როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა არის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი, - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიიტყვა-სიტყვით:
ყოველწლიურად აშშ-ში დაახლოებით 3 500 ბავშვი კვდება უეცრად, ყოველგვარი წინასაწარი ფონის და დაავადების გარეშე. ყოველწლიურად სწორედ ამდენივე ოჯახი დგება ეჭვის ქვეშ, დადის დაკითხვებზე, ექვემდებარება სამართლდამცველთა მხრიდან დაკვირვებებს მანამ, სანამ საბოლოოდ დადგინდება - ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომია. ეს არის სიკვდილი, რომლის მიზეზი არავინ იცის. სიკვდილისშემდგომი არცერთი კვლევით მისი მიზეზი არ დგინდება. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ რამდენიმე ჰიპოთეზა, რაც შესაძლოა, ხსნიდეს მანამდე სრულიად ჯანმრთელი ჩვილის უეცარ სიკვდილს, მათ შორის, ცვლილებები თავის ტვინში, ჰიპოთალამუსის მიდამოში, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია და კვლევა-ძიება ისევ გრძელდება.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ეს სინდრომი გააერთიანა ჩვილთა მოულოდნელი სიკვდილის სინდრომთა ჯგუფში, სადაც ასევე შედის გარდაცვალების სხვა, თუმცა დაზუსტებული მიზეზები - მაგალითად, უეცარი მოხრჩობა, მოულოდნელი სიკვდილი ინფექციების ან ნევროლოგიური პათოლოგიების დროს.
მიზეზები, როგორც უკვე გითხარით, უცნობია, თუმცა დადგენილია ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ჩვილთა უეცარ სიკვდილს:
ძირითადი რისკ-ფაქტორები:
ბავშვის ასაკი - უხშირესად 2-დან 4 თვემდე.
სქესი - უეცრად ვაჟები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე გოგონები.
რასა - სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო ფერადკანიანთა შორის ეს სინდრომი უფრო ხშირია.
თავის ტვინის თანდაყოლილი პათოლოგიები.
დღენაკლულობა და დაბადებისას დაბალი მასა.
პასიური მწეველობა - დადგენილია, რომ ჩვილები უეცრად უხშირესად მწველთა ოჯახებში კვდებიან.
დედის მიერ ნარკოტიკების, ალკოჰოლის მოხმარება.
დედის ადრეული ასაკი (20 წელზე უფრ ახალგაზრდა).
ორსულობისას ქალზე არასრულფასოვანი სამედიცინო დაკვირვება და არადეკვატური მოვლა.
ოჯახური ისტორია - მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ის ბავშვები, რომელთა და, ძმა, ბიძაშვილი, მამიდაშვილია ან დეიდაშვილი ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაიცვალა.
მუცელზე ძილი - გასული საუკუნის 80-ინი წლებში აშშ პედიატრიის აკადემიამ ჩვილებისთვის რეკომენდაცია გაუწია მუცელზე ძილს. სწორედ იმ წლებში ჩვილთა უეცარმა სიკვდილობამ მკვეთრად იმატა. 90-იანი წლებიდან ძილის წესის ახალი რეკომენდაციის შემდეგ (ძილი ზურგზე), სტატისტიკა ასევე მკვეთრად გააუმჯობესა.
შემდეგი ბლოგი სწორედ ბავშვის უსაფრთხოებას მიეძღვნება. მოგიყვებით, როგორია უსაფრთხო ძილის წესები ჩვილებისათვის, კიდევ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის და რომ თქვენც უშიშირად გეძინოთ, არ გაფიქრებდეთ ის, რაზეც უკვე მოგიყევით,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.