- ადრეული განვითარების წლები, ერთი მხრივ, უდიდესი მოწყვლადობის, მეორე მხრივ კი, დიდი შესაძლებლობების პერიოდია. დაბადებამდე ბავშვი კომფორტული გარემოს მკვიდრია. აქვს საუცხოო რეჟიმი: არც ჭამა-სმა ადარდებს, არც სიცივე აწუხებს და ძილშიც არავინ უშლის ხელს. აქვს თბილი, მყუდრო, თვალისთვის სასიამოვნო, წითელი ფერის გარემო, თავისუფლად მოძრაობს ამნიონურ სითხეში. ასევე დიდი რაოდენობით გადაეცემა ორსულობის დროს დედის ორგანიზმში მომეტებულად გამომუშავებული ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონი ენდორფინი. ზოგი ფსიქოლოგი ამ პერიოდს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე უსაფრთხო და ბედნიერ ხანად მიიჩნევს. ამ ბედნიერი ყოფის მუდმივობის გარანტი დედის გულისცემაა, რომელიც მუდმივად ესმის ნაყოფს და აი, იწყება მშობიარობა, ბავშვის ამქვეყანაზე მოვლენის პროცესი. მშობიარობა ფიზიოლოგიური პროცესია, რომელშიც დედასთან ერთად ბავშვიც აქტიურად მონაწილეობს. მშობიარობის დასაწყისში საშვილოსნოს შეკუმშვა ნაყოფში ბადებს განგაშის გრძნობას, ნაყოფი აქტიურდება, მოძრაობს სამშობიარო გზებში და იბრძვის ამქვეყანაზე მოსავლენად. ფსიქოლოგების მოსაზრებით, ეს არის პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი იღებს თავისი ცხოვრების მანძილზე. ბავშვისთვის დაბადებით მიღწეული გამარჯვება კმაყოფილების შეგრძნებაა. ადამიანი დაიბადა, ის ჯერ ძალიან პატარა და უსუსურია. აი, აქ თავს იჩენს განსხვავებული, მანამდე უცნობი მდგომარეობა - ბავშვი ერთბაშად უჩვეულო სამყაროში აღმოჩნდა. მისთვის ყველაფერი საოცარი სისწრაფით შეიცვალა: სითბო-სიცივით, სითხე-ჰაერით, სიბნელე-თვალისმომჭრელი სინათლით, სიჩუმე-ხმაურით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დედასთან სრული ერთიანობა, სრული სიმარტოვით. იწყება პატარას ცხოვრების ახალი ეტაპი. გარანტია იმისა, რომ ცხოვრების ამ შეუცნობელ ეტაპზე ის მარტო არ არის, გაგონებაა დედის გულისცემისა. როგორ მივაღწევთ ამას, თუ არა ჩვილის ხელში აყვანით და მოფერებით. მისთვის ჯერ კიდევ უცხო სამყაროში უზომოდ სჭირდება დედასთან ძველებური ერთიანობის განცდა. ნუ დაიშურებთ დროსა და მონდომებას, ამით თქვენი პატარა უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობს თავს, არ შეეშინდება საწოლში გარკვეული პერიოდის შემდეგ მარტო დარჩენის, რადგან ეცოდინება, რომ დედა აქვეა, გვერდით და ის ამ სამყაროში მარტო არ არის, შესაბამისად, აღარ დასჭირდება ხელში ხშირად აყვანა.
- ბავშვის ნერვული სისტემისთვის რა არის უკეთესი, ხელში გვეჭიროს (ხშირად) თუ არ ავიყვანოთ და რატომ?
- კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ადამიანის ცხოვრების პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც სხვაზე დამოკიდებული უმწეო და უსუსური ახალშობილი მოსიარულე, მოლაპარაკე, პრობლემებთან გამკლავების უნარის მქონე ბავშვად ჩამოყალიბდება. ეს საოცარი ცვლილებები განპირობებულია რთული ურთიერთკავშირით გენებსა და გარემო-ფაქტორებს, ბუნებასა და აღზრდას შორის. განვითარებისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც საკვები წონაში მატებისთვის. ბავშვები სიცოცხლის დასაწყისშივე მზად არიან ურთიერთობებისათვის. სწორედ ეს ურთიერთობაა ტვინის ადრეული განვითარების პირველი ხელშემწყობი ფაქტორი. ჩვილი იბადება უნარით, დაინტერესდეს მის გარშემო არსებული სახეებით და დაამყაროს უსიტყვო, არავერბალური ურთიერთობები სხვებთან. როდესაც უფროსი ადამიანი პასუხობს ჩვილის დაჟინებულ მზერას, ღიმილს, ღუღუნს, ყალიბდება ჯაჭვი ემოციების ურთიერთგასაცვლელად. სწორედ ეს ჯაჭვი ხდება წამყვანი ჩვილის ტვინში ნერვული კავშირების განვითარებისა და გამყარებისათვის. ცოცხალი ურთიერთობა არის განვითარების საფუძველი. უამრავი კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ადრეულ ასაკში დადებითი/პოზიტიური გამოცდილება ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღი არქიტექტურის ფორმირებას, ხოლო ადრეული უარყოფითი გამოცდილება: უყურადღებოდ დატოვება ასუსტებს ტვინის ფორმირების პროცესს. ამიტომ, აუცილებლად უნდა აიყვანოთ პატარა ხელში, დაამშვიდოთ, როდესაც ტირის. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხელში აყვანა მარტო ტირილისას არ არის საკმარისი, მას მაშინაც უნდა მიეფეროთ და სიახლოვე აგრძნობინოთ, როდესაც მშვიდადაა და არაფერი აწუხებს.
- შეუძლიათ თუ არა ჩვილებს დაუხმარებლად თავის დამშვიდება და რამდენად არის მათი ტირილი მანიპულირება, რომ დედამ ხელში აიყვანოს?
- ვიდრე პატარას ტირილის დროს მისი თვითდამშვიდების ჩვევის ჩამოყალიბებას ეცდებით, რამდენიმე საკითხი უნდა გაითვალისწინოთ. მართალია, ბავშვები ტირილის დიდოსტატები არიან და უფროსებთან ურთიერთობის ყველაზე ძლიერი, ზოგჯერ ერთადერთი საშუალებაა. ჩვილობის ასაკში ტირილს სხვადასხვა ობიექტური მიზეზიც აქვს: შია, სწყურია, გამოცვლა უნდა, ან ზოგჯერ უფროსის ყურადღება სჭირდება. იმის მიხედვით, თუ რატომ ტირის პატარა, ტირილის ტონალობაც განსხვავებულია. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი ტირის.
- დააკვირდით ბავშვის ტირილის ხასიათს და ეცადეთ, გაარკვიოთ მისი მიზეზი;
- დაუყოვნებლივ აიყვანეთ ხელში, დაამშვიდეთ;
- შემდეგ ტირილის ობიექტური მიზეზი მოაგვარეთ - საჭირეობის შემთხვევაში გამოუცვალეთ, შესთავაზეთ საკვები, მიეფერეთ, უმღერეთ.
პირველი 6 თვის განმავლოვაში ასეთი მოპყრობით არ გაანებივრებთ. თქვენი რეაქცია ბავშვს აგრძნობინებს, რომ ის მარტო არ არის. ეს გარკვეულწილად განსაზღვრავს, რომ იგი მომავალში ცხოვრებას მეტი ნდობით მოეკიდება. ასაკის მატებასთან ერთად ხვდება, რომ მას ხშირად ტირილის დროს ეფერებიან და 6 თვის შემდეგ ტირილს ყურადრების მისაქცევად იყენებს.
თუ წლის მეორე ნახევარში ბავშვი უმეტესად უმიზეზოდ ტირის, თავი შეიკავეთ მისი ყველა კაპრიზის დაკმაყოფილებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პატარა „დესპოტად“ გადაიქცევა. აცადეთ, თავად დამშვიდდეს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, თქვენ წონასწორობიდან გამოგიყვანოთ, სადღაც გაქცევა მოინდომოთ, რათა ტირილი არ გაიგონოთ, შეეცადეთ, აღიდგინოთ სიმშვიდე, გაიხსენეთ, როგორ ელოდით ამ პატარა მტირალა არსებას, როგორი ბედნიერი იყავით მისი პირველი დანახვისას. არც ის დაივიწყოთ, რომ სწორედ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ პაწია, უმწეო ადამიანზე.
