართ ბევრად მეტ პატივისცემას ავლენს, ვიდრე საკუთარი შვილებისადმი. ეს ყოველივე ბავშვს თავს დაუცველად აგრძნობინებს და მას სუსტ ადამიანად აყალიბებს. ბავშვს აუხსენით, რომ ადამიანის პატივისცემა უმთავრესია, თუმცა მან საჭიროების შემთხვევაში თავის დაცვაც უნდა შეძლოს. დარწმუნდით, რომ ​ბავშვს ყველაფერს სწორად უხსნით და სხვების ღირსების შელახვის გარეშე საკუთარი პოზიციის დაცვას ასწავლით.

6. „არასდროს გააკეთო აღიარების გამო ის, რისი გაკეთებაც არ გსურს“

ბავშვები გამუდმებით ცდილობენ თანატოლებში პოპულარობის მოპოვებას, რის გამოც ბევრ მსხვერპლზე მიდიან. ბავშვს პირადი მაგალითით აჩვენეთ, რომ ღირსების შენარჩუნება და საკუთარი შეხედულებების ერთგულება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე აღიარების გამო ჩადენილი ნაკლებად მოსაწონი ქცევა.

7. „თუ რაღაცას ვერ იგებ, აუცილებლად დასვი კითხვა“

კითხვის დასმა აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. უმჯობესია, ბავშვმა კითხვა დასვას, ვიდრე თავი მოიტყუოს, რომ ყველაფერი ესმის. ბავშვობა საუკეთესო ეტაპია ამის გასაცნობიერებლად. აუხსენით თქვენს შვილს, რომ კითხვების დასმით ის გაცილებით ხარისხიან ცოდნას შეიძენს.

8. „თუ თავს ცუდად გრძნობ, მასწავლებელს ამის შესახებ უნდა უთხრა“

ბავშვს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი არ უნდა ერიდებოდეს. ​ჯანმრთელობა სკოლაში მიღებულ ნიშნებზე უფრო მნიშვნელოვანია. ბავშვს ეს ადრეული ასაკიდანვე აუხსენით.

9. „ბუნებას პატივისცემით მოეპყარი“

ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ მოუწესრიგებელი ქუჩებისა და ტროტუარზე დაყრილი ნარჩენების შესახებ. ბუნების პატივისცემა სახლიდან იწყება. პირველ რიგში, მშობელი უნდა გამოხატავდეს ბუნებისადმი პატივისცემას, რათა შვილმა მას მიბაძოს.

10. „აუცილებლად ისწავლე „არას“ თქმა“

ბავშვს ზრდასრულების, თანატოლებისა და მასწავლებლებისთვის გარკვეულ შემთხვევაში „არას“ თქმა აუცილებლად უნდა ასწავლოთ. შვილი ძლიერ და დამოუკიდებელ პიროვნებად უნდა აღზარდოთ, რომელიც სხვების ნებისმიერ სურვილს არ დამორჩილდება. ეს თვისება მას მომავალში ძალიან გამოადგება.

მომზადებულია:​ brightside.me -ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად