როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ჩვენ არ უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა საკუთარ ორგანიზმს, უნდა მივენდოთ მას,“ - ნევროლოგი მარინა ჯანელიძე
ნევროლოგმა მარინა ჯანელიძემ პოსტკოვიდურ ეტაპზე სენსორული აღქმის ცვლილებების პრობლემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები ნერვული ბოჭკოების გაღიზიანებით არის გამოწვეული:
„ჩვენი შეგრძნება არის ძალიან სუბიექტური. ობიექტურად ექიმი ყოველთვის ეყრდნობა მონათხრობს. ჩვენი სენსორული აღქმა გარკვეულად იცვლება. აღქმის შეცვლის მიზეზი არის პოსტინფექციურ პერიოდში ნერვული ბოჭკოების გაღიზიანება, მათი ადეკვატური, სწორი ფუნქციონირების დარღვევა. სწორი ფუნქციონირება რას ნიშნავს? ჩვენ რაღაცები უნდა აღვიქვათ, რაღაცების მიმართ ჩვენი მგრძნობელობის ბოჭკოები უნდა იყოს დაკეტილი, ეს ინფორმაცია ტვინამდე არ უნდა მიდიოდეს. პერიფერია არის გაღიზიანებული. რაზეც არ უნდა იყოს რეაქცია, ნერვული სისტემა იმას პასუხობს არაადეკვატურად, ზედმეტად მგრძნობიარეა გარემოს ინფორმაციის მიმართ. ყველა ინფექციას ახასიათებს გამოფიტვა, დაღლილობა. ეს არის ჩვეულებრივი პოსტინფექციური მდგომარეობა. კოვიდის შემთხვევაში ეს ყველაფერი მაინც უფრო გამძაფრებულია.“
მარინა ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ადამიანებს უჭირთ დაღლილობის და გამოფიტვის შეგრძნებასთან გამკლავება, რაც ძლიერ შფოთვას იწვევს:
„ადამიანი, რომელიც რაღაცას ფუნქციონირებდა, ამბობს, რომ ფუნქციონირების იმ დონეს ვერ უბრუნდება, არის სულ დაღლილი. ჩვენ არ უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა საკუთარ ორგანიზმს. აქტიური ადამიანებისთვის ეს დაღლილობა იმდენად მიუღებელია, რომ ამას მოჰყვება შფოთვა. ყველა ჩვენი ზედმეტი ემოცია და შფოთვა აუცილებლად ამწვავებს პრობლემას. უნდა მივენდოთ ჩვენს ორგანიზმს. თუ დაღლილები ვართ, მეტი ვიძინოთ. საწოლისკენ თუ მიგვიწევს გული, დავწვეთ. არ ვანჯღრიოთ ზედმეტად ორგანიზმი. ეს არ ნიშნავს, რომ არც გავიაროთ, არც გამოვიაროთ.“
მარინა ჯანელიძის თქმით, დაღლილობასთან და გამოფიტვასთან გამკლავებას სიმშვიდის შენარჩუნება და გარკვეული დრო სჭირდება:
„ამას დრო მოიტანს. ამას არ უნდა არც მედიკამენტური თერაპია, სიმშვიდე უნდა. არ არის საჭირო უარყოფით ინფორმაციაზე მიჯაჭვულობა. მედია ძირითადად ამით არის მოცული. როდესაც შენ თვითონ პრობლემა გაქვს, დაღლილობა გაწუხებს და კიდევ სულ გესმის უარყოფითი ინფორმაცია ამ დაავადებასთან დაკავშირებით, ეს ამძაფრებს შენს პირად პრობლემას. ნუ დავიწყებთ ამ უარყოფითი ინფორმაციის გაუთავებლად გამეორებას, მოსმენას. ერთი სარწმუნო წყარო უნდა გვქონდეს. იმ სარწმუნო წყაროდან მივიღოთ დღეში ერთხელ ინფორმაცია. შემდეგ ვეცადოთ, რომ გადავერთოთ სხვა რამეზე. სასიამოვნო რამეებზე ვიფიქროთ.“
„ადამიანმა უნდა შეძლოს, ცოტა პოზიტივზე იფიქროს ამ სიტუაციაში. ეს არის მისი ხსნის საშუალება. კარგზე იფიქრეთ. კი ბატონო, ათასი უბედურება ხდება. ზოგიერთი ნევროლოგიური პრობლემა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე პოსტკოვიდ სინდრომი, მაგრამ ის ნაკლებია. პანდემია იმიტომაც ჰქვია ამას, რომ მოიცვა მთელი დედამიწა. ჩვენ ვეცადოთ, რომ საკუთარი თავი დავიცვათ,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა ჯანელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.