Baby Bag

რატომ უნდა ეძინოს ბავშვს სიბნელეში?

რატომ უნდა ეძინოს ბავშვს სიბნელეში?

ძილის დროს ორგანიზმი ბიოლოგიური სისტემის აღდგენას და გაძლიერებას ახერხებს. მნიშვნელოვანია, რომ ძილის დროს არაფერი გვაწუხებდეს, არც ზედმეტი ხმაური, არც შუქი. განსაკუთრებით ​მნიშვნელოვანია, რომ ბნელ საძინებელში გვეძინოს, რადგან ჰორმონი მელატონინი სიბნელეში გამომუშავდება. როდესაც ორგანიზმში ჰორმონ მელატონინის დეფიციტი არ არის, ავადობის სიხშირე მნიშვნელოვნად იკლებს, ბედნიერების ხარისხი კი მატულობს.

ჩვენს სტატიაში იმ მიზეზებზე გესაუბრებით, რომელთა გამოც თქვენი პატარა საწოლში დროულად უნდა დააწვინოთ და მას საძინებელში კომფორტული პირობები შეუქმნათ.

22 საათზე ორგანიზმში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ორმაგდება და სხეულის ტემპერატურა იკლებს. დაახლოებით ერთ საათში თითოეულ უჯრედში აღდგენითი პროცესები იწყება. ​ღამის თორმეტი საათისთვის ჩვენს ცნობიერებას ძილი იპყრობს, ტვინი კი მუშაობას განაგრძობს. ღამის პირველ საათზე ძილი ზედაპირულია. ღამის ორ საათზე ადამიანის ორგანიზმში ღვიძლის გარდა ყველა ორგანო ისვენებს. ღამის სამი საათისთვის არტერიული წნევა ქვეითდება, გულისცემა და სუნთქვის სიხშირე იკლებს.

ღამის ოთხ საათზე ტვინს მცირე რაოდენობის სისხლი მიეწოდება და ის გაღვიძებისთვის მზად არ არის. ღამის ხუთ საათზე თირკმელი ისვენებს და კუნთები განიტვირთება. დილის ექვსი საათიდან ორგანიზმი გაღვიძებისთვის იწყებს მზადებას. დილის შვიდი საათისთვის იმუნური სისტემა გაჯანსაღებულია.

​სრულფასოვანი ძილი აუცილებელია ბავშვის ნორმალური განვითარებისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის. იმისთვის, რომ ბავშვმა კარგად გამოიძინოს, მას სიბნელეში უნდა ეძინოს. თუ ბავშვის ორგანიზმში ჰორმონ მელატონინის დეფიციტი შეიქმნა, მისი ძილ-ღვიძილის რეჟიმის მოწესრიგება და რეგულაცია გართულდება, რაც პატარას განწყობაზე ნეგატიურად აისახება.

მომზადებულია​ brightside.me - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

8 თვის ბავშვს უნდა შეეძლოს თქვას „დედა,“ „მამა“ - მეტყველების თერაპევტი ნანა ვაშაძე

8 თვის ბავშვს უნდა შეეძლოს თქვას „დედა,“ „მამა“ - მეტყველების თერაპევტი ნანა ვაშაძე

მეტყველების თერაპევტმა ნანა ვაშაძემ ბავშვებში მეტყველების განვითარების ეტაპებზე ისაუბრა:

„მშობელმა დაბადებიდან უნდა აწარმოოს ბავშვზე დაკვირვება. იწყება ღუღუნი, ტიტინი. 6-8 თვის ასაკიდან ხდება მარცვლების წარმოთქმა. 8 თვის ბავშვს უნდა შეეძლოს თქვას „დედა,“ „მამა.“ წლიდან უკვე იწყება: „მომე“ და თითოეული ფრაზების წარმოქმნა. ორწლინახევრიდან, სამი წლიდან ბავშვი იწყებს წინადადებებით საუბარს.“

ნანა ვაშაძის თქმით, მეტყველების განვითარებაში მემკვიდრეობით ფაქტორს დიდი მნიშვნელობა ენიჭება:

„არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია, გოგო, ბავშვმა უნდა დაიწყოს დროულად მეტყველება. მემკვიდრეობით ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. ​როდესაც დავინახავთ, რომ სამი წლიდან ბავშვი არ მეტყველებს, ვტეხთ განგაშს და მივდივართ ექიმთან.“

„ორენოვან ოჯახში ბავშვი ყოველთვის დააგვიანებს ლაპარაკის დაწყებას. მიზანშეწონილია ჯერ ვისაუბროთ ერთ ენაზე და შემდეგ გადავიდეთ უცხო ენაზე. როდესაც ორენოვანი ოჯახია, ხდება შეთანხმება მეუღლეებს შორის, რა ენაზე ისაუბრონ. საუბარი ერთ ენაზე უნდა ხდებოდეს. ბავშვი ადრეულ ასაკში მარტივად ითვისებს ენებს, მაგრამ მთავარია, რომ ჯერ მშობლიური ენა ისწავლოს. ბავშვმა ჯერ ერთ ენაზე უნდა იაზროვნოს და მერე ადვილად აითვისებს ხოლმე უცხო ენასაც,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად