Baby Bag

10 საფრთხის შემცველი ნივთი ბავშვის საძინებელში

10 საფრთხის შემცველი ნივთი ბავშვის საძინებელში

საყოფაცხოვრებო ნივთებში არსებული საფრთხეების ამოცნობა საკმაოდ რთულია. ზოგიერთი ნივთი, რომელიც ზრდასრული ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხოა, პატარებისთვის სახიფათოც შეიძლება აღმოჩნდეს. ჩვენს სტატიაში იმ 10 ნივთს გაგაცნობთ, ​რომლებიც ბავშვისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.

1. ბალიში

ზრდასრულებს კისრის არეში უსიამოვნო შეგრძნება უჩნდებათ, თუ ღამით თავი ბალიშზე არ უდევთ. ამის გამო ისინი საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობიან და ჩვილებისთვის ბალიშს დიდი მონდომებით ყიდულობენ. ბავშვის ჯანსაღი და უსაფრთხო ძილისთვის მას წლამდე ასაკში ბალიში საერთოდ არ ესაჭიროება. ჩვილმა, შესაძლოა, ძილის დროს მოულოდნელად სახე დაადოს ბალიშს, თუ ფეხზე დადგომა და სიარული იცის, ის ბალიშს საწოლიდან გადმოსაძრომად და საყრდენად გამოიყენებს. ბალიში, შესაძლოა, პატარასთვის ალერგენიც იყოს.

2. ჰაერის დამატენიანებელი

ჰაერის დამატენიანებელი ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. კარგად დატენიანებული ჰაერი ბავშვს ჯანსაღად სუნთქვაში ეხმარება. თუ ჰაერის დამატენიანებელს არასწორად გამოვიყენებთ, შესაძლოა, მან სოკოვანი დაავადებების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი და ოთახში მეტისმეტად ნესტიანი გარემო შექმნას. მსგავსი შეცდომა რომ არ მოგვივიდეს, პედიატრები გვირჩევენ ჰაერის ტენიანობის შესამოწმებელი ხელსაწყო შევიძინოთ. ოპტიმალური მაჩვენებელი ჰაერის 50 % -იანი ტენიანობაა.

3. მაგნიტი

მაგნიტური სათამაშოები, ციფრები და ფიგურები ბავშვის ყურადღებას მარტივად იქცევს, თუმცა ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ბავშვის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მაგნიტი სათამაშოზე კარგად არ არის მიმაგრებული. შესაძლოა, ბავშვს მაგნიტი გადაეყლაპოს და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. მსგავს სათამაშოებთან ბავშვი მარტო არასდროს დატოვოთ.

4. საწოლის გამოსაკრავები

მშობლებს ძალიან მოსწონთ საწოლის გამოსაკრავების შეძენა. მათი მეშვეობით ისინი ​ჩვილის ტრავმებისგან დაცვას ცდილობენ. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი გამოსაკრავები ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის. ბავშვი, შესაძლოა, სახით მიეჯახოს გამოსაკრავ ბალიშს, თუ გამოსაკრავი კარგად არ არის საწოლზე მიმაგრებული, შესაძლებელია, რომ ის ბავშვს სახეზე დაეცეს. გარდა ამისა, გამოსაკრავების გამოყენებამ, შესაძლოა, ბავშვის გადახურება გამოიწვიოს. ამერიკის პედიატრთა აკადემია საწოლის გამოსაკრავების გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს.

5. რადიოძიძა

ელექტროგაყვანილობების გამოყენება ბავშვის ოთახში ძალიან სახიფათოა. ბავშვის საწოლთან ახლოს რადოძიძის დამონტაჟებას არ გირჩევთ. შესაძლოა, ბავშვმა გაყვანილობას შემთხვევით ხელი მოჰკიდოს ან მისი დაღეჭვა სცადოს. უმჯობესია, თუ უკაბელო მოწყობილობებს შეიძენთ, ან მას ბავშვისგან მოშორებით დაამაგრებთ.

