Baby Bag

10 ოქროს წესი ბავშვის ჯანსაღი ძილისთვის - ევგენი კომაროვსკი

10 ოქროს წესი ბავშვის ჯანსაღი ძილისთვის - ევგენი კომაროვსკი

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში ბავშვის ჯანსაღი ძილისთვის აუცილებელი წესების ნუსხა გამოაქვეყნა. აღნიშნული წესების დახმარებით მშობლებს შვილების ძილის რეჟიმის მოწესრიგება მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ.

1. პრიორიტეტები სწორად განსაზღვრეთ

ოჯახი სრულფასოვანი, ბედნიერი და ძლიერია, როდესაც მშობლებს დღე-ღამეში 8 საათიანი ძილის შესაძლებლობა აქვთ. საკვებსა და სასმელზე, ​სუფთა ჰაერსა და ძილზე მეტად ბავშვს ჯანმრთელი, დასვენებული და ერთმანეთზე შეყვარებული მშობლები ესაჭიროება.

2. ზუსტად განსაზღვრეთ დაძინების დრო

დაბადების დღიდანვე ბავშვისა და ოჯახის ძილის რეჟიმი ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. ღამის ძილისთვის მზადება ნაადრევად დაიწყეთ. ძილისთვის საკუთარი თავიც და ბავშვიც უნდა მოამზადოთ. განსაზღვრეთ დრო, როდესაც ბავშვმა უნდა დაიძინოს. ეს დრო თქვენთვისაც კომფორტული და მისაღები უნდა იყოს. დადგენილ რეჟიმს ბოლომდე უერთგულეთ.

3. გადაწყვიტეთ სად და ვისთან ერთად დაიძინებს ბავშვი

ამ შემთხვევაში სამი შესაძლებლობა განიხილება:

  • ბავშვის საწოლი მშობლების საძინებელშია - განსაკუთრებით გამოსადეგია წლამდე ასაკის ბავშვებთან და დასაშვებია სამ წლამდე ასაკის პატარებთან.
  • ბავშვის საწოლი მის საძინებელშია - იდეალურია ერთ წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის.
  • ბავშვს მშობლების საწოლში სძინავს - პედიატრების დიდი ნაწილი აღნიშნულ პრაქტიკას არ იზიარებს, რადგან ბავშვის ჯანსაღ ძილთან მას არაფერი აქვს საერთო.​

4. ბავშვის გამოღვიძება არ უნდა გაშინებდეთ

თუ გსურთ, რომ ბავშვმა ღამით კარგად დაიძინოს,​ დღისით ზედმეტი ძილის უფლებას ნუ მისცემთ. სამ თვემდე ასაკში ბავშვს დღის განმავლობაში საშუალოდ 16-20 საათი უნდა ეძინოს, ექვსი თვის ბავშვს - 14,5 საათი, 12 თვის პატარას - 13,5 საათი. 2 წლის ბავშვისთვის ნორმად ითვლება დღე-ღამეში 12 საათი ძილი, 4 წლის ასაკისთვის ნორმაა 11, 5 საათი. 6 წლის ბავშვს საშუალოდ 9,5 საათი უნდა ეძინოს, ხოლო 12 წლის ასაკიდან ნორმად ითვლება 8,5 საათიანი ძილი. როდესაც ვიცით, რომ ექვსი თვის ბავშვს დღეში 14, 5 საათი უნდა ეძინოს, ღამით 8 საათიანი მშვიდი ძილისთვის აუცილებელია, რომ მას დღეში 6,5 საათამდე ეძინოს. თუ ჩვილს საშუალებას მისცემთ დღისით 9 საათის განმავლობაში ეძინოს, ღამით ის 8 საათს ძილს აღარ დაუთმობს. სწორედ ამიტომ, ბავშვის გამოღვიძებას ნუ შეუშინდებით.

5. მოაწესრიგეთ კვების რეჟიმი

ჩვილი პირველი თვის განმავლობაში ღამით 1-2-ჯერ იკვებება, ​3-6- თვის ასაკის ბავშვს ღამით ერთჯერადად გამოკვებაც დააკმაყოფილებს. ექვსი თვის ასაკიდან ჩვილს ღამით კვება არ სჭირდება. ბავშვს ღამის განმავლობაში შესაძლოა ხელით ტარება, რწევა, სიმღერის მოსმენა და სხვა სახის გასართობი მოუნდეს. შესაძლებელია, მისი მოთხოვნები უფრო გახშირდეს და გაიზარდოს იმის მიხედვით, რამდენად კმაყოფილდება მისი მოთხოვნები. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ღამის საათებში ბავშვის რწევა, ხელით ტარება და პარალელურ რეჟიმში სიმღერა ნორმალურია, როდესაც დილით სამსახურში უნდა წახვიდეთ, შეგიძლიათ ასე მოიქცეთ. ამასთან გახსოვდეთ, რომ თუ ასე მოიქცევით, ბავშვის ჯანსაღ ძილს უნდა დაემშვიდობოთ. გირჩევთ, გართობისა და თამაშის წესები ერთხელ და სამუდამოდ მკაცრად განსაზღვროთ. ბავშვი საღამოს მსუბუქად გამოკვებეთ. მომდევნო კვებაზე (იგულისხმება ძილის წინ კვება) ის კარგად დაანაყრეთ. როდესაც ბავშვი გამოიღვიძებს და ტირის, აუცილებელი არ არის, რომ მაშინვე საკვები შესთავაზოთ. ტირილს შიმშილის გარდა ბევრი სხვა მიზეზი აქვს. ჭარბი კვება ტკივილისა და ტირილის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

6. დღე სასიამოვნოდ გაატარეთ

აქტიური ცხოვრებით იცხოვრეთ,​ ისეირნეთ, სუფთა ჰაერზე იძინეთ, ბავშვს აქტიური თამაშისა და სამყაროს შემეცნების შესაძლებლობა მიეცით. ფიზიკური დატვირთვა, რომელიც ექსტრემალური არ არის, ბავშვის ძილს ძალიან რგებს. საღამოს საათებში ბავშვი ემოციურად არ უნდა დაიტვირთოს. მშვიდი თამაშები, კეთილი ზღაპრების კითხვა, დედის სასიამოვნო სიმღერა - რა შეიძლება იყოს უფრო უკეთესი ღამის ძილისთვის მოსამზადებლად?!

7. საძინებელში ჰაერის ტემპერატურა დაარეგულირეთ

სუფთა, გრილი ჰაერი ძილისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. ოთახის განიავება, სველი წესით დალაგება, ჰაერის დამატენიანებლების გამოყენება, ტემპერატურის შემოწმება - ეს ყოველივე ბავშვის ჯანსაღი ძილის ხელშემწყობი ფაქტორებია. თუ ბავშვს იმავე ოთახში სძინავს, სადაც მთელ დღეს ატარებს, ტემპერატურა 18-20 გრადუსი უნდა იყოს. თუ პატარას ცალკე საძინებელი აქვს, ტემპერატურა 16-18 გრადუსამდე უნდა მერყეობდეს. ჰაერის ტენიანობა 50-70 %-ს უნდა უტოლდებოდეს.

8. ბანაობა ბავშვს კარგად ჩაძინებაში დაეხმარება

საღამოს საათებში ​ბანაობა პატარას ფიზიკურადაც დაღლის და მადასაც გაუძლიერებს. გემრიელად დანაყრების შემდეგ კი მას სასიამოვნოდ ჩაეძინება. ბანაობამდე გიმნასტიკა ან მასაჟი, ხოლო ბანაობის შემდეგ თბილი ტანსაცმელი ბანაობის ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს.

9. საწოლი სათანადოდ მოამზადეთ

ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან ბალიში არ დაგჭირდებათ. ორი წლის შემდეგ ბალიშის გამოყენება მისაღებია. შეარჩიეთ ნატურალური ქსოვილის თეთრეული. თეთრეულის გარეცხვის დროს გამოიყენეთ სპეციალურად ბავშვისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები.

