რა უნდა გაითვალისწინონ დედებმა ლაქტაციის დროს კვების რაციონის შედგენისას, რა არეგულირებს რძის გამოყოფას და მნიშვნელოვანი პროდუქტები, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის. MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი თათია სხირტლაძე.
- თათია, როგორი უნდა იყოს მეძუძური დედის კვების რაციონი?
- მეძუძური დედის სრულფასოვანი კვება პატარას ნორმალური ზრდისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. იგი უნდა აკმაყოფილებდეს დედის ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე, ცილებზე, ცხიმებზე, ნახშირწყლებზე, რათა უზრუნველყოს სრულფასოვანი რძის წარმოქმნა. არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რამდენი კალორია ესაჭიროება მეძუძურ დედას, მაგრამ საშუალოდ საჭიროა 500 კალორიით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი მდგომარეობისას, რაც დაახლოებით 2000-დან 2500-მდე კალორიას გულისხმობს.
სრულფასოვან, დაბალანსებულ კვებას უზრუნველყოფს რაციონში შემდეგი პროდუქტების არსებობა:
ცილებით მდიდარი რძის პროდუქტები: ყველი, ხაჭო, მაწონი, არაჟანი, რძე, საქონლისა და ქათმის ხორცი, თევზი, კვერცხი
ვიტამინების შემცველი ხილი და ბოსტნეული: ვაშლი, ქლიავი, ალუბალი, ატამი, კენკრა, ციტრუსები (თუ ალერგია არ გაქვთ), კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი და ა.შ.
ცხიმებით მდიდარი - ნაღების კარაქი, ზეითუნის და მზესუმზირის ზეთი
ნახშირწყლების შემცველი - პური, ბურღულეული და მაკარონი
სითხეები: წყალი და ნაკლებად ტკბილი ხილის წვენები.
- კონკრეტულად რა უწყობს ხელს რძის მომატებას?
- რძის გამოყოფას არეგულირებს სპეციალური ჰორმონი - პროლაქტინი, რომელიც გამომუშავდება თავის ტვინში მოთავსებული ჰიპოფიზის წინა ნაწილში და მისი ნორმალური გამომუშავებისთვის ხელსაყრელი პირობებია საჭირო. ყველაზე მნიშვნელოვანია დადებითი ემოციური განწყობა და ხშირი ძუძუთი კვება, ამასთანავე, ხშირი დასვენება, კარგად ბალანსირებული კვება, დღეში 3-4-ჯერ მაინც და საკმარისი რაოდენობით სითხე წყურვილის დასაკმაყოფილებლად.
- იკრძალება თუ არა გარკვეული ტიპის საკვები პროდუქტები ლაქტაციის დროს?
- ძუძუთი კვების დროს დედის კვების რაციონი, ფაქტობრივად, არ იცვლება, თუმცა არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ.
მეძუძურმა ქალმა არ უნდა მიიღოს: ალკოჰოლი, შებოლილი, ზედმეტად ცხიმიანი საკვები და პროდუქტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგია (თუმცა მცირე დოზებით დასაშვებია). უნდა დააკვირდეთ ბავშვის რეაქციას, ხომ არ იწვევს ალერგიას, გამონაყარს ან რაიმე სხვა უარყოფითს და შესაბამისად შეზღუდოთ მისი მიღება.
მეძუძურ დედას ხშირად აინტერესებს შეუძლია თუ არ მიიღოს ყავა. სრულად აკრძალული არაა, თუმცა, აუცილებელია კოფეინის რაოდენობის შემცირება, დღეში არ უნდა აღემატებოდეს 200-300 მგ-ს. (300 მგ. კოფეინს შეიცავს - 2 ჭიქა გაფილტრული ყავა და 4 ჭიქა ჩაი).
- დედები ლაქტაციის დროს დიდი რაოდენობით იღებენ სითხეს (ჩაის), რამდენად უწყობს ხელს რძის მომატებას და კარგია თუ არა ეს ბავშვებისთვის?
- ძუძუთი კვების დროს იმატებს მოთხოვნილება სითხეზე, ჩნდება გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მეძუძურმა დედამ საკმარისი რაოდენობით სითხე მიიღოს. სადღეღამისო დოზა დაახლოებით 1,5-2 ლიტრია. სასურველია, ეს იყოს წყალი, რძე და ნაკლებად ტკბილი ხილის წვენი. რაც შეეხება ჩაის, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის შესახებ, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება ხელს უწყობს რძის მომატებას.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ძუძუთი კვება ოჯახური საქმეა... განვმარტავ და გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას...''
ძუძუთი კვების შესახებ მსახიობი მარიამ ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ძუძუთი კვება ოჯახური საქმეა... განვმარტავ და გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას... ამას დრო, პრაქტიკა და მოთმინება სჭირდება. მახსოვს, სამშობიაროში მე იმდენად გაბრუებული ვიყავი, რომ არც მესმოდა წესიერად, რას მეუბნებოდნენ, გიორგი იმახსოვრებდა, როგორ ჩაგვედო ნიკასთვის ძუძუ და პირველი თვეები ყოველთვის მეხმარებოდა, რადგან ვიყავი ძალიან დაძაბული და მოუქნელი, დაბნეული. ალბათ გიორგიც იყო დაბნეული, მაგრამ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, ფაქტიურად ერთად ვკვებავდით ნიკას.
ძალიან დამეხმარა ლიკა, წინასწარ ვყავდი მომზადებული ამ ყველაფრისთვის და არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო გაგუას კლინიკა, სადაც ძალიან დიდი მონდომებით გიხსნიან, როგორი მნიშვნელოვანია ძუძუთი კვება. კარგია, ბავშვის დაბადებამდე გაერკვეთ ძუძუთი კვების საფუძველში. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს დაგეხმარებათ ძალიან შემდეგი ეტაპებისთვის. ფოტოებისთვის მადლობა ნინის... p.s. გიორგის ტატუს ვახატავ და არ გვაცდის,'' - აღნიშავს მარიამ ნადირაძე.