6. პლედი

პლედის პატარებთან გამოყენება იმავე მიზეზით არ შეიძლება, რა მიზეზითაც საწოლის გამოსაკრავებს არ ვუწევთ რეკომენდაციას. შესაძლოა, ბავშვმა სახეზე აიფაროს პლედი, რაც ჰაერის უკმარისობის საფრთხეს ქმნის. პლედი ბავშვს გადახურების რისკსაც უქმნის. ​18 თვემდე ბავშვის საწოლში ზედმეტი ნივთები არ უნდა გქონდეთ. თუ გეშინიათ, რომ ბავშვს შესცივდება, სპეციალური საძილე კომბინიზონები გამოიყენეთ.

7. სათამაშოები ელემენტებით

ელემენტები ბავშვისთვის ძალიან სახიფათოა. იმ შემთხვევაში, თუ ის ელემენტს გადაყლაპავს, შესაძლოა, საყლაპავის სერიოზული დამწვრობა განუვითარდეს. ელემენტების მოხვედრა სახიფათოა ცხვირსა და ყურებშიც. არასდროს დატოვოთ ბავშვი ელემენტებთან ახლოს. კარგად დააკვირდით სათამაშოებს, თუ რამდენად უსაფრთხოდ არის მათში ელემენტები მოთავსებული.

8. არამყარი ავეჯი

ავეჯი ბავშვის ოთახში აუცილებლად მყარი უნდა იყოს. საქმე არ ეხება მხოლოდ კარადებსა და სხვა დიდი ზომის ავეჯს. ნებისმიერი სარკე, ტექნიკა ან სხვა სახის ავეჯი მყარი უნდა იყოს, რათა ბავშვს მოულოდნელად არ დაეცეს. ეცადეთ ავეჯი მყარად მიამაგროთ კედლებს. არასდროს დადოთ ბავშვისთვის მიმზიდველი ნივთი მისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე, რათა​ ის გადმოვარდნის საფრთხისგან დაიცვათ.

9. არომატული სანთლები

არომატული სანთლები ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. თუ ოთახში ჰაერი კარგად არ ცირკულირებს, შესაძლოა, მძაფრმა არომატებმა ბავშვებში ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, განსაკუთრებით, თუ მათ ასთმა აქვთ. ბავშვის ფილტვები განვითარების პროცესშია, რის გამოც მასზე მსგავსი მავნე ნაერთებით ზემოქმედება არ შეიძლება. თუ ოთახში უსიამოვნო სუნია, ბავშვი ოთახიდან გაიყვანეთ და ფანჯარა გამოაღეთ, რათა ჰაერი გასუფთავდეს.

10. რბილი სათამაშოები გრძელი ბეწვით

რბილი სათამაშო ბავშვის საწოლში არ დატოვოთ, როდესაც ის იძინებს, ​რათა ის მოგუდვის საფრთხისგან დაიცვათ. ყურადღება მიაქციეთ, რამდენად კარგად არის შეკერილი სათამაშო. ნუ იყიდით ისეთ სათამაშოს, რომელსაც გრძელი ბეწვი აქვს. ადრე თუ გვიან ბეწვი ცვენას დაიწყებს და ის ბავშვის პირის ღრუშიც შეიძლება აღმოჩნდეს.

მომზადებულია​ adme.ru - ს მიხედვით


არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

უსაფრთხოების 10 წესი, რომელიც ბავშვს აუცილებლად უნდა ასწავლოთ - ევგენი კომაროვსკი
​​ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მშობლებს უსაფრთხოების ის წესები გააცნო, რომელთა შესახებ ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს. მართალია, მშობლებს სურთ, რომ...

შეიძლება დაინტერესდეთ

წყლის დალევა ჭამის დროს ან მის შემდეგ - აქვს თუ არა მას ზეგავლენა საჭმლის მონელებაზე ან წონაზე?

წყლის დალევა ჭამის დროს ან მის შემდეგ - აქვს თუ არა მას ზეგავლენა საჭმლის მონელებაზე ან წონაზე?

