Baby Bag

რომელი პროდუქტებია აუცილებელი ბავშვის ტვინის განვითარებისთვის?

რომელი პროდუქტებია აუცილებელი ბავშვის ტვინის განვითარებისთვის?

რომელი პროდუქტებია აუცილებელი ბავშვის ტვინის განვითარებისთვის? - ამ საკითხზე ექიმმა ნუტრიციოლოგმა, პროფესორმა მარი მალაზონიამ ისაუბრა:

„თავის ტვინის ჯანმრთელობა მუცლად ყოფნის პერიოდიდან ყალიბდება. მაგრამ თუ ჯამში იმ 1000 დღეს წარმოვიდგენთ და ბავშვის სიცოცხლის პირველ სამ წელს წარმოვიდგენთ, აქ შემოდის რამდენიმე ძირითადი კომპონენტი. ესენია: B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით გამოყვეს: B 6 ვიტამინი, B 12 ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა, ანუ B 9 ვიტამინი და მისი მარილები, ფოლატები. არანაკლებ მნიშვნელოვანია D ვიტამინის შემცველობა საკვებ რაციონში. მე ხაზგასმით ვამბობ - ვსაუბრობთ საკვებზე და არა დანამატებზე.
გაითვალისწინეთ, აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების, ომეგა 3-ის როლი ბავშვის ტვინის ფორმირებაში. არ დაგავიწყდეთ ისეთი მინერალები, როგორებიცაა: რკინა, თუთია, იოდი და აგრეთვე ნივთიერება, რომელსაც ჰქვია ქოლინი.

​ეს ყველაფერი წარმოვიდგინოთ და ვთარგმნოთ საკვების ენაზე. მაგალითად, ბავშვის განვითარებისათვის, ორგანიზმის შენებისა და მისი ტვინის ჩამოყალიბებისათვის, ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისათვის ჩვენ გვჭირდება ცილა. ამიტომ ბავშვის ორგანიზმი სისტემატურად უნდა შევაფასოთ კრიტიკულად, იღებს თუ არა, საკმარისი რაოდენობით ცილას. ჩემი ნათქვამი ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ბავშვი მხოლოდ ხორცით ვკვებოთ? - არავითარ შემთხვევაში. ჯერ ერთი, თავად ცილოვანი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები მრავალფეროვნებით უნდა გამოვიყენოთ და თევზის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

​ცხადია, სიცოცხლის პირველ დღეებში არ ხდება ეს. პირველი საკვები, დამატებით რომელიც შედის 6 თვის შემდეგ, ეს უნდა იყოს - ბოსტნეული. მაგრამ, როგორც კი დავიწყებთ სხვა პროდუქტების შეტანას, ერთ-ერთი პირველი უნდა შევიტანოთ თევზი, ცხადია, ალერგიული რისკის შეფასებით, რადგან თევზი და ზღვის პროდუქტები შედის ალერგიული პროდუქტების ჩამონათვალში. თუ თქვენ დაიწყებთ ზღვის, ოკეანის თევზის ჩართვას, რა თქმა უნდა, პატარა ბავშვს შეიძლება არ ჰქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ 3 წლამდე ასაკის ბავშვებს აქვთ - სუნი არ მოსწონთ, გემო არ მოსწონთ. ამიტომ გამოიყენეთ მდინარის თევზი, რომელსაც ნაკლებად აქვს ხოლმე ასეთი სპეციფიკური მახასიათებლები.

​რაც შეეხება ყველა დანარჩენ შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან ერთად მცენარეული წარმოშობის პროდუქტები. მე უსამართლოდ მივიწყებულ ლობიოს გავიხსენებ და ლობიოსთან ერთად ყველა იმ პარკოსანს, რომელიც საქართველოში ხარობს და ხელმისაწვდომია ჩვენი საზოგადოებისათვის. მაგალითად, ისპანახი, რომელიც ჩვენში მხოლოდ ხემსად განიხილება, უნდა განვიხილოთ, როგორც ცილის, ასევე რკინის წყაროდაც. ამიტომ თუ მარცვლეულთან, ბურღულეულთან, პარკოსნებთან და ბოსტნეულთან ერთად ჩვენ გავითვალისწინებთ სწორი ცხიმების გამოყენებას, მაშინ მცენარეული და ცხოველური ცილის კომბინაცია ბავშვს იმ აუცილებელ ამინომჟავებს, რომლებიც მის ტვინს სჭირდება.
ქოლინზე მინდა მოგახსენოთ, მისი ბუნებრივი წყარო არის, მაგალითად, კვერცხი. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტი დედამიწაზე. ქოლინი თევზშიც გარკვეული რაოდენობით არის, ხორცშიც, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ კვერცხზე, მინდა გაგიზიაროთ სიახლე, რომელიც უმნიშვნელოვანესი კვლევის შედეგად დადგინდა. ეს არის კავშირი ბავშვის მიერ კვერცხის აუტანლობასა, კვერცხის მიმართ ალერგიასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის. აღმოჩნდა, რომ ნაწლავის კონკრეტული ტიპი და ნაწლავის მდგომარეობა განსაზღვრავს, ბავშვს ექნება თუ არა კვერცხზე რეაქცია და დამხმარედ რა შეიძლება, რომ გამოვიყენოთ? - მცენარეული ბოჭკო. ანუ მცენარეული ბოჭკო შეიძლება აღმოჩნეს ის მარტივი ბუნებრივი წამალი, რომელსაც გამოვიყენებთ ნაწლავის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჩვენი მეგობარი ბაქტერიების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და შემდეგ უკვე იმ პროცესების გადასალახად, რომელიც იწვევს ალერგიას და აუტანლობას.

რაც შეეხება იოდს, ჩვენს საზოგადოებაში ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ იოდიან მარილს ვიყენებთ და საკმარისია. დიახ, ჩვენ ვრჩებით იოდდეფიციტის ზონად, რადგან ჩვენ აქ ვცხოვრობთ ისტორიულად და ჩვენი ნიადაგი და წყალი რჩება ღარიბი იოდით, ეს იმას ნიშნავს, რომ გვჭირდება აუცილებლად საკვებ რაციონში ისეთ პროდუქტებზე ყურადღების გამახვილება, რომლებშიც ბუნებრივად შეიძლება იყოს იოდი. ზღვის პროდუქტები ამ მხრივ არის ძალიან კარგი არჩევანი. ძნელია ბავშვებს შევაყვაროთ, გეთანხმებით, და მით უფრო ძნელია, ჯიბით გავწვდეთ ყოველდღიურად მათ მოხმარებას, მაგრამ შეგვიძლია, ისეთი კომბინაცია, მაგალითად, ხორცის მცირე ნაჭერი თუ არ გვაქვს, ლობიო ან ისპანახი სალათში გამოვიყენოთ. ცალკეც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგალითად, რძის ნაწარმი, რომელიც ასევე მდიდარია გარკევული რაოდენობით ქოლინით და იმ ვიტამინებით, რომლებიც მე მოგახსენეთ“, - აღნიშნა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.

წყარო: „პირადი ექიმი - მარი ​მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რე​ცეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

წაიკითხეთ სრულად