„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„საუკეთესო დედის ცნებაში არაფრით არ უნდა ჩაიდოს გადაჭარბებული ზრუნვა და ყურადღება,“ - ნანა ჩაჩუა
ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ბავშვზე გადაჭარბებული მზრუნველობის ნეგატიური გავლენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საუკეთესო დედა არ არის ის, ვინც გადაჭარბებულად ზრუნავს შვილზე:
„საუკეთესო დედობა შეიძლება იყოს დასაზუსტებელი ცნება. გადაჭარბებული ყურადღება და მზრუნველობა ძალიან ნეგატიურია. საუკეთესო დედის ცნებაში არაფრით არ უნდა ჩაიდოს გადაჭარბებული ზრუნვა და ყურადღება. მონადირე ცხოველები თავის ბოკვერებს ასწავლიან, ავარჯიშებენ, რომ მათ დამოუკიდებლად არსებობა შეძლონ. ჩვენთან შეიძლება მეათე-მეთერთმეტე კლასელის ჩანთა დედას მიჰქონდეს.“
„არავითარი დათმობა არ არის საჭირო. მთავარია, როგორ გადაანაწილებ დროს. ასევე ის, რამდენად რაციონალური, გულწრფელი და ღია ხარ ყველა ურთიერთობაში. ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ დედა თუ შეძლებს თუნდაც 20 წუთის განმავლობაში შვილთან ურთიერთობას და ბავშვს მიეცემა ის, რომ თვითონ იყოს ინიციატორი ამ ურთიერთობაში, სრულიად საკმარისია ეს დრო იმისთვის, რომ ბავშვმა დედის დეფიციტი არ განიცადოს.“
„ქალისა და მამაკაცის, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაში, როდესაც ყველა ხალისით აკეთებს თავის საქმეს, როდესაც ცოლ-ქმარს შორის ხდება ემოციათა გაცვლა ყველა დონეზე, მაშინ ეს ურთიერთობა შემდგარია. ქალების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ჩვევად წუწუნი, რომ „მე ამდენს ვაკეთებ.“ რაღაც განსაკუთრებულად უნდათ, რომ დააფასონ მისი შრომა. ეს არც ისე პოზიტიურად სჩანს. როდესაც თვითონ რასაც აკეთებ იმ დროში, იმ წუთში, ის ხარ თავად, ყოველთვის ხარ ის, რაც ხარ, ყოველთვის შეძლებ, რომ შენი თავი გამოხატო ამაში და განიცადო ბედნიერება,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ რადიო იმედის ეთერში ისაუბრა.