Baby Bag

„ბავშვი სიტყვებზე მეტად სხეულის ენას ენდობა, მან იცის, რომ სიტყვებით ადამიანები ტყუიან,“ - ტრენერი ია ბერსენაძე

ტრენერი ია ბერსენაძე გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვებთან კომუნიკაციისას სხეულის ენის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვები სიტყვებს ნაკლებად ენდობიან:

„ბავშვმა იცის, რომ სიტყვებით ადამიანები ტყუიან. ის ამას შესწრებია. შეუძლებელია, რომ მას ეს არ გამოეცადა. ჩვენ ვეუბნებით ბავშვებს: „ეს არ უთხრა მეზობელს,“ ან „ლია დეიდა რომ მოვა, ამას ნუ ეტყვი.“ შეიძლება ჩვენ ამას ძალიან კეთილი მიზნებით ვეუბნებით ბავშვს, მაგრამ ეს მისთვის ინფორმაციაა. მან უკვე იცის, რომ სიტყვები ტყუიან, ამიტომ ის სხეულის ენას უყურებს, როგორც ძალიან გულწრფელ არხს. ითქმის, რომ სხეულის ენა არასდროს ტყუის, ის ძალიან გულწრფელია. გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაზე გულწრფელია ფეხები. პოკერის მოთამაშემ ძალიან კარგად იცის, როგორ მართოს სახე და თვალი, მაგრამ თუ მაგიდის ქვეშ მის ფეხებს დავინახავთ, მაშინვე მივხვდებით, ტყუის თუ არა.“

ია ბერსენაძის თქმით, სხეულის ენა მეტყველებამდე არსებობდა, რის გამოც მისი ძალა საკმაოდ დიდია:

„ბავშვი სიტყვებზე მეტად სხეულის ენას ენდობა. თუ სხეულის ენა და სიტყვები ერთმანეთს არ ემთხვევა, მას გაორება აქვს. ის ინფორმაციას ფილტრის ქვეშ ატარებს. მეტყველებამდე არსებობდა სხეულის ენა. თუ თქვენ მე გაბრაზებული სახით მიყურებთ, მაშინაც კი, როდესაც მეუბნებით, რომ კმაყოფილი ხართ ჩემი ქცევით, ჩემთვის თქვენი შეჭმუხნული სახე უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე სიტყვები. ამიტომ თქვენს სიტყვებს ეჭვქვეშ ვაყენებ.“

ია ბერსენაძის მტკიცებით, ბავშვების ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია, რომ მშობელი გულწრფელი იყოს:

„გამოსავალი ყოველთვის არის გულწრფელობა. ჩვენი სხეულის ენა და სიტყვები ერთსა და იმავე ემოციაზე უნდა მიუთითებდეს. ამას ბავშვი აუცილებლად იგრძნობს. ყველაზე პატარა ბავშვსაც მისთვის გასაგებ ენაზე შეიძლება ძალიან რთული რამ აუხსნათ. მან შეიძლება კოგნიტურად ეს ვერ გაიგოს, მაგრამ ემოციურად თუ სწორ გზავნილს გადასცემთ, ის ამას სწორად მიიღებს, გენდობათ და დაიწყებს რეფლექსიას. ბავშვის მიმღებლობა უფრო მაღალი იქნება და მას წინააღმდეგობა არ ექნება."

„როდესაც რთულ თემებზეა ოჯახში საუბარი, მშობლები ხშირად ამბობენ: „ჯერ პატარაა, ვერ გაიგებს, გაიზრდება და მერე ვეტყვი.“ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს. ბავშვს ნებისმიერ ასაკში უნდა აუხსნათ, თუ რა ხდება,“- აღნიშნავს ია ბერსენაძე.

წყარო: ​იმედის დღე

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„აღზარდეთ საკუთარი თავი, ვიდრე შვილების აღზრდას დაიწყებთ,“ - ცნობილი ინდოელი გურუს რჩევები...
​„ბავშვი სიცოცხლესთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე თქვენ. როდესაც ის ქვეყანას ევლინება, ცხოვრება თავიდან უნდა გაიცნოთ. ბავშვს მეგობარი სჭირდება და არა უფროსი. შვილს ჩვენს იდეებს თუ მოვახვევთ თავს, ის თავისუფ...

შეიძლება დაინტერესდეთ

იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი გამოცდილება, თუ თქვენც ახლა აპირებთ დანებებას

იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი გამოცდილება, თუ თქვენც ახლა აპირებთ დანებებას

ძუძუთი კვება რომ ​უალტერნატივოა, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. თუმცა დგება მომენტი, როცა თქვენს პატარას ძუძუთი კვებაზე თავი უნდა დაანებებინოთ. ამისთვის დედები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. რა რჩევას აძლევს მეძუძურ დედებს ნუკი - ნახეთ მისი პოსტი, რომელიც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა:

„მოკლედ მეგობრებო, ასეთი ამბავია.. შევწყვიტე ჭმევა ჯერ კიდევ ბათუმში რომ ვიყავი, ოღონდ ეს გავაკეთე ძალიან უცბათ და უეცრად, რაც იყო შეცდომა!!!!! ეგრევე გამიმაგრდა, ამტკივდა და მივხვდი რომ უნდა მიმეცა ისევ... შემდეგ დღეს არ ვაჭამე მთელი დღე და ვაჭამე მხოლოდ ღამე.. ამით წოტა ვიმცირებდი რძეს. ასე 3-4 დღე. მერე თბილისში ჩამოვედით და კიდევ ერთხელ ვცადე, ამჯერად გადავიკარი და არც ღამით მივეცი. პირველი ღამე წიოდა და კიოდა, გულმა არ გამიძლო და იოგურტი მივეცი( დიდი შეცდომა). მომდევნო დღეებში გავიაზრე, რომ უბრალოდ ვუნაცვლებდი ძუძუს იოგურტით.. თქვენი კომენტარებიც რომ წავიკითხე, იოგურტიც წავართვი. ზუსტად 3 დღეე!!! მოითმინეთ წკმუტუნი და ბავშვი დაიძინებს, თან როგორ!!! აქამდე თუ ეღვიძებოდა ღამე და ჭამდა, ახლა მთელი ღამე სძინავს. ერთადერთი ეცადეთ, რამე ნოყიერი მისცეთ ძილის წინ. მე ვაძლევ ფაფას. იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი გამოცდილება, თუ თქვენც ახლა აპირებთ დანებებას.. უი და სხვათაშორის იმაზე ვდარდობდი აწი ვეღარ ჩავეხუტები ისე-თქო და თურმე პირიქით, სულ მკოცნის და მეხვევა ღამე.“


წაიკითხეთ სრულად