1. ბავშვი მშობლისგან ყურადღებას ითხოვს
თუ ბავშვი მოულოდნელად ყვირილს იწყებს, შესაძლოა, მას მშობლის ყურადღება ესაჭიროება. ბავშვი ყურადღების მისაქცევად ყველა შესაძლო სტრატეგიას მიმართავს. პატარებმა იციან, რომ ყვირილი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. მშობლებმა უნდა იცოდნენ, როდის უნდა დააიგნორონ ბავშვის ამგვარი ქცევა. თუ ბავშვს რაიმე პრობლემა არ აქვს და ყვირილი მხოლოდ ყურადღების მისაქცევად სჭირდება, უმჯობესია, თუ მშობელი მის ქცევას უყურადღებოდ დატოვებს. ამ შემთხვევაში, ბავშვი ყვირილით ყურადღების მიქცევას მომავალში ნაკლებად შეეცდება.
2. ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებს ამოწმებს
ყვირილი პიკს 18 თვიდან 2 წლამდე ასაკში აღწევს. ამ ეტაპზე ბავშვისთვის ხმამაღლა ყვირილი ახალი აღმოჩენაა. მას აინტერესებს, რამდენად ხმამაღლა შეძლებს დაყვირებას. ბავშვი აღმოაჩენს, რომ მას განსაკუთრებული უნარი აქვს ირგვლივ ყველა გააჩუმოს და ყველას ყურადღება დაიმსახუროს. ამ შემთხვევაში ბავშვის მიმართ პოზიტიური ყურადღება გამოიჩინეთ. ის ხელში აიყვანეთ, თბილად გაესაუბრეთ და დარწმუნდებით, რომ პატარა მალე დაწყნარდება.
3. ბავშვი მშობელთან კომუნიკაციას ცდილობს
როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ სწავლობს მშობელთან კომუნიკაციას და ვერ ახერხებს, რომ მას თავისი სათქმელი გააგებინოს, ის ყვირილს იწყებს. ეს მისთვის ერთადერთი გზაა მშობელი მიახვედროს, რომ რაღაც რიგზე არ არის. ამ შემთხვევაში აჯობებს, თუ ბავშვის ყვირილს სერიოზულად არ აღიქვამთ და მასთან თამაშს დაიწყებთ. ბავშვს უთხარით, რომ მას ყვირილში შეეჯიბრებით და შეამოწმებთ, ვის უფრო ხმამაღლა შეუძლია ყვირილი. შემდეგ კი შეჯიბრი ჩურჩულში გამართეთ. თქვენს პატარას ეს ძალიან მოეწონება.
4. ბავშვი შიმშილის გრძნობას, ბრაზს ან დაღლილობას გამოხატავს
ყვირილის მიზეზი, შესაძლოა, იყოს შიმშილის გრძნობა, ბრაზი ან დაღლილობა. როდესაც ბავშვები ვერ იღებენ იმას, რაც სურთ, ისინი ემოციებს ვეღარ უმკლავდებიან. ისინი მეტისმეტად პატარები არიან იმისთვის, რომ მოთმინება გამოიჩინონ და ფრუსტრაცია დამალონ. ამ უნარების განვითარება მოგვიანებით ხდება. ბავშვის ყვირილს ყვირილით ნუ უპასუხებთ. ეს ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ბავშვს საკუთარი ემოციების გამოხატვაში დაეხმარეთ და გრძნობების ვერბალურად გამოხატვა ასწავლეთ.
5. ბავშვი შფოთავს და თავს არაკომფორტულად გრძნობს
ზოგჯერ ბავშვი ყვირილს იმიტომ იწყებს, რომ ის ახალ გარემოშია, სადაც თავს არაკომფორტულად გრძნობს. შესაძლოა, ახალ გარემოში ზედმეტი ხმაურია, ბევრი ხალხია. იქ არაფერია ბავშვისთვის ნაცნობი და ახლობელი. სწორედ ამიტომ ყვირიან ბავშვები მაშინ, როდესაც ისინი უცხო გარემოში ხვდებიან. ამ შემთხვევაში მშობელმა ბავშვს ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. ბავშვთან ერთად მისი საყვარელი სიმღერა იმღერეთ ან რაიმე ითამაშეთ. ეს მასზე ძალიან დადებითად იმოქმედებს.
6. ბავშვი ენერგიით არის სავსე
ზოგჯერ ბავშვები თამაშის დროს ყვირიან. არ აქვს მნიშვნელობა ისინი მარტო თამაშობენ თუ სხვებთან ერთად. მათ მეტისმეტად ბევრი ენერგია აქვთ, რომელსაც გამოთავისუფლება სჭირდება. ყვირილი ბავშვისთვის სავსებით ნორმალური მოვლენაა. ისინი დადებითი და ნეგატიური ემოციების გამოხატვას სწავლობენ. მათი ხმის ტემბრი ემოციის ცვლილების პარალელურად იცვლება. ბავშვი კარგი ქცევისთვის ყოველთვის დააჯილდოვეთ. ამგვარად ის ემოციების სწორად გამოხატვას უფრო მარტივად ისწავლის.
მომზადებულია brightside.me - ს მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge
-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ ფასდაკლებები დედებისთვის“)