Baby Bag

​უმჯობესია, ძუძუსთვის თავის დანებება დავიწყოთ 6 თვის ასაკიდან - რა უნდა გაითვალისწინოთ ლაქტაციის შეწყვეტისას?

​უმჯობესია, ძუძუსთვის თავის დანებება დავიწყოთ 6 თვის ასაკიდან - რა უნდა გაითვალისწინოთ ლაქტაციის შეწყვეტისას?
ლაქტაციის შეწყვეტა ხშირად რთული ხდება დედებისთვის. რომელია რძის დაშრობის სწორი მეთოდი და რა დროა ოპტიმალური ლაქტაციისთვის თავის დასანებებლად? - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პედიატრიის რეზიდენტი და გადაუდებელი დახმარების განყოფილების უმცროსი ექიმი ნინო ვარდოსანიძე გვესაუბრა.

​- რომელია რძის დაშრობის ყველაზე სწორი მეთოდი, რომ არც ბავშვს და არც დედას არ მიადგეს ზიანი?

​- როდესაც ძუძუთი კვებას ვწყვეტთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ორგანიზმს სჭირდება გარკვეული დრო ლაქტაციის შემცირებისთვის და შემდგომ შეწყვეტისთვის. მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს პირველ ეტაპზე, ვინაიდან ამ დროს ლაქტაცია გრძელდება, მაგრამ ძუძუს დაცლა არ ხდება, იქნება ძუძუს სისავსის შეგრძნება, რაც ნორმალურია, შესაძლოა, იყოს შეხებით მგრძნობიარე, ოდნავ მკვრივი, რაც არასასიამოვნოა. ამ დროს სეკრეტორული ნაწილი ინაქტივირდება და ცხიმოვანი ქსოვილი იმატებს. თუ ძუძუ გვტკივა, შესაძლოა, მივიღოთ ანალგეტიკური საშუალება, ამასთანავე მოხდეს რძის მცირე ოდენობით გამოწველა, სანამ არ ვიგრძნობთ თავს კომფორტულად.

​ძუძუთი კვების შეწყვეტის პერიოდში რძის შემცველობა იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ სეკრეციის (გამომუშავების) უნარი იკლებს, ძუძუ ნაწილობრივ მაინც ფუნქციონირებს გარკვეული დროის განმავლობაში 1-45 დღემდე. ამ პერიოდში რძეში ლაქტოზისა და კალიუმის რაოდენობა მცირდება, ხოლო იმატებს ნატრიუმის, ცხიმისა და ცილის შემცველობა, ამიტომაც არის, რომ ლაქტაციის შეწყვეტის პერიოდში რძე ხდება შედარებით მლაშე.

​ლაქტაციის შეწყვეტის საუკეთესო მეთოდია პროცესის დროში გახანგრძლივება, რომ შედეგს მივაღწიოთ ფიზიოლოგიური გზით.

​არსებობს პროცესისთვის ხელშემწყობი მეთოდები, რომელთა ეფექტურობა სამედიცინო თვალსაზრისით დამტკიცებული არ არის (მაგ: სალბის ჩაი, გაგრილებული კომბოსტოს ფოთლის დაფენა ძუძუზე, B ვიტამინის მიღება).

​კატეგორიულად დაუშვებელია: ძუძუს მჭიდროდ დაფიქსირება (აკვრა), ვინაიდან ამ დროს მასტიტის განვითარების რისკია.

​სითხის შეზღუდვა საკვებ რაციონში მითია და შედეგს არ იძლევა.

​არსებობს ლაქტაციის შეწყვეტის მედიკამენტოზური მეთოდებიც, რომლებიც ლაქტაციის მყისიერად წყვეტს, რაც არასასურველია (მედიკამენტის ჯგუფის დასახელებისგან თავს შევიკავებ). უფრო მეტიც, ლაქტაციის შესამცირებლად იყენებენ მედიკამენტებს, რომელთაც რეალურად სხვა გამოყენება აქვთ სამედიცინო პრაქტიკაში და არა ლაქატაციის შესაჩერებელი.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ძუძუთი კვების შეწყვეტისას მასტიტის განვითარება?

- აუცილებელია, რომ ძუძუთი კვებაზე თავის დანებება იყოს დროში გახანგრძლივებული, რათა პროცესი წარიმართოს ფიზიოლოგიურად. არ შეიძლება ძუძუს მჭიდროდ ფიქსაცია, აუცილებელია სწორი მოვლა და თავისუფალი სამოსი. ვინაიდან საწყის ეტაპზე გარკვეული რაოდენობის რძე მაინც წარმოიქმნება და არ გამოიდინება გარეთ, დისკომფორტის შემთხვევაში შესაძლებელია მცირე რაოდენობით რძის გამოშვება. საშიშროების ნიშნების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
საშიშროების ნიშნებია: ძუძუს შეშუპება, სიწითლე, შესიება, მკვეთრი მტკივნეულობა, ტემპერატურა.

