როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება საქართველოში უახლესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით
„ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის ცენტრი ყველაზე სრულყოფილი და მძლავრი მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფით არის აღჭურვილი და პაციენტებს უნიკალური შესაძლებლობების მქონე რადიოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს.
Siemens-ის უახლესი 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ორგანოების, ორგანოთა სისტემების და რბილი ქსოვილების სრულყოფილ გამოკვლევას უზრუნველყოფს, მისი გაუმჯობესებული ფუნქციები კი კვლევითი შედეგების 100%-მდე სიზუსტეს განსაზღვრავს.
უფრო ვრცლად საკითხის ირგვლივ MOMSEDU.GE-ს „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგი, ნათია კბილაშვილი ესაუბრება:
რა შესაძლებლობებით გამოირჩევა უახლესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი და რა უპირატესობები აქვს არსებულ ტომოგრაფებთან შედარებით?
უახლესი ტომოგრაფის უპირატესობა მისი გაუმჯობესებული შესაძლებლობები და დიზაინია, რაც კვლევის პროცესს მაქსიმალურად ეფექტურსა და კომფორტულს, კვლევით შედეგებს კი უპრეცედენტოდ ინფორმატიულს ხდის.
Siemens MAGNETOM VIDA უმაღლესი ხარისხის და გარჩევადობის გამოსახულების მიღებას უპრეცედენტო, 50-70%-ით შემცირებულ დროში უზრუნველყოფს - გარკვეული ზონების კვლევას მხოლოდ 2 წუთი სჭირდება, 40 წუთის განმავლობაში კი შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია მთლიანი სხეულის მდგომარეობის შესახებ (წინამორბედი ტომოგრაფების შემთხვევაში მთლიანი სხეულის კვლევას დაახლოებით 90 წუთი სჭირდება).
მისი საშუალებით ვიკვლევთ არა მარტო ცალკეულ ორგანოებს და ორგანოთა სისტემებს, არამედ მთლიან სხეულს უჯრედულ დონეზე;
ახალი ტომოგრაფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ძველი მონაცემების დამახსოვრება და განმეორებითი კვლევის განხორციელებისას, ცვლილებების გამოვლენაა;
მსოფლიოში პირველი BioMatrix ტექნოლოგია კვლევის განხორციელების პროცესს მაქსიმალურად კომფორტს ხდის, პაციენტისთვის: კვლევის პროცესში, პოზიციის ცვლილებისა და მოძრაობის შემთხვევაში, კვლევა ხელმეორედ ჩატარებას აღარ საჭიროებს; გარკვეული კვლევების განხორციელებისთვის, სუნთქვის შეკავება აღარ არის აუცილებელი;
ფართო გვირაბი და ვენტილაციის გაუმჯობესებული სისტემა ჭარბწონიანი (250 კგ.-მდე) პაციენტების გამოკვლევას ხდის შესაძლებელს;
რამდენად მნიშვნელოვანია უახლესი ტომოგრაფის შესაძლებლობები ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისას?
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენს ქვეყანაში ონკოლოგიური პათოლოგიებით სიკვდილობა მეორე ადგილზეა. ამდენად, სიმსივნის ადრეული დიაგნოსტირება და მისი გამოვლენა თანამედროვე კლინიკური მედიცინის უმნიშვნელოვანესი საკითხია, მთელს მსოფლიოში.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია რადიოლოგიურ კვლევებს შორის ყველაზე ინფორმატიული მეთოდია, რომელიც ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის. მრ. ტომოგრაფია გამოიყენება როგორც დიაგნოსტირების, ასევე მკურნალობის (ქირურგიული თუ არაქირურგიული) ტაქტიკის განსაზღვრისა და მკურნალობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით. ის საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ პათოლოგიური კერის ლოკალიზაცია და ხასიათი, ანატომიური თუფუნქციური.
რა როლი აქვს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებაში?
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად აღიარებული მეთოდია. ის საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ განსხვავება ნორმალურ და პათოლოგიურ ქსოვილებს შორის, რაც შესაძლებელს ხდის ონკოლოგიური დაავადებები, განვითარების ნებისმიერ ეტაპზე გამოვლინდეს, მაშინაც კი, როდესაც წარმონაქმნი ძალიან მცირე ზომისაა.
კვლევის რამდენად უსაფრთხო მეთოდია მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფია?
კვლევის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც მაიონიზირებელ გამოსხივებას (რადიაციას) იყენებენ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაღალი ხარისხის გამოსახულებას ძლიერი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების საშუალებით ქმნის - მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფს არ აქვს რადიაცია, რაც კვლევის ამ მეთოდს სრულიად უსაფრთხოს ხდის, მათ შორის ჩვილებისა და ორსულებისთვის.