როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მრავალშვილიან ოჯახში დედისა და მამის სიყვარულიც თითქოს მრავლდება,“ - ფსიქოლოგი ლელა მუჯირი
ფსიქოლოგმა ლელა მუჯირმა ბავშვის განვითარებაზე მის მიმართ დედისა და მამის კეთილგანწყობის ზემოქმედების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის აღზრდა იწყება მისი მუცლადყოფნის ეტაპიდან:
„ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს დედას თავისი ნაყოფის მიმართ, კეთილგანწყობა, სიხარული, რომელსაც შიგნიდან ატარებს, ის მხარდაჭერა, სითბო, სიყვარული, რომელიც მოდის მისი მეუღლისგან, ეს ქმნის იმ გარემოს, რომლითაც საფუძველი ეყრება ბავშვის ჯანსაღ განვითარებას. ბავშვის დაბადების შემდეგ არის ძალიან სასიხარულო და ამავე დროს რთული პერიოდი. განსაკუთრებით ყველაფერი იცვლება დედისთვის. იცვლება მისი ფიზიოლოგია, მშობიარობა ახლად გადატანილი აქვს და აქვს აღდგენის პროცესი, რომელიც ზოგჯერ გარკვეული სირთულეებით მიმდინარეობს. გარედან სწორი დახმარების, ზრუნვის, სითბოს შემთხვევაში მისთვის ეს რთული პერიოდი ადვილად გადასალახია. ოჯახი იმიტომ არის, რომ ერთად უნდა გაუმკლავდნენ პრობლემებს. მამის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მამის ახლობლების, ბებიის, ბაბუის.“
ლელა მუჯირის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დედა და მამა ოჯახში სწორად ინაწილებდნენ ფუნქციებს:
„ოჯახებს შორის განსხვავებები არსებობს, როდესაც არის ერთადერთი შვილი, არის ორი შვილი, სამი და ა.შ. ბავშვებს შორის არის გარკვეული ურთიერთქმედებები და როლების გადანაწილება. და-ძმები, რა თქმა უნდა, არიან ერთმანეთთან კონკურენციის რეჟიმში, მაგრამ ამავე დროს მუდამ ეხმარებიან ერთმანეთს, მხარს უჭერენ ერთმანეთს, არის ემოციური გაცვლა-გამოცვლა. ეს მათ ეხმარება თავიანთი ბავშვური პრობლემების მოგვარებაში. დედის და მამის სიყვარულიც თითქოს მრავლდება. განწყობა და ემოციური მდგომარეობა უფრო მრავალფეროვანია მრავალშვილიან ოჯახში. ყოველი ახალი ბავშვი არის ახალი სიხარულის შემომტანი,“ - აღნიშნულ საკითხზე ლელა მუჯირმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.