​- ლაქტაციის უცებ შეწყვეტის შემთხვევაში გარდა მასტიტის განვითარებისა, კიდევ რა გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი არსებობს?

​- მასტიტი, ძუძუს აბსცესი, ცხელება, დედისა და ბავშვის გუნება-განწყობილების ცვლილება, კვების პრობლემები ბავშვებში.

​- როდის დავანებებინოთ ბავშვს ძუძუზე თავი?

​- ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში (ნორმალური ზრდა-განვითარებით) დამატებითი საკვები რაციონში შემოგვაქვს 6 თვის ასაკიდან, ხოლო ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში - 4 თვის ასაკიდან. ვინაიდან ძუძუთი კვებისთვის თავის დანებება კომპლექსური პროცესია, სასურველია, რომ იგი დროში გახანგრძლივდეს. როდესაც მოხდება რძესთან შედარებით მყარი საკვების შეთავაზება (ხილფაფა, ბოსტნეულის ფაფა) ამ პერიოდიდან ძუძუთი კვების ჯერადობა ნელ-ნელა შევამციროთ. მაგ: თუ 6 თვის ასაკში ბავშვის ყოველი კვება არის დედის რძე შეგვიძლია, რომ ერთი კვება ჩავანაცვლოთ ბოსტნეულის ფაფით (აუცილებელია, რომ ყოველი ახალი კომპონენტი საკვებ რაციონში შევიტანოთ ეტაპობრივად).

​უმჯობესია, ძუძუსთვის თავის დანებება დავიწყოთ 6 თვის ასაკიდან, როდესაც საკვებ რაციონში ნელ-ნელა შემოდის ახალ-ახალი პროდუქტები.

​გასათვალისწინებელია, რომ 6 თვის ასაკის შემდგომ დედის რძე ზრდა-განვითარებისთვის საკმარის რკინის, ცილის და სხვა მიკრო და მაკრონუტრიენტების საჭირო რაოდენობას ვერ უზრუნველყოფს, რის გამოც აუცილებელია დამატებითი კვება.

​როდესაც ვამბობ, რომ ძუძუზე თავის დანებებას ვიწყებთ 6 თვის ასაკიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 7 თვის ბავშვი დედის რძეს არ იღებდეს. დედის რძეს ბავშვი შესაძლოა, 1,5 წლის ასაკშიც იღებდეს, მაგრამ არ უნდა ველოდოთ, რომ ამ ასაკში დედის რძე ბავშვს საკვებ მოთხოვნილებებს დაუკმაყოფილებს, შესაბამისად, ვერ იქნება როგორც ცალკე კვება.

​ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროცესმა ჩაიაროს, როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის მშვიდობიანად. და ბოლოს - ძუძუთი კვება ახალშობილის უფლებაა.

- რა შეიძლება იყოს ძუძუთი კვების დედისმხრივი უკუჩვენება?

- ძუძუთი კვების უკუჩვენებაა - დედის ტუბერკულოზი (არანამკურნალები, აქტიურ ფაზაში), ბრუცელოზი (არანამკურნალები), ჰერპეს ვირუსული გამონაყარი მკერდზე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, ადამიანის თ ლიმფოტროპული ვირუსი ტიპი 1 ან 2, ებოლა ვირუსი, ნარკოტიკული საშუალების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარება, ქიმიოთერაპია.
პ.ს. ძროხის რძის მიცემა 1 წლამდე ასაკში დაუშვებელია, ამიტომ თუ გარკვეული ფაქტორების გამო დედის რძის მიცემა შეუძლებელია, აუცილებელია ბავშვმა მიიღოს რძე ფორმულის სახით.


​ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი

„მშობლებს ვურჩევ, ჩვილის კვება დაიწყონ ბოსტნეულის ფაფებით, რადგან, როცა ხილის ფაფებით იწყე...
რა გავითვალისწინოთ ჩვილების კვებასთან დაკავშირებით და რომელი თვიდან რა პროდუქტი შევიტანოთ პატარას რაციონში? - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ​MomsEdu.ge ​პედიატრიის რეზიდენტ და სას...
​„ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს 2 წლამდე - ძლიერი იმუნიტეტისათვის, შემდეგ კი დედისა და ბავშ...
რატომ არის ძუძუთი კვება არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ დედისთვისაც მნიშვნელოვანი, როგორია ძუძუთი კვების სტატისტიკა საქართველოში და როდის არის ოპტიმალური დრო ძუძუთი კვების დანებებისთვის? - ამ და ს...