Baby Bag

ეს 7 ჩვევა ჯანსაღი და სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ

ეს 7 ჩვევა ჯანსაღი და სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ

ბავშვების ჯანსაღ საოჯახო გარემოში აღზრდას ზრუნვა და სიყვარული სჭირდება. ბავშვის აღზრდა ბევრ ადამიანს შეუძლია, თუმცა ყველა ვერ ახერხებს აღზარდოს ბავშვი სტაბილურ, სიყვარულით, ბედნიერებით და მზრუნველობით სავსე ატმოსფეროში. ​ჯანსაღი ოჯახური გარემო​ს შექმნისთვის გარკვეული ჩვევევის ჩამოყალიბებაა საჭირო.

  • 1. საოჯახო სადილების მოწყობა

სადილზე ოჯახის წევრებმა ერთმანეთის ნახვა უნდა მოახერხონ. საუზმეზე ყველას ეჩქარება. სადილობისას ადამიანები თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ და განტვირთვას ახერხებდნენ. ერთობლივი სადილები კომუნიკაციისა და ერთიანობის შესაძლებლობას იძლევა. ეცადეთ საოჯახო სადილები ტელევიზორის, ტელეფონისა და სხვა გასართობების გარეშე მიირთვათ.

  • 2. ოჯახური საუბრების გამართვა

ბავშვები ზრდასთან ერთად სოციალურად მეტად აქტიურები ხდებიან. ისინი ოჯახის მიღმაც ბევრ დროს ატარებენ და თავგადასავლებიც აქვთ. ყოველდღიურად ესაუბრეთ ბავშვებს. ჰკითხეთ, როგორ გაატარეს დრო და რა ხდება მათ ცხოვრებაში. შესაძლოა, მათ ყოველთვის არ მოისურვონ თქვენთან საუბარი, მაგრამ გააცნობიერებენ, რომ თქვენთვის მათი ცხოვრება მნიშვნელოვანია. ​თქვენც აუცილებლად გაუზიარეთ შვილებს თქვენი ყოველდღიური ამბები, რათა ბავშვებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ თქვენთან საუბრისას დაკითხვაზე იმყოფებიან.

  • 3. ოჯახური ტრადიციების დამკვიდრება

ბავშვობა ხანმოკლეა. აუცილებელია, რომ ის ბედნიერი და მოგონებებით აღსავსე იყოს. ოჯახური ტრადიციები მნიშვნელოვანია, რათა დაბადების დღეები და დღესასწაულები ერთად იზეიმოთ. რუტინა ყოველდღიურობის ნაწილია. ტრადიციები კი ყველასთვის განსაკუთრებულია. ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი სადღესასწაულო ტრადიციებია.

  • 4. ძილის რუტინის მოწესრიგება

ბ​ავშვის ძილის რუტინის მოწესრიგება არამხოლოდ მცირეწლოვან ასაკში, არამედ მოზარდობაშიც მნიშვნელოვანია. თინეიჯერებსაც კი მეტი ძილი სჭირდებათ, ვიდრე ზრდასრულებს. ბავშვები ყოველ ღამეს ერთსა და იმავე დროს დააძინეთ. ძილის წინ ბავშვს კითხვის ან თქვენთან საუბრის შესაძლებლობა მიეცით.

  • 5. ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა

ეკრანი ნებისმიერ ოჯახშია, რის გამოც ის ყველას ძალიან დიდ დროს გვართმევს. ​გირჩევთ, კვირაში ერთხელ მაინც ტელეფონები გვერდით გადადოთ, ტელევიზორი გამორთოთ და ოჯახთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ოჯახურ გარემოში ყოფნისას დარწმუნდებით, თუ რამდენ დროს და ბედნიერ წუთს გართმევთ ეკრანი ყოველდღიურად.

  • 6. ბავშვის ხშირად შექება

ბავშვი ყოველდღიურად უნდა წაახალისოთ და მისი ნებისმიერი მიღწევა აღნიშნოთ. მცირეწლოვან ბავშვებს მცირე მიღწევების დროსაც შექება და აღიარება ესაჭიროებათ. შეაქეთ ბავშვი, როდესაც სათამაშოებს ალაგებს ან დამოუკიდებლად ჩაცმას ცდილობს. მოზარდები საშინაო დავალების შესრულებისთვის შეაქეთ.

  • 7. ერთობლივი ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა

ვარჯიში ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებისთვის საუკეთესო აქტივობაა. ზაფხულში კარგია ბავშვებთან ერთად ცურვა, მათთან ერთად სუფთა ჰაერზე სეირნობა. ძალიან კარგია სადილის შემდეგ ოჯახთან ერთად ფეხით სიარული. ბავშვების განწყობაზე დადებითად მოქმედებს სახლის ეზოში ან პარკში მათთვის საყვარელი სპორტული აქტივობებით დაკავება.

მომზადებულია ​moms.com - ის მიხედვით

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებულ შემოქმედებით ღია კონკურსში, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკი 100" წლისთავს ეძღვნება, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით თებერვლის ბოლოს გამოცხადდა და მასში საქართველოს 9 რეგიონის - აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონკურსი ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესებას, ასევე, ეროვნული ბანკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისებას ისახავდა მიზნად.

კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. 

კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაეხატათ, შეემუშავებინათ დიზაინი/ანიმაცია, გამოეძერწათ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შეექმნათ 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკი 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი მოისმენენ ინტერაქციულ ლექციას ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემს.

იხილეთ გამარჯვებულ მოსწავლეთა ​ნამუშევრები.


წაიკითხეთ სრულად