როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
თავის ტვინის სრულყოფილი კვლევა ყველაზე მძლავრი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით ,,ნიუ ჰოსპიტალსშია’’ ხელმისაწვდომი
,,ნიუ ჰოსპიტალსში’’ 3 ტესლა სიმძლავრის ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის საშუალებით დროის მოკლე მონაკვეთში ტარდება თავის, ზურგის ტვინისა და ხერხემლის სვეტის დეტალური კვლევა, როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური.
ამ თემაზე უფრო დეტალურად MomsEdu.ge-ს ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგი მაია გაგუა ესაუბრა.
რა უპირატესობები და მახასიათებლები აქვს 3 ტესლა სიმძლავრის ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს?
მაია გაგუა: „თუ შევადარებთ სხვა ტომოგრაფებს, აღნიშნული ტომოგრაფით კვლევა ბევრად უფრო კომფორტულია პაციენტებისთვის და პროგრამული თვალსაზრისით მეტად უზრუნველყოფილია, აქვს ახალი რეჟიმები, რაც ძალიან გვეხმარება სხვადასხვა დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებასა და წარმონაქმნების დროულ აღმოჩენაში, როცა მათი ზომა ჯერ კიდევ რამდენიმე მილიმეტრია.
პედიატრიულ პოპულაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული აპარატით კვლევების ჩატარება, რადგან უფრო სწრაფი და ინფორმატიულია სხვა ტომოგრამებთან შედარებით. 6 წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევა ხდება დაძინებით, რომელიც გრძელდება მაქსიმუმ 20-30 წუთი, კვლევის დასრულებისთანავე ბავშვი იღვიძებს და 1-საათიანი ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის შემდეგ მიდის სახლში“.
ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირება, მათშორის ნევროლოგიური დაავადებების. ხაზგასასმელია, რომაღნიშნული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის საშუალებით საკმაოდ გამარტივებულია ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება.
მაია გაგუა: „დიახ, ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი საშუალებას გვაძლევს დროის მოკლე მონაკვეთში მივიღოთ უმაღლესი ვიზუალიზაციის მქონე გამოსახულება, შევისწავლოთ თავის ტვინის სისხლძარღვები არაინვაზიურად - უკონტრასტოდ, სპეციალური რეჟიმების საშუალებით განვსაზღვროთ თავის ტვინის პერფუზია სხვადასხვა დაავადების დროს, შევისწავლოთ სხვადასხვა მეტაბოლიტი სხვადასხვა დაავადების დროს, რაც აუმჯობესებს დიაგნოსტიკას და მკვეთრად ამცირებს დიფერენციულ დიაგნოსტიკას. ნეიროქირურგებისთვის ძალიან ინფორმატიულია პრეოპერაციული დაგეგმარებისთვის და ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრისთვის, რათა თავიდან ავირიდოთ პოსტოპერაციული ნევროლოგიური დეფიციტი და გართულებები“.
როგორც აღნიშნეთ, ნევროლოგიური დაავადებების კვლევის პროცესი გამარტივებულია, რა დრო სჭირდება და რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს კვლევისას პაციენტი?
მაია გაგუა: „ახალი აპარატით კვლევის პროცედურა უფრო სწრაფია და გრძელდება 15-დან 30-წუთამდე. ნაკლები ხმაურია, პაციენტს შეუძლია კვლევის განმავლობაში სასურველი მუსიკის მოსმენა. აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვებისა და ორსულებისთვის, რადგან ამ გამოკვლევის დროს არ არის რენტგენული გამოსხივება, კვლევა დაფუძნებულია მაგნიტური ველის არსებობაზე, რომელიც საფრთხის შემცველი არ არის“.
ნევროლოგიური დაავადებების კვლევამდე რაიმე სახის მომზადება თუ სჭირდება პაციენტს, რა უნდა გაითვალისწინოს?
მაია გაგუა: „კვლევამდე პაციენტს არანაირი მომზადება არ ესაჭიროება. რაც შეეხება კვებას, არც აქ არის შეზღუდვა საჭირო“.
და ბოლოს, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად და კონკრეტულად ნევროლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება?
მაია გაგუა: „ადრეული დიაგნოსტირება ნევროლოგიური დაავადების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც სხვა დაავადებების დროს, რათა თავიდან ავიცილოთ შორსწასული შემთხვევები და მინიმუმამდე დავიყვანოთ გართულებები და ინვალიდობის რისკი.
ამ კვლევის ჩატარებას ვურჩევ ყველა ადამიანს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პროფილაქტიკის მიზნით, რათა არაინვაზიურად მოახდინოს თავის ტვინის ანევრიზმის სკრინინგი და თავიდან აიცილოს ის გართულებები, რაც ამ დაავადებას ახასიათებს ანევრიზმის გასკდომის შემთხვევაში; ასევე, აუცილებელია ამ კვლევის ჩატარება ნებისმიერი ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პაციენტებში, როგორიცაა: თავისა და ხერხემლის ტკივილი, კიდურების სისუსტე და დაბუჟება, მეტყველების პრობლემები, გულყრა და ა. შ“.