წყლის დალევა ჭამის დროს ან მის შემდეგ, აქვს თუ არა მას ზეგავლენა საჭმლის მონელებაზე ან წონაზე? - აღნიშნულ თემაზე ექიმი ​ზაზა თელია საუბრობს. 

,,არსებობს სპეკულაცია რომ ჭამის შემდეგ წყლის დალევა ხელ უშლის მონელებას და წონის კლებას.

სამწუხაროდ ამ სპეკულაციის ავტორები ადამიანის ფიზიოლოგიაში ვერ ერკვევიან.

ეს არის რჩევა, რომელიც შეიძლება მოისმინოთ მეგობრისგან სადილის დროს ან ექიმისგან: ,,ჭამამდე, ჭამის დროს და ჭამის შემდეგ წყალი არ უნდა დალიო - ეს საჭმლის მონელებისთვის საზიანოა და წონის კლებაში ხელს შეგიშლის.”

ეს რეკომენდაცია მან შეიძლება წლების წინ გაიგო ან წაიკითხა საბჭოთა ლიტერატურაში და ჩათვალა, რომ ეს სიმართლე იყო, ან ახლახან წაიკითხა ინტერნეტში, სადაც ასეთი არასარწმუნო ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და მარადიულად ცოცხლობს.

მოდით განვიხილოთ ეს საკითხი:

1. როგორც უკვე ავღნიშნე წყლის უარყოფითი გავლენა საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ არ შეესაბამება ადამიანის ნორმალურ ფიზიოლოგიას.
საჭმლის მონელების პროცესის სწრაფი მიმოხილვა:

საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუში, სადაც საჭმელი ქუცმაცდება და რბილდება - ფიზიკურად ღეჭვით და ქიმიურად სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოყოფილი ფერმენტებით.

შემდეგ საკვები საყლაპავის გავლით გადადის კუჭში, სადაც იშლება კუჭის მჟავა წვენით.

ამის შედეგად მიღებული ნარევი გადადის წვრილ ნაწლავში.

ზემოთ მოცემულ ეტაპზე ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვის 75 პროცენტი.

დანარჩენი რაც არ შეიწოვება გადამუშავდება მსხვილ ნაწლავში და შემდეგ გამოიყოფა.

მთელი პროცესი 24–დან 72 საათამდე გრძელდება.

მითი იმის შესახებ, რომ წყალი ახდენს კუჭის წვენის განზავებას, არ შეესაბამება ადამიანის ფიზიოლოგიას რამდენიმე მიზეზის გამო:

1. წყალი მიღების შემდეგ შეიწოვება კუჭში საკმაოდ სწრაფად - როგორც წესი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი შესაძლო განზავება კუჭის წვენისა წყლით ტრანზიტორულია (გარდამავალი).

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კუჭი წყლით მთლიანად სავსე იქნება, ეს ხელს არ შეუშლის საჭმლის მონელებას, რადგან წყალი ხელს არ შეუშლის ფერმენტების აქტივობას, რადგან ფერმენტები უერთდებიან და ზემოქმედებენ მხოლოდ საკვების ნაწილაკებს, იმის მიუხედავად რა რაოდენობის წყალია კუჭში.

2. ასევე არც წყალი არ მოქმედებს კუჭის მჟავიანობაზე.

კუჭი გამოჰყოფს და რეაგირებს იმდენი მჟავის გამოყოფით, რამდენიც საჭიროა კუჭში მოხვედრილი საკვების მოსანელებლად.

არ არსებობს კონკრეტული მჟავის გამოყოფის რაოდენობა, ის დამოკიდებულია კუჭში მოხვედრილი საკვების რაოდენობაზე.

3. მითი, რომ წყალი ანელებს ტემპს, რომლის დროსაც საკვები გადადის კუჭიდან წვრილ ნაწლავში ასევე ეწინააღმდეგება ფიზიოლოგიას.

ჭამის დროს წყლის დალევა გავლენას არ ახდენს კუჭის დაცლის სიჩქარეზე.

