,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
სად არ უნდა შევიძინოთ კვერცხი და ხორცი სააღდგომოდ - რეკომენდაციები
სააღდგომო დღეებში კვერცხისა და ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცისა და კვერცხის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის, ხორცპროდუქტებისა და კვერცხის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და პროდუქტების შენახვის პირობები.
სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.
გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;
თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან ("წარმოშობა − საქართველო"), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.
ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.
ამასთან, როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რიგ შემთხვევებში, სააღდგომოდ სარეალიზაციოდ გამოტანილი კვერცხი დიდი ხნის ნაგროვებია, მაშინ როცა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხის შენახვა ხდება 0°C‑დან 10°C‑მდე, შესაძლოა მომხმარებლისთვის კვერცხის მიწოდება მოხდეს მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში და არაუმეტეს ამ პერიოდისა.
კვერცხის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდგომ გარემოებებს:
კვერცხი შეიძინოს ისეთ ადგილებში სადაც ჰიგიენური და შენახვის ნორმები დაცულია;
მაცივარში ან სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭელში მოთავსებამდე კვერცხი უნდა გაირეცხოს — სასურველია დაცული ხელებით;
იმისთვის, რომ კვერცხი მოხმარებისთვის უსაფრთხო იყოს, იგი გულდასმით უნდა მოიხარშოს ან შეიწვას.
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები.