Baby Bag

როგორ ავირიდოთ თავიდან სტრიები და რომელი საშუალებაა ყველაზე ეფექტური?

როგორ ავირიდოთ თავიდან სტრიები და რომელი საშუალებაა ყველაზე ეფექტური?

სტრიები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით ორსულებში. რა საშუალებები არსებობს მათი პრევენციისთვის და რით ვუშველოთ უკვე გაჩენილ სტრიებს? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია.

- ბატონო ზაზა, როგორ ავირიდოთ თავიდან სტრიები, განსაკუთრებით ორსულებმა?

- რეალურად, ძალზე ეფექტური საშუალება არ არსებობს. გენეტიკური წინასწარგანწყობა თამაშობს დიდ როლს, თუმცა ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა არის, უფრო ხშირად და ინტენსიურად დაატენიანოს კანი. დატენიანების შემთხვევაში იზრდება მისი ელასტიურობა, შესაბამისად, შესაძლებელია ამით თავიდან ავირიდოთ. სხვა საშუალებები, როგორიც არის აფთიაქში შერჩეული პროდუქცია, სამწუხაროდ, მათზე სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, რომ ახდენს პრევენციას. შესაბამისად, ერთადერთი რჩევა, რაც შეიძლება გათვალისწინებულ იქნას, არის ინტენსიური დატენიანება.

- რა ბუნებრივი საშუალებები შეიძლება გამოიყენოს ორსულმა პრევენციისთვის?

- როგორც უკვე ვთქვი, დამატენიანებლები, თუ ბუნებრივ საშუალებებში ეს იგულისხმება. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია თეთრი ვაზელინი, რომელიც იცავს კანს, როგორც დაზიანებისგან, ასევე მას ელასტიურობას ანიჭებს. ამით შესაძლებელია სტრიების განვითარების პრევენცია.

- სტრიების გაჩენის შემდეგ, რით შეიძლება მოვუაროთ?

- სამწუხაროდ, სტრიების არსებობის შემთხვევაში დღეისათვის მედიცინას არ გააჩნია საშუალება, რითაც შეიძლება გავაქროთ, ამიტომ უკვე გაჩენილ სტრიებს, რეალურად, ვერც ვერაფერს ვუშველით.

- რომელი ტიპის კანია უფრო მიდრეკილი სტრიების გაჩენისკენ?

- კანი, რომელსაც ნაკლები ელასტიურობა აქვს და რომელიც უფრო სიმშრალისკენ არის მიდრეკილი, მას უფრო მეტი რისკი აქვს იმისა, რომ სტრიები გაჩნდეს. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, გენეტიკური წინასწარგანწყობა თამაშობს დიდ როლს. სხვა მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები, რა თქმა უნდა, არის ისეთი, როგორიც არის წონის მომატება. ამ დროს უფრო მეტი ალბათობა და რისკია, რომ სტრიები გაჩნდეს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედებ​ის ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად