როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თუ ხარ 50+ ასაკის და ხარ მწეველი“ - ფილტვის კიბოს რისკებზე დავით გიორგაძე გვესაუბრება
„როდესაც ექიმთან მიდის პაციენტი, 50+ ასაკის და ამბობს, რომ დიდი ხნის სტაჟი აქვს თამბაქოს წევის ან მუშაობს მავნე პირობებში და ასახელებს გარკვეულ სიმპტომს, უპირველესად უნდა გამორიცხო სიმსივნე და მხოლოდ შემდეგ იფიქრო ფილტვის სხვა დაავადებებზე“ - დავით გიორგაძე - თორაკალური ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ თორაკალური ქირურგიული სამსახურის უფროსი და ონკოლოგიური კონსილიუმის ჯგუფის ხელმძღვანელი ფილტვის კიბოს ირგვლივ MOMSEDU.GE-ს მკითხველს ესაუბრება:
„ფილტვის კიბო სიმსივნეებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. ვერაგ დაავადებას, გამორჩეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამოხატულებები არ აქვს და იმ სიმპტომებით ვლინდება, რომლებიც ფილტვის ანთებით, ავტოიმუნურ ან ტუბერკულოზურ პროცესებსაც შეიძლება ახლდეს თან. ჩვენებები შესაძლოა მოიცავდეს: ხველას, სისხლიან ნახველს, სუნთქვის უკმარისობას, ტკივილს გულმკერდის არეში, ხმის ჩახლეჩას, წონის უეცარ კლებას, ძვლებისა და თავის ტკივილს.“
ზოგადი კლინიკური მანიფესტაციის გამო, ხშირად სხვა დაავადებების დიაგნოზით მკურნალობენ. შედეგად, ფილტვის კიბოს გამოვლენა პაციენტთა 60%-70% -ში არა ადრეულ სტადიაზე, არამედ მაშინ ხდება, როდესაც დაავადება უკვე შორსაა წასული. არადა დროულ დიაგნოსტირებასა და პროფესიონალთა გუნდთან მოხვედრას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
- ვინ შედის მაღალ რისკჯგუფში და რატომ არის აუცილებელი დაბალდოზიანი CT სკრინინგი?
დავით გიორგაძე: „მწეველი ადამიანები ფილტვის კიბოს განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, ასევე გასათვალისწინებელია „მავნე პროფესიები“ - მაგალითად: მღებავი, ზეინკალი, შახტებსა და საბადოებზე მომუშავე ადამიანები უნდა იყვნენ განსაკუთრებული ყურადღებით.
სკრინინგი ეს არის დაავადების გამოვლინება ადამიანების იმ პოპულაციაში, რომელთაც არავითარი განსაკუთრებული კლინიკური ჩივილი არა აქვთ და გამოკვლევაზე მიდიან თავის დაზღვევისა და ჯანმრთელობის გადამოწმების მიზნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების დროულად აღმოჩენისა და ეფექტური მკურნალობისთვის. „ნიუ ჰოსპიტალსს“ აქვს ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა და მოიცავს 45-დან 70 წლამდე პაციენტებს, რომლებიც მწეველები არიან ან აქვთ პროფესიული რისკფაქტორები. მათ შეუძლიათ ფასდაკლებით ჩაიტარონ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია, სკრინინგული გადაღება დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით ხდება, ნაკლები რადიოლოგიური დატვირთვით.“
იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ფილტვის კიბოს დიაგნოზის დადგენის საფუძველი, ტარდება სხვადასხვა ტესტი, რომელთა საშუალებითაც კიბოს უჯრედებზე დაკვირვება და მათი მდგომარეობის შესწავლა ხდება: რადიოლოგიური კვლევები, ნახველის ციტოლოგია, ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის აღება). ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისა და მისი სტადიის შესწავლის შემდეგ, ექიმმა უნდა შეიმუშაოს მკურნალობის ყველაზე შესაფერისი და ეფექტური საშუალება.
- როგორია ფილტვის კიბოს მკურნალობის გზები?
დავით გიორგაძე: „მკურნალობის სამი ძირითადი მეთოდია: ქირურგიული, სხივური თერაპია და მედიკამენტური. მედიკამენტურში შედის ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია, რომელიც პაციენტებს ჩვენებებისა და სტადიის მიხედვით უტარდებათ. ადრეულ სტადიაში ქირურგიულ მკურნალობას მივმართავთ, ხოლო როდესაც დაავადება უკვე მესამე სტადიაშია, ძირითადად, მედიკამენტურ მკურნალობაზე გადავდივართ. არიან პაციენტები, რომელთაც შეიძლება სამივე მეთოდით მკურნალობა დასჭირდეთ. ბოლო პერიოდში, მკურნალობის ახალ მეთოდებს - იმუნოთერაპიასა და ტარგეტულ თერაპიას მივმართავთ, რომელთაც საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ, როდესაც ის წინასწარ ჩატარებული სხვადასხვა მუტაციისა და დიაგნოსტიკური მარკერის შეფასების შედეგადაა განპირობებული.“
- როგორ შეგვიძლია ფილტვის კიბოს პრევენცია?
დავით გიორგაძე: „ფილტვის კიბოს პრევენციის საუკეთესო გზა თამბაქოს მოხმარებისგან თავის შეკავებაა, ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და სუფთა გარემო. „მავნე პროფესიების“ რისკჯგუფებისთვის კი თავდაცვის საშუალებების გამოყენებაა (მაგ: აირწინაღის) აუცილებელი.
მოგეხსენებათ, ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა, რომლის ფარგლებშიც, დავით გიორგაძეს „ნიუ ჰოსპიტალსში" ექნება უფასო კონსულტაცია 19 ნოემბერს.