პირიქით - ჭამის დროს წყლის დალევამ შეიძლება ხელი შეუწყოს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ღეჭვის და ყლაპვის ეტაპზე, სადაც მას შეუძლია ხელი შეუწყოს საჭმლის დარბილებას და საყლაპავში გადატანას.

ასევე კარგად ჰიდრატირებული სხეული ეხმარება საჭმლის მონელებას ელიმინაციის ეტაპზე - ეხმარება განავალს დარბილებაში და ნაწლავში გადაადგილებაში, შესაბამისად ამცირებს შეკრულობას.

ასევე ჭამის წინ წყლის დალევის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი არის ის, რომ ის დროებით (გახსოვდეთ, ის შეიწოვება დაახლოებით 20 წუთში) იკავებს ადგილს თქვენს კუჭში.

ეს ხელს შეუწყობს ჭამის დროს სავსეობის შეგრძნებას.

თუ თქვენ წონაში დაკლებას ცდილობთ ჭამის წინ 1½ - 2 ჭიქა წყლის მიღება ასოცირდება ნაკლები საკვების მიღებასთან ჩატარებული კვლევების მიხედვით.
უფრო დეტალურად:

არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ წყალს შეუძლია განზავება მოახდინოს საჭმლის მომნელებელი წვენის ან ხელი შეუშალოს საჭმლის მონელებას.

შეუძლებელია კუჭის მჟავა წვენის ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი განზავება წყლის მიღებით:

კუჭის მჟავის pH (მჟავიანობა) არის <1.

ეს ნიშნავს, რომ თქვენი კუჭის მჟავა 100,000–ჯერ უფრო მჟავურია ვიდრე წყალი (წყლის pH ~ 7).

You cannot dilute your stomach acid in any physiologically meaningful way (e.g. HURT the digestive system)1 by drinking water during a meal. The pH of stomach acid is <1. That means your stomach acid is 100,000 x more acidic than water (pH of ~7).

წყალმა შეიძლება შეამციროს მადა და შესაბამისად, მიღებული კალორიების რაოდენობა.

საჭმელთან ერთად წყლის დალევა ასევე დაგეხმარებათ პაუზის გაკეთებაში, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სიგნალი თქვენი შიმშილისა და სავსეობის შესახებ.

ამან შეიძლება თავიდან აგაცილოთ ზედმეტი ჭამა და შესაძლოა წონის დაკლებაშიც კი დაგეხმაროთ.

გარდა ამისა, ერთმა 12-კვირიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებმა, რომლებიც სვავდნენ 17 უნცია წყალს (500 მლ) თითოეული ჭამის წინ, დაიკლეს 2 კგ-ით მეტი, ვიდრე მათ, ვინც არ მიიღეს წყალი ჭამამდე

ასევე რამოდენომე კვლევის მიხედვით - წყალმა შეიძლება დააჩქაროს თქვენი მეტაბოლიზმი დაახლოებით 24 კალორიით ყოველ 17 უნციაზე (500 მლ), რომელსაც მოიხმართ.

ძალიან საინტერესოა, რომ დახარჯული კალორიების რაოდენობა შემცირდა, როდესაც წყალი სხეულის ტემპერატურაზე გათბა.

ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ თქვენი სხეული მეტ ენერგიას იყენებს ცივი წყლის გასათბობად სხეულის ტემპერატურამდე.

ამიტომ თბილი წყლის მიღებას ჯობია ცივის მიღება.

გასათვალისწინებელია, რომ ეს ინფორმაცია წყალს ეხება და არა კალორიულ სასმელებს.

ერთ მიმოხილვაში, საერთო კალორიების მიღება 8-15%-ით მეტი იყო, როდესაც ადამიანები მოიხმარდნენ შაქრიან სასმელებს.

დასკვნა:

საჭმელთან ერთად ან მის შემდეგ წყლის დალევა ხელს შეგიწყობთ მადის რეგულირებაში, ხელს შეუშლის ზედმეტი საკვების მიღებას და ხელს შეუწყობს წონის კლებას,'' - აღნიშნავს ზაზა თელია. 

წაიკითხეთ სრულად