„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მშობლების მაგალითი ბავშვისთვის საუკეთესო გაკვეთილია - როგორ აღვზარდოთ მზრუნველი ბავშვი
ბავშვები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სხვა ადამიანების გრძნობებისა და განწყობების ამოცნობას. მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად ვერ აცნობიერებენ, როგორ უპასუხონ თანატოლებისა თუ უფროსების გარკვეულ ქმედებებს. ზრდასრული ადამიანები მცირეწლოვანი ბავშვების მხრიდან გამოვლენილ ეგოიზმს, როგორც წესი, ნორმალურ მოვლენად მიიჩნევენ, რადგან ითვლება, რომ ბავშვი ყოველთვის ეგოს გავლენით მოქმედებს და ამაში გასაკვირი არაფერია. მშობლები ვერ ხვდებიან, რომ ბავშვებს სხვა ადამიანების განცდების გაზიარების საოცარი უნარი აქვთ და მათთვის სხვებისადმი თანაგრძნობის გამოვლენის სწავლება რთული სულაც არ არის. ემპათიას ნებისმიერ ურთიერთობაში საბაზისო მნიშვნელობა აქვს. ჩვენს სტატიაში შემოგთავაზებთ საინტერესო ხერხებსა და მეთოდებს, რომელთა დახმარებით მზრუნველი და თანამგრძნობი ბავშვის აღზრდა არ გაგიჭირდებათ.
გაამდიდრეთ ბავშვის ლექსიკური მარაგი
ბავშვებს საკუთარი ემოციების ვერბალურად გამოხატვა ძალიან უჭირთ, რადგან მათ სათანადო ლექსიკური მარაგი არ გააჩნიათ. ასწავლეთ თქვენს შვილს ისეთი სიტყვები, რომლებიც მას გრძნობების გამომჟღავნებაში შეუწყობს ხელს. მაგ. თუ თქვენი ერთ-ერთი შვილი საკუთარ დას ან ძმას გაუბრაზდა და ტირის, მეორე შვილს შემდეგი კითხვით მიმართეთ: „რატომ ტირის შენი და/ძმა?“ ბავშვი, სავარაუდოდ, მოკლე პასუხით შემოიფარგლება და გიპასუხებთ, რომ არაფერი იცის. შემდეგ ჯერზე ბავშვს გარკვეული მიმართულება თავად უნდა მისცეთ. შეცვალეთ კითხვის ფორმულირება და თქვენს შვილს სწორი პასუხის აღმოჩენაში დაეხმარეთ. უთხარით მას, რომ, შესაძლოა, მისი დის ან ძმის ტირილის მიზეზი ის სათამაშო იყოს, რომელიც მან დაუკითხავად აიღო. მსგავსი მინიშნებები თქვენს შვილს სხვების განცდებისა და ემოციების გაცნობიერებაში დაეხმარება, გარდა ამისა, ის საკუთარი ნააზრევის უკეთ გადმოცემასაც ისწავლის. ბავშვებს ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან უყვართ. თუ გსურთ ბავშვს რაიმე ასწავლოთ, ეს მის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა გააკეთოთ. აჩვენეთ თქვენს შვილს მისი ფოტოებით სავსე ალბომი და თითოეული ფოტოს შესახებ თქვენი მოსაზრებები გამოთქვით. აუხსენით, რატომ არის იგი ამა თუ იმ ფოტოზე მოწყენილი ან ბედნიერი. ბავშვებს უყვართ ისეთი ისტორიების მოსმენა, რომლებშიც მთავარ როლს თავადვე ასრულებენ. ყურადღება გაამახვილეთ მის მიერ გამოჩენილ სიკეთეზე, თანაგრძნობასა და ემპათიაზე, რითაც თქვენი გახარება შეძლო. ბავშვი ამას აუცილებლად დაიმახსოვრებს.
მიეცით ბავშვს მაგალითი
თქვენი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან ბავშვისთვის ყველაზე საინტერესო გაკვეთილია. ის ემპათიის გამოვლენას ადვილად მიეჩვევა, თუ დაინახავს, რომ თქვენ სხვებისადმი თანაგრძნობას ხშირად იჩენთ. გრძნობების გამომჟღავნებას ნუ მოერიდებით. თქვენს მეორე ნახევარს ბავშვის თანდასწრებით ჰკითხეთ, როგორ ჩაიარა დღემ, დაეხმარეთ მოხუცს, რომელსაც გზაზე გადასვლა უჭირს, დაცემულ ბავშვს წამოდგომაში მიეშველეთ და მისთვის სანუგეშო სიტყვებიც არ დაიშუროთ. თქვენი მაგალითი ბავშვისთვის საუკეთესო გაკვეთილია. მშობლის სხეულის ენა, საუბრის მანერა თუ ქცევის გარკვეული ხასიათი შვილის მთავარ მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. დააკვირდით თქვენს სიტყვებს და ქმედებებს. ბავშვთან ყოფნისას ამ მხრივ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.
პრაქტიკა მნიშვნელოვანია
ბავშვისა და თქვენი ინტერესები ყოველთვის თანხმობაში ვერ იქნება. შესაძლოა, თქვენს შვილს ნაყინის მოზრდილი ულუფის მირთმევა სურდეს, მაგრამ თქვენ მას ამის უფლება არ მისცეთ. აუცილებელია, ბავშვს თქვენი უარის მიზეზები კარგად აუხსნათ. მას თავიდანვე უნდა ესმოდეს, რომ ადამიანებს განსხვავებული სურვილები და მოტივები ამოძრავებთ და ზოგჯერ დათმობაზე წასვლა აუცილებელია. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ სხვების მოთხოვნებისთვის ანგარიშის გაწევა სისუსტე არ არის. ბავშვი სხვებზე ფიქრსა და ზრუნვას აუცილებლად უნდა მიაჩვიოთ. მიეცით მას ისეთი დავალებები, რომელთა დახმარებით ეგოიზმის დაძლევას შეძლებს. უთხარით ბავშვს, რომ ყოველდღიურად გამოკვებოს ოჯახის ძაღლი, გაუსუფთაოს საცხოვრებელი ადგილი. ასე თქვენს შვილს სხვების ინტერესების გათვალისწინებას ასწავლით და გამუდმებით საკუთარ თავზე ფიქრს გადააჩვევთ. აუხსენით ბავშვს, რომ არ გამოიჩინოს გულგრილობა, როდესაც ატირებულ მეგობარს დაინახავს. ასწავლეთ თქვენს შვილს, როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც განსაცდელში მყოფ თანატოლს ხედავს. დაეხმარეთ ბავშვს სხვების განცდების და მოლოდინების სწორი აღქმა ისწავლოს, ასე მის მზრუნველ და თანამგრძნობ ადამიანად ჩამოყალიბებას შეუწყობთ ხელს.