როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა იწვევს სმენის დარღვევას ბავშვებში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? - თემაზე ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური საუბრობს
რა იწვევს სმენის დარღვევას ბავშვებში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური.
- რა იწვევს სმენის დარღვევას ბავშვებში? (მიზეზებსა და რისკფაქტორებზე რომ ვისაუბროთ)
- ბავშვთა ასაკში სმენის დაქვეითება შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. თანდაყოლილი ძირითადად ვითარდება მაშინ, როდესაც დედა ორსულობის დროს იღებს რაიმე მედიკამენტს, გადაიტანს ინფექციურ დაავადებას ან უშუალოდ მუცლადყოფნის პერიოდში მოხდება ნაყოფის დაინფიცირება, რაც იწვევს ნაყოფის სმენის ანალიზატორის განვითარების დარღვევას. ასეთ დროს, შესაძლოა ბავშვი დაიბადოს თანდაყოლილი სმენის დაქვეითებით ან სრული სიყრუით.
შეძენილი სმენის დაქვეითების შემთხვევაში, სმენის დაკარგვა ხდება დაბადების შემდეგ. სმენის დაქვეითება სრულ დაკარგვამდე შესაძლებელია იყოს მწვავე და ქრონიკული. ასევე შექცევადი ან შეუქცევადი. სმენის მწვავე, შექცევადი დაქვეითების დროს ძირითადი მიზეზებია - ყურში უცხო სხეული, გოგირდის საცობი, ცხვირ-ხახაში მიმდინარე ანთებითი პროცესი. სმენის ქორნიკული დაქვეითების ხშირი მიზეზია - ცხვირხახის ადენოიდების ჰიპერპლაზია ან მაღალი ალერგიული ფონი (ცხვირ-ხახაში შეშუპება), რის შედეგად შესაძლოა განვითარდეს სითხის დაგროვება შუა ყურში და გამოიწვიოს ქრონიკული ექსუდაციური ოტიტი. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით სმენის დაქვეითება როგორც წელი ექვემდებარება მკურნალობას და შესაძლებელია სრული განკურნება.
გარდა ზემოთხსენებული მიზეზებისა, სმენის დაქვეითება შესაძლებელია იყოს გამოწვეული ყურის ან თავის ტრავმით, მორეციდივე შუაყურის ანთებებით, ინფექციური დაავადებებით. სმენის დაქვეითებისას შეფერხებულია ანბგერის გატარება სმენის ნერვამდე (ამ დროს მკურნალობა მეტნაკლებად ეფექტურია) ან ხდება ნერვის მიერ ბგერის აღქმის დარღვევა (სამწუხაროდ სმენის ნერვის დაზიანება პრაქტიკულად არ ინკურნება), არსებობს ასევევ შერეული შემთხვევებიც, როდესაც ორივე კომპონენტია ერთდროულად.
- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა არ გამოგვეპაროს პრობლემა?
- სმენა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. დაახლოებით 4 თვიდან ბავშვი უნდა რეაგირებდეს მშობლის ხმაზე, ხმაურზე, იხედებოდეს იმ მიმართულებით, საიდანაც მოდის ხმა. 1.5 წლიდან ბავშვი უკვე უნდა ცდილობდეს მარტივი სიტყვების წარმოთქმას. თუ აღნიშნული რეაგირებები და მეტყველების დაწყების შეფერხება გახანგრძლივებულია, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და შესაძლოა, იეჭვოს სმენის დაქვეითებაზე.
- როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა?
- საქართველოში არსებობს ძალიან კარგი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხდება ყველა ახალშობილის შემოწმება სმენაზე. თუ ბავშვს აქვს თანდაყოლილი სმენის პრობლემა, ხდება დროული გამოვლენა და შესაბამისად, ჩარევაც დროულად მიმდინარეობს, აღნიშნული ეხმარება სმენადაქვეითებულ ბავშვს მაქსიმალურად ადაპტირდეს სოციუმთან.
პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ორსულობის პერიოდში, დედა უნდა ეცადოს რომ თავი დაიცვას სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისგან, თვითნებურად არ მიიღოს პრეპარატები, დროულად მოხდეს ახალშობილის სკრინინგი და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის გეგმიური ვაქცინაცია. შუა ყურის მორეციდივე ინფექციების დროს დროულად უნდა მიმართოს ექიმს.
მშობლებს ვურჩევდი, რომ მოერიდონ ბავშვის თვითნებურად მკურნალობას. არსებობს ყურის დაავადებები, რომლის დროსაც გარკვეული პრეპარატების, მათ შორის ყურის წვეთების გამოყენება არ შეიძლება. შესაძლებელია, თვითნებური მკურნალობის დროს გამოიწვიოთ სმენის ნერვის დაზიანება. ხშირად, ყურის ტკივილის დროს ბავშვს ადებენ ცხელ მარილს, რაც დაუშვებელია. ასეთ დროს დიდია ალბათობა, რომ დაფის აპკი გასკდეს და შემდგომში გამოიწვიოს შუა ყურის ქრონიკული ანთება.
- რა შემთხვევებში უნდა მივმართოთ სპეციალისტს?
- მშობელს თუკი რაიმე ეჭვი გაუჩნდა ბავშვის სმენის დაქვეითებასთან დაკავშირებით, სასურველია, დროულად მიმართოს სპეციალისტს, რათა შესაბამისი მკურნალობით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. სმენის დაქვეითება შესაძლოა მოხდეს, მანამ სანამ ბავშვი მეტყველებას დაიწყებს (თანდაყოლილი) ან როდესაც მეტყველება დაწყებული აქვს და შემდეგ გარკვეული მიზეზით ხდება დაქვეითება ან სრული დაკარგვა. როგორც უკვე აღვნიშნე, 4 თვიდან ბავშვი უნდა რეაგირებდეს ხმაზე, იყურებოდეს იმ მიმართულებით, საიდანაც ხმაური ესმის. თუკი ბავშვი უკვე ლაპარაკობს და მშობელმა შეამჩნია რომ საუბრისას ბავშვი სთხოვს რომ ნათქვამი გაუმეოროს, ან ახლოს მიდის ადამიანებთან საუბრის დროს, ან ტელევიზორს უსმენს ხმამაღლა... თუ ასეთი ქცევები ხშირად მეორდება, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
ყურადღება მიაქციეთ ცხვირით სუნთქვას, რადგან ყურის პრობლემები ხშირად მოდის ცხვირით სუნთქვის გაძნელებიდან. თუ ბავშვს გაუჭირდა ცხვირით სუნთქვა და ეს დიდხანს გრძელდება, დროულად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ცალკე უნდა გამოვყოთ მოზარდებში ყურსასმენების გადამეტებული მოხმარება. ხანგრძლივად ხმამაღლა მუსიკის მოსმენა, მითუმეტეს თუ ყურსასმენი მხოლოდ ერთ ყურზეა ან/და ღამით იძინებს ყურსასმენებით, დამაზიანებლად მოქმედებს სმენის ნერვზე და იწვევს სმენის შეუქცევად დაქვეითებას.