როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მინდა, რომ ადამიანებმა ეს შეცდომა არ დაუშვან,“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმ მითების შესახებ საუბრობს, რომლებიც კორონავირუსული ინფექციის შესახებ საზოგადოებაში აქტიურად ვრცელდება. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ლევოფლოქსაცინის ეფექტიანობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება:
„რემდესივირის გარდა ჯერ არ გვაქვს არავითარი წამალი, რომელიც გამოიყენება კოვიდ-19-ის დროს და კურნავს პაციენტებს, პრაქტიკულად არ არსებობს. რამდენიმე წამლის შესახებ მომწერეს კიდეც სოციალურ ქსელში. იგივე რიმპაფიცინი შემიძლია დავასახელო, რადგან მინდა, რომ ადამიანებმა ეს შეცდომა არ დაუშვან. ეს არის ყველა ანტიბაქტერიული მოქმედების პრეპარატები, მათ შორის ლევოფლოქსაცინიც საკმაოდ ძლიერი და კარგი პრეპარატია, სწორ პირობებში, სწორ ადგილას გამოყენებისას. თვითნებურად მისი მიღება ძალიან დრამატულ შედეგებს გამოიწვევს. ნებისმიერი მედიკამენტის ექიმის უკითხავად მიღება უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება, ვიდრე სარგებლის.“
„პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვრცელდება ინფორმაციები კორონავირუსისგან განკურნების ეფექტიანი საშუალებების შესახებ. ლაპარაკი იყო ნიორზე, ბროწეულის წვენზე და ა.შ. ერთი რამ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ეს პროდუქტები ნამდვილად სასარგებლო პროდუქტებია. ლიმონი არის ციტრუსებს შორის ყველაზე მაღალი C ვიტამინის შემცველობის. ნიორიც ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არცერთ მათგანს კორონავირუსზე რაიმე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა არ გააჩნია. ეს რომ ასე იყოს, ჩვენ უკვე გვეცოდინებოდა. ავტორიტეტული ორგანიზაციები უკვე მოგვაწვდიდნენ ამის შესახებ ინფორმაციას. მოსახლეობას ამ პროდუქტების გამოყენება ზოგადად ორგანიზმისთვის შეუძლია. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კორონავირუსთან მიმართებაში მათ რაიმე პოზიტიური ზეგავლენა არ გააჩნიათ. რაც ვიცით, რომ ზეგავლენას ახდენს, ეს არის ხელის ჰიგიენა, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.“
„ჩვენ თუ განვიხილავთ სეზონურად არსებულ გრიპის შტამს, რომელიც ახლა ცირკულირებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მათი სიკვდილობის პროცენტული მაჩვენებელი არ აღემატება 0,1 %-ს. ეს არის 1000 დაავადებული ადამიანიდან 1 გარდაცვალების შემთხვევა. რაც შეეხება კოვიდ-19-ის ინფექციას, აქაც ყველაფერი ნათელია. დღეს დაავადებულია 58 მილიონი ადამიანი და გარდაცვლილია 1 300 000 ადამიანი. ეს, რა თქმა უნდა, ზუსტი რიცხვი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ყველა პაციენტისტვის ანალიზი გაკეთებული და ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია. კორონავირუსის სიკვდილობის მაჩვენებელი ყველა ასაკის გათვალისწინებით არის 0,6-დან 1 %-მდე. გრიპისგან განსხვავებით, კოვიდ-19-ით გამოწვეული დაავადება 6-10-ჯერ უფრო მეტ ადამიანს იმსხვერპლებს და იწირავს. ეს არის უფრო ვერაგი და ცუდი ვირუსი. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვუყუროთ და თვალი გავუსწოროთ,“ - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.