როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
1 წლამდე ასაკის ჩვილს ზურგზე უნდა ეძინოს - უსაფრთხო ძილის წესები ყველაზე პატარებისთვის
ჩვილების უსაფრთხო ძილის წესებზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„გასული საუკუნის 80-იან წლებში აშშ-ის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციის თანახმად, ჩვილებისათვის ძილის საუკეთესო ფორმა მუცელზე ნებივრობა და ძილი იყო, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი და აუხსნელი რამ - სწორედ ამ რეკომენდაციის შემდეგ მკვეთრად იმატა ჩვილთა უეცარი სიკვდილის სიხშირემ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. რეკომენდაციის შეცვლის შემდეგ სიკვდილობა შემცირდა.
აი, უსაფრთხო ძილის წესები ჩვილებისათვის:
1 წლამდე ასაკის ჩვილს უნდა ეძინოს ზურგზე, როგორც დღის ძილის, ისე ღამის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 4 თვემდე ასაკის ბავშვებს, რადგან ჩვილთა უეცარი სიკვდილიანობა სწორედ ამ ასაკშია უფრო ხშირი.
რატომ არა გვერდზე? იმიტომ, რომ გვერდიდან მუცელზე ის გაცილებით იოლად ტრიალდება.
კვებეთ ჩვილი ძუძუთი. დადგენილია, რომ ძუძუთი კვება ამცირებს ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკს.
თუ პატარას მგზავრობისას ჩაეძინა მანქანის სავარძელში, სლინგში, სამგზავრო კალათაში ან ეტლში, ის, რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ საწოლში.
1 წლამდე ასაკის ბავშვის საწოლში ნუ დატოვებთ რბილ სათამაშოებს, არ არის საჭირო ბალიში, საწოლის რბილი ბამპერები.
უმჯობესია, თუ ტრადიციული საბნის ნაცვლად ე.წ. ჩასაცმელ საბანს გამოიყენებთ. მისი შემთხვევით თავზე წამოხურება და სასუნთქი გზების დახშობა გამორიცხულია. თუ მაინც იყენებთ გადასაფარებელს, მისი გვერდები კარგად დააფიქსირეთ მატრასის ქვეშ, რათა პატარამ მისი გადახურება და სასუნთქი გზების ბლოკირება ვერ შესძლოს.
საწოლის ზედაპირი უნდა იყოს მყარი.
სიცოცხლის პირველი წლის მანძილზე ბავშვს უნდა ეძინოს თქვენს ოთახში, მაგრამ არა თქვენს საწოლში. აღმოჩნდა, რომ ასეთი ძილი 50%-ით ამცირებს ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკს განსაკუთრებით 4 თვემდე ასაკში.
ერთ ოთახში ძილი საშუალებას გაძლევთ, უფრო ფხიზლად იყოთ და ჩვილს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თქვენს საწოლში ჩვილი შეიძლება კვების დროს გადაიყვანოთ. კვების დასრულების შემდეგ კი ის თავის საწოლში უნდა დააბრუნოთ.
არ დატოვთ ჩაძინებული ბავშვი დივანზე, ტახტზე ან სოფაზე.
განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ თქვენი პატარა დაბადებულია დღენაკლი ან მცირე წონით.
უმჯობესია, თუ მოწევას თავს დაანებებთ. მწეველობა ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკს, თუნდაც საწოლ ოთახში არ ეწეოდეთ.
თუ იღებთ საძილე საშუალებას ექიმის დანიშნულებით და ამის გამო ღრმად გძინავთ, ღამით პატარას მეთვალყურეობისათვის სჯობს, სხვა მომვლელს უხმოთ.
ჩაძინებისას რეკომენდებულია მატყუარა საწოვრის გამოყენება, თუ, რათქმაუნდა, ბავშვი მას იღებს. დადგენილია, რომ ძილის დროს საწოვარის გამოყენება ამცირებს ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკს. ჩაძინების შემდეგ პირიდან გადმოვარდნილი საწოვარის ძალით მიცემა არ არის რეკომენდებული.
საძინებელი ოთახი ხშირად გაანიავეთ. გახსოვდეთ, რომ ოთახში ჰაერის მაღალი ტემპერატურა კიდევ ერთი საფრხთისშემცველი ფაქტორია.
ყოველთვის, როცა ძილისათვიოს საჭირო საბავშო პროდუქტს ყიდულობთ, გაითვალსწინეთ ექიმის რჩევები. სანამ შეიძენთ, გაარკვიეთ, არის თუ არა ის ეფექტური ჩვილთა უეცარი სიკვდილის პრევენციისათვის. მაგალითად, თუ გადაწყვიტეთ ძილის პოზიციონერის ყიდვა, გახსოვდეთ, რომ ის არ ამცირებს უეცარი სიკვდილის რისკს, პირიქით, თუ პატარას უკვე შეუძლია გადაბრუნება, პოზიციონერის ამობურცულმა გვერდებმა შესაძლებელია ადვილად დაახშოს მისი სასუნთქი გზები.
ძალიან მოსახერხებელია დედის საწოლთან მისადგმელი საბავშო საწოლები, რომელიც ჩვილის ახლოსყოფნის საშუალებას იძლევა, შეგიძილიათ კვებისათვის მარტივად გადაიყვანოთ ის თქვენს საწოლში და დააბრუნოთ უკან ადგომის გარეშე. ამავდროულად ადვილია ღამის განმავლობაში მასზე მეთვალყურეობა. თუმცა ამ ეტაპზე არ არის კვლევები, რომელბიც დაადასტურებენ ამ სა წოლების გავლენას ჩვილთა უეცარი სიკვდილის სიხშირეზე.
საწოლის ყიდვისას მიაქციეთ ყურადღება საწოლის დამცავი კედლების ხარიხებს. მათ შორის არ უნდა იყოს ფართო მანძლი, სადაც პატარას თავი გამოეტევა . ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მისი მოხრჩობა. ასევე დააკვირდით, რომ არ იყოს დიდი მანძილი მატრასსა და საწოლის გვერდებს შორის. მატრასი ახლოს უნდა იყოს გვერდებთან. დაბოლოს, გახსოვდეთ, მშვიდი ძილი ყველა საკში აუცილებელია!“