როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვზე, როდესაც მშობელს მის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა უწევს და ამას შვილთან ხშირად აჟღერებს?
ხშირად მშობლებს მას შემდეგ, რაც შვილი ეყოლებათ, ბევრ რამეზე უარის თქმა უწევთ. მაგალითად, სამსახურზე, მეგობრებთან ერთად გართობასა და ა.შ. ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ყველაფერზე უარის თქმის შემდეგ მშობლები ბავშვს საყვედურობენ, რომ ეს მის გამო გააკეთეს და მსგავსი შინაარსის ფრაზებს შვილთან ხშირად აჟღერებენ. ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი ესაუბრა.
- რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვზე, როდესაც მშობელს მის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა უწევს და ამას შვილთან ხშირად აჟღერებს?
- თითქმის ყველა ვთანხმდებით, რომ მშობლის სიყვარული შვილის მიმართ უპირობოა და ბუნებრივია, ბავშვის მისამართით მსგავსი ტიპის საყვედურები, არ არის მართებული.
ადამიანის ცხოვრებაში შვილის დაბადება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც რადიკალურად ცვლის ოჯახის დინამიკას. შესაძლოა, ბავშვის დაბადება ოჯახურში გარკვეული სტრესის გამომწვევი იყოს. ცხადია, ბავშვის დაბადებასთან ერთად იცვლება ოჯახის წევრების სოციალური როლები. მშობლებს თუ აქამდე უწევდათ სხვადასხვა სოციალური როლის შესრულება, მაგალითად, მეუღლის, დის, შვილის, შვილიშვილის, ძმის, ბუნებრივია, ბავშვის დაბადებისას უწევთ ახალი როლის მორგება, რომელსაც „მშობლობას“ ვუწოდებთ. დროთა განმავლობაში ისინი რადიკალურად შეცვლილი ცხოვრების რეჟიმთან მორგებას ცდილობენ, თავს იჩენს ახალი გამოწვევები და პასუხისმგებლობები. სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ მშობლები ვერ ახერხებენ საკუთარი რესურსების აღდგენას ჩვეული ხერხებით, მეგობრებთან ურთიერთობა, გართობა, ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება. შესაძლოა, მშობლების მიერ მორგებული ახალი როლი, შინაარსით და ფორმით, მაგალითად, ბავშვის მიმართ გამოხატული საყვედური, ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ბავშვზე.
- შესაძლებელია თუ არა მსგავსმა საყვედურებმა, სამომავლოდ, ბავშვის ცხოვრებაზე იქონიოს ზეგავლენა?
- ცხადია, მშობლებისა და შვილის ურთიერთდამოკიდებულება მომავალში აისახება ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე: ბავშვი სწავლობს გარემოს მიმართ ნდობას ან უნდობლობას, აღიქვამს საკუთარ „მე“-ს, უჩნდება დანაშაულის გრძნობა ან ავლენს ინიციატივას, ხვდება რა ტიპის ქცევაა წახალისებული ან დასჯადი, ეუფლება საკუთარი სურვილების ეფექტურად გამოხატვის საშუალებებს, კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიებს.
მშობლების მხრიდან ბავშვის მისამართით უსიამოვნო ფრაზების გაჟღერებამ მომავალში, შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის თვითშეფასების დონის დაქვეითება, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, დანაშაულის განცდა, არასრულფასოვნების განცდა, სამყაროს მიმართ უნდობლობა და ა.შ.
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ოჯახში ემოციური ურთიერთობის სტილი, რომელშიც დომინირებს ნეგატიური ემოციები, მუდმივი კრიტიკა, დამცირება, დაშინება, უნდობლობა იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას, ზრდის შინაგან დაძაბულობას, შფოთვას, აგრესიას და ფსიქოსომატური აშლილობების რისკს.
- ზოგჯერ, თავისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მშობელი თავს ვერ აკონტროლებს და ამის გამო აჟღერებს არასასურველ ფრაზებს შვილის მიმართულებით. რას ურჩევდით მათ?
- მნიშვნელოვანია, მშობლები აცნობიერებდნენ, რომ ბავშვის დაბადების პერიოდში ოჯახი გადის ერთ-ერთ რთულ, კრიზისულ პერიოდს, რაც ბუნებრივია, დროებითია.
ოჯახურ სისტემაში მეუღლეთა ქვეტიპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა - საზღვრების განსაზღვრა, რაც წყვილს უტოვებს საკუთარ ტერიტორიას, ბავშვის ან ოჯახის სხვა წევრების გარეშე, რომელიც აუცილებელია მისი ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის. ასეთი საზღვრების არსებობა მნიშვნელოვანი ასპექტია ოჯახური სტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობისთვის.
სასურველია, მშობლებმა გაიაზრონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა, შეძლონ ემოციების მართვის სტრატეგიების დაუფლება, გააცნობიერონ საკუთარი მოთხოვნილებები და შეძლონ მათი დაკმაყოფილების ალტერნატიული გზების მოძიება, რაც უზრუნველყოფს, როგორც მეუღლეებს შორის, ასევე მშობლებსა და შვილებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობას.