Baby Bag

როგორ აღვზარდოთ მშვიდი ბავშვი?

როგორ აღვზარდოთ მშვიდი ბავშვი?

მშვიდი შვილის აღზრდა ნებისმიერი მშობლის ოცნებაა. ყველას სურს, რომ ბავშვს დაბრკოლებებთან გამკლავება ზედმეტი დაძაბულობის გარეშე შეეძლოს და სტრესორებთან შეჯახებისას ჭარბ მღელვარებას არ განიცდიდეს. ბავშვის ხასიათის სიმტკიცის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს მშობელი ასრულებს. ჩვენს სტატიაში შვიდ რჩევას შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით ბავშვს მშვიდ, გაწონასწორებულ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარებით.

1. ყოველთვის შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ დანებდეთ

ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ნერვიულ ბავშვებს გაუწონასწორებელი მშობლები ჰყავთ. თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი მშვიდი ადამიანი იყოს, პირველ რიგში, საკუთარი თავის დამშვიდებით დაიწყეთ. ეცადეთ, ყოველდღიურობაში უფრო მეტად პოზიტიურ შეგრძნებებზე ორიენტირდეთ, ვიდრე ნეგატიურზე. თავი ხშირად გაიმხნევეთ. შვილს წინამძღოლობა გაუწიეთ და მის დასჯაზე ნუ იქნებით ორიენტირებული. უმნიშვნელო სირთულეებს თქვენი განწყობის გაფუჭების ნება არ მისცეთ. მომავალზე ორიენტირებული იყავით, რათა ბავშვს სიმშვიდის შენარჩუნებაში დაეხმაროთ.

2. გახსოვდეთ, რომ ბავშვი ბავშვია

ბავშვი ისტერიკას თუ გიწყობთ ან სხვა სახის დესტრუქციულ ქცევას ავლენს, ძალიან რთულია იმის გახსენება, რომ პატარებს საკუთარი ემოციების კონტროლი უჭირთ. ყველაზე ჭკვიან, გაწონასწორებულ, იდეალური ხასიათის მქონე პატარებსაც კი არ შეუძლიათ სრულად აკონტროლონ საკუთარი ემოციები. თუ ბავშვს ზრდასრული ადამიანივით მოექცევით, მას შფოთვა დატანჯავს. ბავშვის ნეგატიური ქცევის მოტივები ზრდასრული ადამიანის პოზიციიდან არასდროს შეაფასოთ. გაითვალისწინეთ, რომ პატარები ხშირად მიუღებელ ქცევას უმანკო სურვილების დაკმაყოფილების მიზნით ახორციელებენ.

3. მიეცით ბავშვს ის, რაც მას სჭირდება და არა ის, რაც თქვენი აზრით უნდა სჭირდებოდეს

მშობლები ხშირად ღელავენ. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, რა სჭირდებათ მათ შვილებს უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის. მშობლებს ხშირად უჭირთ რეალობის დანახვა და ბავშვების საჭიროებების სწორი შეფასება, რაც პატარებში შფოთვასა და უკმაყოფილებას იწვევს. ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, რომ შვილების სურვილები მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასონ და ბავშვების საჭიროებები მხოლოდ საკუთარ ვარაუდებზე დაყრდნობით არ განსაზღვრონ.

4. შეცვალეთ თქვენი მოლოდინები

ბავშვის მიმართ ჭარბი მოლოდინები თუ გაქვთ, მას ამით ძალიან აზიანებთ. ეს ბავშვზე უდიდეს ზეწოლას ახდენს. ეცადეთ, ადეკვატურად შეაფასოთ თქვენი შვილის პიროვნული მახასიათებელი და თავი შეიკავოთ მისი მომავლის ზედმიწევნით დაგეგმვისგან. ტემპერამენტიან ბავშვს ნუ მოსთხოვთ, რომ ყოველთვის მშვიდად და წყნარად იყოს. ის ამას ვერ შეძლებს. როდესაც ბავშვი მიუღებელ ქცევას ავლენს ან ისტერიკას აწყობს, გაიხსენეთ, რომ ის მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც ამ სამყაროში ცხოვრობს, მისი გამოცდილება მიზერულია, რაც ბავშვის დანაშაული არ არის.

5. ისწავლეთ ბავშვის დამშვიდება

ბავშვის დასამშვიდებლად სპეციალური გზების გამონახვა შეგიძლიათ. პატარებზე დადებითად მოქმედებს იოგა, მედიტაცია, მშობლის ჩახუტება, საუბარი. ნებისმიერ მსგავს აქტივობაში ბავშვთან ერთად თქვენც უნდა ჩაერთოთ, რათა სიმშვიდის შენარჩუნება თავადაც შეძლოთ.

6. ბავშვს მოწესრიგებული რუტინა უნდა ჰქონდეს

დაღლილი ან უძილო ბავშვი მშვიდი ვერასდროს იქნება. მართალია, მშობელი შვილის ცხოვრების ყველა ასპექტს ვერ გააკონტროლებს, მაგრამ ბავშვის კვებისა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება მისი ვალდებულებაა. ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როდესაც სადმე მიემგზავრებით, ბავშვი საკვებით დროულად უნდა უზრუნველყოთ. ეცადეთ პატარები მაქსიმალურად ჯანსაღად კვებოთ, ბავშვს ყოველთვის სრულფასოვნად უნდა ეძინოს. თუ შვილს ძიძა გიზრდით, აღნიშნული წესები მანაც უნდა დაიცვას. სხვაგვარად ბავშვი სიმშვიდის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

7. ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა განუვითარეთ

ბავშვი სტრესთან გამკლავებას ვერ ისწავლის, თუ დამოუკიდებელი ადამიანი არ არის. როდესაც ბავშვი რაიმე ახალს ითვისებს, მაგ. მაღვიძარას დამოუკიდებლად აყენებს ან ფეხსაცმლის თასმას იკრავს, მან მომავალშიც უნდა განაგრძოს აღნიშნული ქმედებების დახმარების გარეშე შესრულება. როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას, მისი თავდაჯერება მატულობს, რაც მის განწყობაზე დადებითად აისახება.

ბავშვთან მომთმენი და გამგებიანი იყავით. როდესაც თქვენი შვილი ცუდად იქცევა, საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ ეს დროებითია. ბავშვები გამოცდილების შეძენასთან ერთად ქცევას მნიშვნელოვნად იცვლიან. ეცადეთ თქვენს შვილს დადებითი გამოცდილების შეძენაში დაეხმაროთ.

მომზადებულია ​care.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

როგორ აღვზარდოთ თავდაჯერებული ბავშვი?
ბავშვებს თავდაჯერებას არა მშობლების და ნათესავების მხრიდან ქების მოსმენა, არამედ საკუთარი მიღწევები მატებთ. ისინი საკუთარ შესაძლებლობებში რწმუნდებიან, როდესაც ახალ უნარებს იძენენ და ცოდნას იღრმავებენ....