როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
უსაფრთხოების 10 წესი, რომელიც ბავშვს აუცილებლად უნდა ასწავლოთ - ევგენი კომაროვსკი
ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მშობლებს უსაფრთხოების ის წესები გააცნო, რომელთა შესახებ ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს. მართალია, მშობლებს სურთ, რომ ისინი ყოველთვის შვილების გვერდით იყვნენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დამოუკიდებლობას მიაჩვიოთ და მას საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის აუცილებელი წესები ადრეული ასაკიდანვე გააცნოთ.
წესი №1. ბავშვმა ზეპირად უნდა იცოდეს თავისი სახელი, გვარი, მშობლების პირადი მონაცემები, რომელიმე ოჯახის წევრის მობილურის ნომერი და სახლის მისამართი. შესაძლოა, ბავშვი ასაკით პატარა იყოს, მაგრამ იზრუნეთ, რომ მან ნელ-ნელა დაიმახსოვროს პირადი მონაცემები. ძალიან კარგია, თუ მას ოჯახის რომელიმე წევრის მობილურის ნომერი ზეპირად ეცოდინება, თუმცა უკეთესია, თუ რომელიმე სხვა ოჯახის წევრის ნომერსაც დაიმახსოვრებს.
წესი №2. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცხო ადამიანს არაფერი გამოართვას. მას უნდა აუხსნათ, რომ როგორი მიმზიდველიც უნდა იყოს საჩუქარი, უცხო ადამიანისგან მისი აღება მაინც არ არის სასურველი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცხო ადამიანის მიერ შემოთავაზებული საკვები ან სასმელი, შესაძლოა, საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. ბავშვმა უცხო ადამიანისგან არც სათამაშოები უნდა მიიღოს.
წესი №3. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ღობეზე გადაძრომა უსაფრთხო აქტივობა არ არის. შესაძლოა, ფეხბურთის თამაშის დროს ბურთი ეზოდან გადავარდეს, ბავშვმა კი მის მოსატანად წასვლა და ღობეზე გადაძრომა სცადოს. ბავშვს ასწავლეთ, რომ თუ მსგავსი რამ მოხდა, მან დახმარება ნაცნობ უფროს ადამიანს უნდა სთხოვოს.
წესი №4. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ სასეირნოდ მარტო წასვლა არ შეიძლება. თუ ბავშვს სახლიდან გასვლა უნდა, მას მშობელი ან სანდო უფროსი ადამიანი უნდა ახლდეს თან.
წესი №5. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ცეცხლთან თამაში სახიფათოა. მას უნდა აუხსნათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა სახლში უფროსები იმყოფებიან თუ არა, ცეცხლთან მისვლა მას კატეგორიულად ეკრძალება. ბავშვი ცეცხლს მხოლოდ მაშინ უნდა მიუახლოვდეს, თუ მის გვერდით მშობელია და ის ამის წინააღმდეგი არ არის.
წესი №6. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცნობ ადამიანთან ერთად არსად წასვლა არ შეიძლება. მაშინაც კი, თუ ბავშვს უცხო ადამიანი ეტყვის, რომ ის ბავშვთან დედამ ან მამამ გამოგზავნა, ბავშვი მას არ უნდა გაყვეს და დახმარება ითხოვოს. ბავშვი გააფრთხილეთ, რომ თუ მასთან მისვლას ვერ ახერხებთ, მის წასაყვანად მხოლოდ ნაცნობ ადამიანს გაგზავნით.
წესი №7. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლების ან ძალიან ახლობელი ადამიანების გარდა არავის აქვს უფლება მას ჩაეხუტოს, მოეფეროს ან სხვა სახის ფიზიკური სიახლოვე ჰქონდეს. თუ ბავშვი ხედავს, რომ მას ვინმე ავიწროვებს, აუცილებლად უნდა ითხოვოს დახმარება.
წესი №8. თუ ბავშვი დაიკარგება, ის უნდა დარჩეს იმ ადგილზე, რომელზეც იმყოფება. ბავშვს აუხსენით, რომ მსგავს შემთხვევაში ის ადგილიდან შორს არ უნდა წავიდეს და უფროსებს სთხოვოს ხმამაღლა გამოაცხადონ მისი დაკარგვის შესახებ (თუ ეს ხდება ჰიპერმარკეტში, თეატრში ან სხვა მსგავს დაწესებულებაში).
წესი №9. ბავშვს აუხსენით, რომ უცნობ ადამიანს პირადი ინფორმაცია არ უნდა გაანდოს. დაუშვებელია უცხო ადამიანისთვის საკუთარი მისამართის, ტელეფონის ნომრის ან ფოტოების გაზიარება. თუ ვინმე ბავშვისგან მსგავსი სახის ინფორმაციის მიღებას ითხოვს, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მშობლებს.
წესი №10. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მან არასდროს უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც დისკომფორტს უქმნის. თუ მას სთხოვენ, რომ სხვების თანდასწრებით გამოიცვალოს ტანსაცმელი, იბანაოს აუზში ან მიირთვას რამე, რაც არ მოსწონს, ბავშვს უფლება აქვს მსგავსი მოთხოვნა გააპროტესტოს.