- ასევე, აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვისთვის არ არის კარგი, თუ მშობლები 6 თვიდან კიდევ ლოგინში ჩაიწვენენ, ამაზე რას ფიქრობთ?
- დავიწყოთ იმით, რომ ყველა ბავშვი და ოჯახი უნიკალურია და საყოველთაო რეცეპტი ოჯახური ცხოვრებისთვის არ არსებობს. ყველა ოჯახს ინდივიდუალური გამოცდილება აქვს და ყველა დედა საკუთარი გულის კარნახით მოქმედებს. საკითხი, როდის უნდა დაიძინოს პატარამ საკუთარ საწოლში, დღემდე საკამათოა. ერთად ძილის მომხრეები თვლიან, რომ დედაც და შვილიც ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, თანაც გრძელდება ღამით კვება. ბავშვთა უმრავლესობა საკუთარ საწოლს ძნელად ეჩვევა და ოჯახს ზედმეტ პრობლემებს უქმნის. მოწინააღმდეგეთა აზრით, ბავშვი მალე უნდა მიეჩვიოს, რადგან დამოუკიდებელი არსებაა და არა დედის ნაწილი.
ახალშობილობის პერიოდში, ფსიქოლოგებისა და ექიმების დიდ ნაწილს დედისა და შვილის ერთად ძილის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ასე უფრო იოლია ძუძუთი კვების განხორციელება, ჩვილების უმრავლესობა ხომ აქტიურად წოვს ძუძუს ღამის საათებში და საწოლში ბავშვის კვება გაცილებით მოხერხებულია, ვიდრე ადგომა, მისი საწოლიდან ამოყვანა და მერე ისევ დაწვენა. ასევე სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი მზად არ არის დედის სხეულთან განშორებისთვის. დედის სურნელი, სითბო, გულისცემა პაწაწინა, უსუსურ არსებას ამშვიდებს. მშობლის საწოლში ჩვილს გაცილებით მშვიდად სძინავს. დადგენილია, რომ ბავშვის გვერდით დედის ტვინის ყველა უჯრედი ფხიზლობს და შვილის ყოველ გაფაჩუნებაზე სწრაფად რეაგირებს. დედაც უკეთ ახერხებს გამოძინებას, როცა ბავშვი გვერდით ეგულება და მთელი ღამე არ დარბის მის საწოლთან, რომ შეამოწმოს, ხომ არ გადაიხადა, ხომ არ გაოფლიანდა, საბანში ხომ არ გაიხლართა, ხომ არ იგუდება.
ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ მშობლებს საკუთარ საწოლში ბავშვის გადაყვანისას დანაშაულის გრძნობა ეუფლებათ. ნუ განიცდით, მართალია, პატარა ოჯახის წევრია, რომელსაც მშობლების მზრუნველობა სჭირდება, მაგრამ ამავე დროს, ისიც უნდა ითვალისწინებდეს მშობლების ინტერესებს. ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ, რომ საერთო საწოლში გვერდითაა მამაც, რომლის ძლიერმა ხელმა ან ფეხმა შეიძლება უნებლიეთ ავნოს. გასათვალისწინებელია, ინტიმური ცხოვრებაც, და თუ მაინცდამაინც ერთად ძილის მომხრე ხართ, ეს მომენტები აუცილებლად მხედველობაში უნდა მიიღოთ.
თუ პატარა დღის განმავლობაში მშვიდად თვლემს საკუთარ საწოლში, რატომ არ შეიძლება, ღამითაც მარტო იძინებდეს?!
და ბოლოს, ძვირფასო მამებო, ბებიებო და ბაბუებო! თქვენ, რა თქმა უნდა, გსურთ, რომ თქვენი პატარა მომავალში ჯანმრთელი, ჭკვიანი, ხალისიანი, ბედნიერი იყოს. ამისთვის როგორც ბავშვს, ასევე დედას მშვიდი და კეთილმოსურნე გარემო უნდა შეუქმნათ, აქტიურად ჩაერთეთ მოვლის და აღზრდის პროცესში, შეუქმენით დედას მყუდრო და თბილი გარემო. გახსოვდეთ, შენიშვნები და დამრიგებლური ტონი მისთვის გამაღიზიანებელია, შეუმსუბუქეთ ფიზიკური შრომა. თქვენი მზრუნველობა თანაბრად სჭირდებათ, დედასაც და ბავშვსაც.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)