10. გამოიყენეთ ხარისხიანი საბავშვო საფენები

ერთჯერადი საბავშვო საფენები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გამოგონებაა. მისი დახმარებით ბავშვისა და მისი გარშემომყოფების ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ხარისხიანი საბავშვო საფენის გამოყენება ​10 ოქროს წესს შორის ყველაზე მარტივად შესრულებადია. საბავშვო საფენი აუცილებლად მოსახერხებელი, საიმედო, ეფექტიანი და უსაფრთხო უნდა იყოს.

​წყარო

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

ბავშვის მოვლის 5 კანონი ევგენი კომაროვსკისგან, რომელიც ბებიებს ნაკლებად მოსწონთ
​ბებიები და დედები ბავშვის აღზრდის საკითხებს განსხვავებულად უდგებიან. მათ პატარების მოვლის თავისებური მეთოდები აქვთ. ბებიები დედებს ხშირად აკრიტიკებენ, როდესაც ხედავენ, რომ ისინი თანამედროვე პედიატრებ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ძროხის რძე მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდის - უახლესი კვლევების შედეგები

ძროხის რძე მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდის - უახლესი კვლევების შედეგები

მკერდის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დიაგნოზირებადი სიმსივნეა. ბევრ ქვეყანაში ის სიმსივნეასთან დაკავშირებული ქალთა გარდაცვალების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.

მართალია მკერდის კიბოს ჩამოყალიბების რისკს გენეტიკური ფაქტორები ყველაზე მეტად ზრდის, თუმცა ქალის ცხოვრების წესი, ალკოჰოლის მოხმარება და ჭარბწონიანობა მის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 2020 წელს ორმა განსხვავებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძროხის რძე მკერდის სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორია.

პირველმა კვლევამ, რომელიც 33 780 შვედ ქალს 1997 წლიდან აკვირდებოდა, აღმოაჩინა, რომ დღის განმავლობაში 300 მილილიტრი ძროხის რძის მიღება სამჯერ ზრდიდა ძუძუს კიბოს განვითარების რისკებს იმ ქალბატონებთან შედარებით, რომლებიც ძროხის რძეს საერთოდ არ სვამდნენ.

მეორე კვლევამ, რომელიც აშშ-ში ჩატარდა და რომელშიც 52 795 ქალი რვა წლის მანძილზე დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, დაადგინა, რომ ქალებს, რომლებიც დღეში 300 მილილიტრ ძროხის რძეს იღებდნენ, მკერდის სიმსივნის განვითარების 50%-ით მაღალი რისკი ჰქონდათ იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც ძალიან ცოტა ძროხის რძეს მიირთმევდნენ.

​ორივე კვლევამ აჩვენა, რომ რძის მიღება გავლენას ახდენდა მხოლოდ პოსტმენოპაუზურ პერიოდში ესტროგენით სტიმულირებული ძუძუს კიბოს ჩამოყალიბებაზე.

კვლევების დიზაინის გამო, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ რძის მიღებასა და ძუძუს კიბოს ჩამოყალიბებას შორის კავშირი არსებობს, თუმცა არ დაუდასტურებიათ, რომ ძროხის რძის მიღება მკერდის სიმსივნის გამომწვევი უშუალო მიზეზია.

ძროხის რძე ბუნებრივად შეიცავს უჯრედების ზრდისა და გაყოფის სტიმუალტორებს. აღნიშნული სტიმულატორები ორგანიზმში ზრდის ფაქტორი IGF1-ის დონის მატებას უწყობს ხელს. კვლევებით დასტურდება, რომ იმ ადამიანებში, ვისაც ზრდის ფაქტორი IGF1-ის მაღალი დონე აქვთ, მკერდის სიმსივნის განვითარების რისკი მაღალია, სწორედ ამიტომ, ძროხის რძის ჭარბი რაოდენობითი მიღება, შესაძლოა, მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდიდეს.

წყარო:​ theconversation.com

წაიკითხეთ სრულად